ლიგის თასი: 87+ ერიკ-სენი

AutoSharing Option
"შეფილდ იუნაიტედმა" და "ტოტენჰემმა" ლიგის თასის ნახევარფინალის საპასუხო მატჩში დიდი დრამა შემოგვთავაზეს. "დეზებს" პირველი დუელი ანდროს თაუნსენდის პენალტით ჰქონდათ მოგებული და შეფილდელებმა იმ შეხვედრაშიც დიდი ომი გაუმართეს მეტოქეს. ამიტომაც "ბრემოლ ლეინზე" მასპინძლების მიერ ღირსეულ თამაშს არ გავუკვირვებივართ.

ლონდონელებმა პირველი ტაიმი კრისტიან ერიკსენის ულამაზესი საჯარიმოთი მოიგეს და 77-ე წუთამდე იგებდნენ კიდეც. მერე კი "შეფილდის" ახალი ფორვარდის, 18 წლის ჩე ადამსის ჯერი დადგა. ნორჩი თავდამსხმელი, რომელიც მინდორზე 74-ე წუთზე შევიდა, 77-ეზე პირველი გოლით გამოირჩა, ხოლო 79-ეზე უკვე წინ გაიყვანა გუნდი.

გამომდინარე იქიდან,
რომ ინგლისის ლიგის თასზე სტუმრად გატანილი გოლის წესი არ მოქმედებს, მატჩი დამატებით დროში უნდა გადასულიყო, მაგრამ... ადამსს პოტენციური გმირობა იმავე ერიკსენმა წაართვა, რომელმაც 88-ე წუთზე ჰარი კეინის პასით შეაგდო და "დეზებს" დამატებითი ნერვიულობა აარიდა. გავიხსენოთ, რომ დანიელმა ამ სეზონში პრემიერლიგაში 3 გოლი გაიტანა 87-ე წუთის მერე და ამ ბურთებით თავის გუნდს 9 ქულა მოუტანა. ახლა კი მან მატჩის მიწურულს გატანილით "ტოტენჰემი" თასის ფინალში გაიყვანა.

აი, ადამსი კი აუცილებლად მიიქცევს ბევრი გუნდის ყურადღებას. მისი გოლები უდიდესი სენსაციისთვის საკმარისი არ გამოდგა, მაგრამ თავად ეს გოლებიც დიდი და სასიამოვნო მოულოდნელობა გახლდათ. ეს ბიჭი ახალ წლამდე ჯერ კიდევ სამოყვარულო დონეზე თამაშობდა და ახლა უკვე თავისი პირველი პროფესიონალური გოლები გაიტანა, თანაც, როგორ მეტოქესთან.

სხვათა შორის, ერთ-ერთი მატჩისას მის სანახავად 45 სკაუტი იყო მისული, მაგრამ საბოლოოდ "შეფილდ იუნაიტედმა" ყველას აჯობა.

სხვას ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ეს ნორჩი ფეხბურთელი, რომელსაც ნახევარმცველადაც შეუძლია თამაში და უფრო თავდამსხმელობს, თავისი სრული სახელ-გვარითაა ძალიან საინტერესო - ჩე ზაკ ევერტონ ფრედ ადამსი...

"სამართებლების" მთავარი მწვრთნელი ნაიჯელ კლაფი: "ჩემი ბიჭებით უაღრესად ამაყი ვარ. ისეთ გუნდთან, როგორიც "ტოტენჰემია", ძალიან კარგად ვითამაშეთ. 2:1-ზე მომენტი კიდევ გვქონდა და გული დაგვწყდა, რომ ფინალამდე სულ ცოტა დაგვაკლდა. საბოლოოდ, მეტოქის უფრო მაღალმა კლასმა მაინც იჩინა თავი".

"ჩვენ არ გვეშინია და "ჩელსისთან" ფინალისთვის შიშის გარეშე მოვემზადებით. ვფიქრობ, კარგი შოუ იქნება. "უემბლიზე" მოხვედრა ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და ყველანი ბედნიერები ვართ. როგორც იცით, ჯარიმები ადრეც გამიტანია, მაგრამ ეს ერთ-ერთი საუკეთესო გახლავთ. თავადაც გამიკვირდა, იმ მანძილიდან ასეთი ზუსტი დარტყმა რომ გამომივიდა, არადა, ჯარიმებზე ხშირად და ბევრს არ ვვარჯიშობ. მეტოქე კი ჩინებულად გამოიყურებოდა. "შეფილდს" პრემიერლიგაშიც შეუძლია თამაში" - განაცხადა 22 წლის ერიკსენმა.

გავიხსენოთ, რომ მეორე ნახევარფინალურ წყვილში "ჩელსიმ" "ლივერპულს" აჯობა და 1-ელ მარტს "ლურჯები" "ტოტენჰემს" დაუპირისპირდებიან. სწორედ ეს კლუბები შეხვდნენ ლიგის თასი ფინალში 2008 წელსაც და მაშინ "ტოტენჰემმა" მოიგო, რის მერეც ამ გუნდს ტიტული აღარ მოუპოვებია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული