ის სამოცდამეათე წელიწადშია, მაგრამ ძველი მოქიშპის არსენ ვენგერის კრიტიკას ვერ ეშვება - სერ ალექს ფერგიუსონზე მოგახსენებთ. გუშინ „იუნაიტედმა“ „სტოკთან“ ითამაშა. როგორც წესი, მატჩისწინა ინტერვიუში მოწინააღმდეგეს თავს არავინ ევლება - დიპლომატიურად შეაქებენ ხოლმე და ეგ არის, მაგრამ ფერგიმ სხვანაირი ქცევა ამჯობინა: ოღონდ კი ვენგერი გაეკრიტიკებინა და მეტოქე დაიცვა. მოგეხსენებათ, ვენგერს „სტოკ სიტი“ არ უყვარს, ამბობს, რომ ტონი პულისის გუნდი უხეშად თამაშობს. ფრანგ მწვრთნელს სტოკელები განსაკუთრებით მას მერე შესჯავრდა, რაც გასული წლის თებერვალში რაიან შოუკროსმა მის ფეხბურთელ აარონ რემსის ფეხი მოსტეხა. ფერგიუსონმა
„ხალხი სტოკელთა ძალისმიერ ფეხბურთს აკრიტიკებს, მაგრამ ხომ უნდა დავინახოთ, რომ ეს გუნდი აკეთებს იმას, რაც ყველაზე მეტად ეხერხება. რამდენადაც ვიცი „სტოკის“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრიტიკოსი არსენ ვენგერია, მაგრამ მას ხშირად ზედმეტი მოსდის და მთავარ საკითხს სცილდება ხოლმე. ასე მაგალითად, ჩვენთან დამარცხების შემდეგ ვენგერმა „ოლდ ტრეფორდის“ მინდორი გააკრიტიკა, მაგრამ მე ნამდვილად ვერ გავიგე რატომ.
მე ტონი პულისს უდიდეს პატივს ვცემ. აღფრთოვანებული ვარ თუ როგორ უმკლავდება მის თავს დატეხილ კრიტიკას. ერთადერთი, რასაც კრიტიკოსები მის წინააღმდეგ ლაშქრობებით აღწევენ, „სტოკისთვის“ დამატებითი სტიმულის მიცემაა“.
ზოგადად კი სერ ალექსს მიაჩნია, რომ პრემიერლიგის მიმდინარე ჩემპიონატი ხუთი გუნდის დავაში ჩაივლის. ხუთი ცხენის დოღიაო, ბრძანა „იუნაიტედის“ თავკაცმა, რომელიც ელის, რომ ამ სეზონში ჩემპიონობას 82 ქულაც ეყოფა. ასე ცოტა ქულით პრემიერლიგის ტიტული კარგა ხანია არავის მოუგია. უფრო დაზუსტებითაც შეიძლება თქმა: 10 წლის წინ, როდესაც „იუნაიტედმა“ პირველი საჩემპიონო ჰეთ-თრიკი შეასრულა, „არსენალის“ 10 ქულით ჩამოსატოვებლად სულ 80 ქულა ეყო. მას შემდეგ საორიენტაციო რიცხვი 90 გახლდათ. ქულათა ასეთ რაოდენობას ერთხელ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ გადაამეტა, მეორედ „არსენალმა“ და მას მერე, რაც ფერგიუსონისა და ვენგერის დავაში ჟოზე მოურინიოც ჩაერთო, ორჯერ „ჩელსიმ“.
მიმდინარე სეზონში კი ყველაფერი პირიქითაა. ნაცვლად იმისა, რომ ქულათა თამასა მაღლა ლიდერებმა აწიონ, ქვედა გუნდები აგროვებენ იმაზე მეტს, ვიდრე წინა წლებში აგროვებდნენ. თან, ქვედა გუნდებში მხოლოდ „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ რანგისა და პოზიციის გუნდებს კი არ ვგულისხმობთ, არამედ კიდევ უფრო დაბლა მდგომებსაც, მაგალითად, „სანდერლენდსა“ და „ბოლტონს“.
ფერგიუსონი ამბობს: „ამ სეზონში 90 ქულის ფარგლებში ვერავინ დააგროვებს. ვფიქრობ, ჩემპიონი გახდება გუნდი 82 ან 83 ქულით, ეს კი შვიდი ქულით ნაკლებია იმაზე, რასაც „ჩელსი“ და ჩვენ საუკეთესო სეზონებში ვაგროვებდით. ეს რას ნიშნავს? არა მგონია ეს იმას ნიშნავდეს, რომ ჩვენ ან „ჩელსი“ დავძაბუნდით, უბრალოდ პრემიერლიგა ძალიან ძლიერი ლიგაა“.
პრემიერლიგა რომ ძლიერია ჩემპიონობის კანდიდატთა რაოდენობაც ადასტურებს.
„რამდენიმე ტურია ჩემზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას „ტოტენჰემი“ ახდენს. როგორც ჩანს ეს გუნდი იქამდე გაიზარდა, რომ ტიტულისთვის იბრძოლოს და თან კარგადაც მიუდის საქმეები. „ნიუკასლთან“ ათი კაცითაც კი უტევდნენ. შეტევის გარდა მათ კონტრშეტევაზეც შესანიშნავად შეუძლიათ თამაში. „სფურზში“ ხომ საამისოდ ისეთი ფეხბურთელები თამაშობენ, როგორებიც არიან დეფო, ლენონი და ბეილი. ერთი სიტყვით, „ტოტენჰემჰოთსპური“ უეჭველად იბრძოლებს ჩემპიონის ტიტულისთვის და რასაკვირველია, პრეტენდენტთა შორის იქნება „ჩელსიც“, რომელიც მალე კრიზისს დაძლევს. ამგვარად, მიმდინარე სეზონში ინგლისის ჩემპიონობას არც მეტი არც ნაკლები ხუთი გუნდი უმიზნებს“.
შემდეგ კი ფერგიუსონმა კალენდარზე ილაპარაკა: „ჩვენ რამდენიმე კონკურენტთან სტუმრად გვაქვს სათამაშო. ასე მაგალითად, „ლივერპული“, „ტოტენჰემი“, „ჩელსი“ და „არსენალი“ თავიანთ მოედანზე გველოდებიან, მაგრამ ძლიერ გუნდებთან დაპირისპირება ის არის, რაც ნაკლებად მაშფოთებს. ნამდვილად არ გამოვრიცხავ, რომ ამ თამაშებში კარგი შედეგები ვაჩვენოთ. საქმე ის გახლავთ, რომ როდესაც ძლიერ მოწინააღმდეგეს ვეთამაშებით, ყურადღებისა და ძალების მობილიზების პრობლემა არ გვაქვს“.