ვენგერი, ცუდი და ბოროტი

AutoSharing Option

არსენ ვენგერმა ჟურნალისტებს აუხსნა, თუ რატომ ვერ იქნებოდა „მანჩესტერ სიტის“ მწვრთნელი. ასეთი თემა რატომ წამოიჭრა? ვიღაცას გაახსენდა, რომ 13 თვის წინ, როდესაც ისტლენდიდან მარკ ჰიუზი გაუშვეს, მისი ადგილის დაკავება სწორედ „არსენალის“ ფრანგ თავკაცს შესთავაზეს და რობერტო მანჩინი მხოლოდ მისი უარის შემდეგ აიყვანეს. ეს ამბავი თავის დროზე მაინცდამაინც არ გახმაურებულა და ამიტომ, ვენგერის პასუხი ყველასთვის საინტერესო იყო, თუმცა ფრანგმა მოლოდინი გააწბილა - მან დაადასტურა, რომ „სიტიმ“ წინადადებით მიმართა, თუმცა დეტალურად არ მოუყოლია, რა მოხდა მერე. სამაგიეროდ, მან ნათლად თქვა, რატომ არ

უნდოდა „სიტი ოფ მანჩესტერ სთედიუმზე“ გადაბარგება.

ვენგერმა ბრძანა: „ნურავინ იფიქრებთ, რომ ამაზე ჩვენი გუნდების შეხვედრის წინ რაიმე განზრახვით ვილაპარაკე. არც იმას გეტყვით, ვინ მომმართა და რა უნდოდა, რადგან ეს ხალხი თავიანთ ადგილებზეა და მათი ბიზნეს-სვლების სააშკარაოზე გამოტანა ჩემი მხრიდან პატიოსანი საქციელი არ იქნებოდა. ზოგადად კი ასე მოგახსენებთ: ინგლისში რომ ჩამოვედი, ყველა კლუბი საკუთარი რესურსით იმართებოდა. „ჩელსისა“ და „მანჩესტერ სიტის“ ფენომენი მოგვიანებით გამოჩნდა.

 

რასაკვირველია, მათმა ასპარეზზე გამოსვლამ პრობლემა მოიტანა, მაგრამ ცუდსაც ვერაფერს იტყვი - ამ ხალხს ფული ხომ არ მოუპარავს, მათ ის ჰქონდათ და თან მოიტანეს.

 

მე „არსენალს“ ისე ვხელმძღვანელობ, როგორც მიმაჩნია საჭიროდ და არ დაგიმალავთ, რომ ვფიქრობ, საქმე ყველგან ასე უნდა იმართებოდეს. ანუ, მე ჩემი მეთოდის დიდი მხარდამჭერი გახლავართ. ვიმეორებ, ვფიქრობ, ყველა კლუბი ასე უნდა მუშაობდეს. ვცდილობ ჩემი პრინციპების დაცვით მივაღწიო დიდ შედეგს, თუმცა, ის, რასაც „ინტერი“ ან „მანჩესტერ სიტი“ აკეთებენ, ასევე ხერხია. ისინი საუკეთესო ფეხბურთელებს ყიდულობენ და შედეგსაც აღწევენ.“

„მანჩესტერ სიტის“ არაბი მეპატრონე შეიხი მანსური უკვე 29 თვეა, რაც ისტლენდზეა და ამ ხნის განმავლობაში თითქმის 1 მილიარდი ფუნტი დახარჯა. შედეგად, რობერტო მანჩინის გასახდელში „პრიმადონათა“ მთელი არმია ჰყავს, რომლებიც თავიანთი შემოსავლით ისე არიან გათავხედებულნი, რომ თუ მწვრთნელი ძირითად შემადგენლობაში არ დაასახელებს, მას დაუყვირებენ და შესაძლოა, მუჯლუგუნიც კი წაჰკრან. ერთი სიტყვით, „სიტის“ კულუარებში ურთიერთობა მუდამ დაძაბულია. გუშინწინ კი თავის დროზე სწორედ ვენგერის მიერ „არსენალიდან“ გაშვებული ფეხბურთელები კოლო ტურე და ემანუელ ადებაიორი დაეტაკნენ ერთმანეთს საწვრთნელ ბაზაზე. ცნობისთვის: ვენგერმა ისინი „ემირეიტ სთედიუმიდან“ 18 თვის წინ გაუშვა და ორივეში „სიტისგან“ 45 მილიონი ფუნტი მიიღო. თანაგუნდელებმა კოტ დ’ივუარელი და ტოგოელი ძლივს გააშველეს. და რაგინდ ირონიულად ჟღერდეს, ეს ამბავი სწორედ „არსენალთან“ შეხვედრის წინ მოხდა.

მაინც რატომ დაუმტვრიეს ოდინდელმა თანაგუნდელებმა ერთმანეთს ცხვირ-პირი? რამდენადაც ინგლისური ტაბლოიდებისთვის ადრეც იყო ცნობილი, ადებაიორს ეგონა, რომ ტურე მის შესახებ საჯაროდ აპირებდა რაღაცების თქმას და ამის გამო ნიადაგ დაძაბული იყო. ფეხბურთელებს შორის ურთიერთობა დღითი დღე ფუჭდებოდა და სამშაბათს უკიდურეს ზღვარს მიაღწია. ჩხუბის შემდეგ მანჩინიმ ფეხბურთელები გაიხმო და შერიგება მოსთხოვა, მაგრამ მათ იუარეს. მოგვიანებით ტურემ ჟურნალისტებს განუცხადა:

 

„ჩვენ უხეშობის გამო ვიჩხუბეთ. ორივემ მოთმინება დავკარგეთ, მაგრამ ორივე მალე მოვეგეთ გონს. რაც მოხდა, დავიწყებულია. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ადებაიორი მეჩხუბება და გარწმუნებთ, არც ბოლო იქნება. ჩვენს შორის მსგავსი კონფლიქტები „არსენალშიც“ ხდებოდა. ჩვენ ერთმანეთს კარგად ვიცნობთ, როგოც ჩანს მეტისმეტად კარგადაც. ყოველ შემთხვევაში, აშკარაა, რომ ჩვენ ენერგია არ გვაკლია და ეს გუნდისთვის ცუდი არ უნდა იყოს.“

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული