სინდისი და ლუი ვან გაალი - "ბარნლის" ბედმა და სმოლინგმა არ გაუღიმეს

AutoSharing Option
AUTO PLAY
* "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ბარნლი" 3:1 დაამარცხა. რობინ ვან პერსიმ გვიანი პენალტი გაიტანა, მას მერე, რაც კრის სმოლინგმა დუბლი მიითვალა.

* უნიკალური ფაქტი "ოლდ ტრაფორდზე" - კრის სმოლინგი მოედანზე მე-5 წუთზე შევიდა და 22 წამში გოლის გატანა მოასწრო.

* ლუი ვან გაალმა აღიარა, რომ მის გუნდს მეტოქე სჯობდა.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" კიდევ ერთი ქაოსური შეხვედრა ჩაატარა და ისევ აბდაუბდა, ჩახლართული ტაქტიკით ითამაშა, რაშიც "წითელი ეშმაკების" ვარსკვლავები კვლავაც ჩაკარგულები იყვნენ, მაგრამ მაინც მოიგო...
და მესამე ადგილიც დაიბრუნა. თუმცა ლუი ვან გაალს სინდისმა შეაწუხა და თამაშის მერე განაცხადა - გაგვიმართლა, რომ მოვიგეთო.

შონ დაიჩი კი თავისი ბიჭებით აღფრთოვანებული გახლდათ, აქებდა და ადიდებდა მათ. ამის საფუძველი "ბარნლის" მთავარ მწვრთნელს ნამდვილად ჰქონდა, რადგან დენი ინგსის თამადობით, მისმა ბიჭებმა პირველ ტაიმში დაბომბეს მანჩესტერი და ძალიან არ გაუმართლათ, როდესაც "ოლდ ტრაფორდის" ბინადრებმა თავის სტილში, ტაიმის ბოლო წამებზე გაიტანეს.

მეორე ნახევარში კი ვან გაალმა ფრთხილად, ანგარიშის შენახვაზე ითამაშა. ანხელ დი მარია ვერ ბრწყინავდა, მაგრამ ასეთმაც შეძლო საგოლე პასის გაკეთება და პენალტის მონადირება.

ისეთ რამეს, რაც "ოლდ ტრაფორდზე" მოხდა, დაწმუნებული ვარ, ვერ გაიხსენებთ. არაერთხელ გვინახავს, შეცვლაზე შესულ ფეხბურთელს შემოსვლიდან ძალიან მალე გაეტანოს გოლი, მაგრამ უკვე მე-5 წუთზე იძულებითი ცვლილების შედეგად გამოსულ მოთამაშეს მინდორზე ფეხის შედგმიდან 22 წამში გაეტანოს და მასვე ტაიმის მესამე დამატებულ წუთზე წინ გაეყვანოს გუნდი, ეს არნახულია.

დიახ, ფილ ჯონსი თავიდანვე დაშავდა და მისმა შემცვლელმა კრის სმოლინგმა სასწაული მოახდინა. მას ბედმა, მან კი "ოლდ ტრაფორდს" გაუღიმა.

დასანანი მასპინძლებისთვის კიდევ ის იყო, რომ დაშავდა დეილი ბლინდიც, მაგრამ ექიმები იმედიანად არიან, სერიოზული არაფერიაო. ჰოლანდიელს წარბი გაუსკდა და თავბრუ დაეხვა.

"დიდი ექსპერიმენტატორი" ვან გაალი კი აგრძელებს შენიშვნების მიღებას ფანებისგან და ექსპერტებისგან. აი, მაგალითად, ფილ ნევილის სიტყვები: "პირველ ტაიმში "მანჩესტერ იუნაიტედი" ძალიან უსუსური იყო. "ბარნლი" საუცხოოდ გამოიყურებოდა და რამდენიმებურთიანი უპირატესობით უნდა გასულიყო წინ. ლუი ვან გაალმა აშკარად არ იცის, რა სისტემით ითამაშოს, მან ვერ მიაგნო სასურველ ვარიანტს და ყოველ თამაშში აგრძელებს ტაქტიკის შეცვლას".

"ჩვენ მოვიგეთ და შედეგი ფანტასტიკურია, მაგრამ თამაში არ მომეწონა. ვერ ვიტყვი, რომ მოვუმატეთ, მე კი მინდა, მატჩიდან მატჩამდე შეინიშნებოდეს პროგრესი. დღეს "ბარნლი" უკეთესი გუნდი იყო. ბლინდი, წესით, მალე მომჯობინდება, ფილ ჯოუნსის ამბავი კი მანერვიულებს, ექიმების დიაგნოზს უნდა დაველოდოთ" - თქვა ვან გაალმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული