ლონდონის "არსენალში" ისევ ხშირად შავდებიან, ვინ არის დამნაშავე?

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" ფეხბურთელთა ყბადაღებული ტრავმიანობა საფეხბურთო სამყაროს განუყრელი ნაწილია.

"მეთოფეების" ვარჯიშის მეთოდები და ფიზმამოზადებაზე პასუხისმგებელი ადამიანების კვალიფიკაცია კიდევ ერთხელ გახდა განხილვის საგანი - რაიმონდ ვერჰაიენმა, რომელიც ადრე უელსის ნაკრებში ასისტენტად მუშაობდა, თავისი გულისტკივილი გამოთქვა აარონ რემზიზე.

24 წლის ნახევარმცველი ისევ დაშავდა და მართალია, ექიმების დიაგნოზით ორ კვირაში უნდა დაბრუნდეს, მაგრამ უელსური მხარე ნერვიულობს. ვერჰაიენის თქმით, "მეთოფეებს" არ უნდა გაუკვირდეთ, თუ რემზი "არსენალიდან" წავა, რადგან ასე გაგრძელება აღარ შეიძლებაო...

რა თქმა უნდა, ტრავმები ყველა ფეხბურთელის კარიერას ასვამს დაღს და გამონაკლისი არც
რემზია. არსენ ვენგერი ამ თემას ეხმაურება, უარყოფს ბრალდებას, თითქოსდა, ყველაფერში "არსენალის" სამწვრთნელო მეთოდები იყოს დამნაშავე.

"ამ საკითხს სერიოზულად განსახილველად არ მივიჩნევ. ცხადია, ჩვენი სავარჯიშო მეთოდები არაფერ შუაშია. მით უმეტეს, ინდივიდუალური სავარჯიშო პროგრამები გვაქვს, სადაც ყველა დეტალი გათვალისწინებულია. საბედნიეროდ, რემზი მძიმედ არ დაშავებულა და ამისგან ტრაგედიას ნუ შევქმნით" - თქვა ვენგერმა.

ფრანგმა ისაუბრა ალექსის სანჩესზეც, რომელმაც როგორც ჩანს, ტრავმა ბოლომდე მაინც ვერ მოიშუშა და "ლესტერთან" შეხვედრაში თავის თავს არ ჰგავდა. ჩილელს ლონდონელთა რიგებში გადასვლის მერე 32 მატჩი აქვს ჩატარებული და 18 გოლი გატანილი, იგი გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.

"მას მუხლის ტკივილი ცოტა ისევ აწუხებდა, შესაძლოა, რამეზე ნერვიულობდა... არ ვიცი რაში იყო საქმე, მაგრამ ფაქტია, ჩვეული შემართება აკლდა და "ლესტერის" წინააღმდეგ საკუთარ თავს არ ჰგავდა. ალექსისი ბოლომდე მწყობრში ჩადგება და დარწმუნებული ვარ, ძველებურად ათამაშდება" - თქვა ვენგერმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული