ხალხი ლუი ვან გაალის წინააღმდეგ

AutoSharing Option
* უეინ რუნის, რომელიც ვან გაალმა ნახევარდაცვაში დახია, 9 მატჩია, გოლი არ გაუტანია.

* ვან გაალის კრიტიკოსთა შორის არიან ფილ ნევილი და პოლ სქოულზი.

ლუი ვან გაალი ისევ თავის მართლების რეჟიმშია. ჰოლანდიელს ხან ფანები აკრიტიკებენ, ხან მეტოქეთა გუნდის მწვრთნელები და ხანაც "წითელი ეშმაკების" ყოფილი წევრები, რომლებიც ექსპერტებად გარდაიქმნენ. მაგალითად - ძმები ნევილები, პოლ სქოულზი...

ეს უკანასკნელი სწორედ უკანასკნელია, ვინც 63 წლის სპეციალისტი საჯაროდ გააკრიტიკა, მან ჰოლანდიელის ფორმაციის "იუნაიტედს" უსუსური უწოდა. ვან გაალი ამბობს, რომ ამის გამო პრობლემას ვერ ხედავს და
მიგვანიშნებს, რომ სქოულზის სიტყვები სერიოზულად აღსაქმელი არ არის - ის ახლა ჩვეულებრივი ქომაგის პოზიციიდან ლაპარაკობს და სუბიექტურიაო.

თუმცა, ის, რომ ამ მწვრთნელს თითქმის მთელი სეზონია თავის მართლება უწევს, სულ რაღაცის მტკიცებაშია და ძიებაშია, მის გარკვეულ პრობლემებზე მეტყველებს. ოლდტრაფორდელთა თამაშში ხარვეზებიც ადვილი შესანიშნავია.

"სქოულზის სიტყვების გამო არ ვნერვიულობ. პოლი ერთ-ერთი ფანია, ხოლო ფანებს ჩვენი კრიტიკა შეუძლიათ" - თქვა ვან გაალმა.

რას მისტირის სქოულზი
მიუხედავად იმისა, რომ მანჩესტერელებმა დიდი თანხა დახარჯეს და შემადგენლობაში უამრავი კარგი, ნიჭიერი და ძვირად ღირებული შემტევი ჰყავთ, "იუნაიტედის" თამაში გუნდურიაო, ნამდვილად ვერ ვიტყვით, მას უფრო ქაოსურს დავარქმევთ. თითქოს, კლუბი, უბრალოდ, სახელითა და სტატუსით, ჟინით ცდილობს ხოლმე მეტოქეების გატეხვას და იღბლის ან რომელიმე ვარსკვლავის ინდივიდუალური გაბრწყინების იმედადაა. ხარვეზების მეტი რა არის დაცვაშიც. ვან გაალი კი ცვლიდა და ცვლის ტაქტიკასა თუ შემადგენლობას და მაინც, ოპტიმალური ვარიანტისთვის ვერ მიუგნია.

"ჩემ დროს, წინ სარისკო პასების კეთებისგან თავი რომ შეგეკავებინა, რომელსაც შეიძლებოდა ბურთის დაკარგვა და დაცვაში პრობლემების შექმნა მოჰყოლოდა, მწვრთნელი, უბრალოდ, აღარ დაგაყენებდა შემადგენლობაში და მხოლოდ მაშინ დაგაბრუნებდა, როდესაც მის მითითებებს გაითვალისწინებდი და იმას გააკეთებდი, რაც სურდა. "იუნაიტედის" ისტორია შემტევ ფეხბურთზეა აშენებული და შეტევასთან ასოცირდება.

ეს ნიშნავს, რომ გუნდმა შესაძლოა, კარი მშრალად ხშირად ვერ შეინახოს და მის კართან მომენტებიც შეიქმნას, მაგრამ სამაგიეროდ, ეს შეტევაში მეტ ყურადღებასა და აქტიურობას ნიშნავს. როგორ ფიქრობთ, რატომ ჰყავდა წლების განმავლობაში "მანჩესტერს" მსოფლიოს საუკეთესო მეკარეები და რატომ იყო ეს ასე მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ გუნდი ყოველთვის ბევრი შემტევით და რისკიანად თამაშობდა" - თქვა სერ ალექს ფერგიუსონის ნოსტალგიით შეპყრობილმა სქოულზმა, ფეხბურთელმა, რომელსაც "იუნაიტედთან" ერთად პრემიერლიგა 11-ჯერ აქვს ჩატარებული და სანუკვარი მაისურა, 1994 წლიდან მოყოლებული, კარიერის ბოლომდე 676-ჯერ მოირგო.

როგორც ხედავთ, სქოულზის ლოგიკა და მიდგომა დაახლოებით ასეთია - გაგვიტანთ, რამდენსაც შეძლებთ, გაგიტანთ, რამდენსაც მოვისურვებთ - მისი აზრით, "მანჩესტერმა" სწორედ ასე უნდა ითამაშოს.

ჰოლანდიელს არ დააკლო არც ფილ ნევილმა, რომელმაც ყოფილი გუნდის, უფრო სწორად კი, მისი მწვრთნელის კრიტიკისას, "მანჩესტერის" თამაშს "სუსტი" და "პროგნოზირებადი" უწოდა. ასევე, აღნიშნა, გუნდს შემართება აკლიაო.

კითხვები მართლაც ჩნდება უეინ რუნისთან დაკავშირებით. ფაქტია, "მანჩესტერისა" და ინგლისის კაპიტანი ნაკრებში ისევ თავდამსხმელად თამაშობს და ძალიან შედეგიანიცაა.

აი, "იუნაიტედში" კი "შრეკი" უკვე ძალიან უკანდახეულია. ჩნდება შთაბეჭდილება, რომ ამით ოლდტრაფორდელთა შეტევას გაცილებით მეტი აკლდება, ვიდრე გუნდის ნახევარდაცვა იღებს, თორემ რუნი მოედნის ცენტრშიც არ გამოიყურება ცუდად. ფაქტია, საქმე იქამდე მივიდა, რომ "ბოქსინგ დეის" მერე, ანუ თითქმის ორი თვეა (9 მატჩია), რუნის პრემიერლიგაში გოლი არ გაუტანია.

ის კი არა, მეტოქის კარშიც ვერ ურტყამს ზუსტად, ისე სიღრმიდან უწევს თამაში. ყველაზე ხანგრძლივი უგოლო სერია მას 2005 წლის დეკემბრიდან 2006 წლის თებერვლამდე ჰქონდა, როდესაც 12 თამაშის განმავლობაში ვერ გაიტანა.

ჯერჯერობით, რუნის ანგარიშზე სულ 8 გოლია, აქედან 7 მან "ოლდ ტრაფორდზე" შეაგდო. შეგახსენებთ, რომ რუნი პრემიერლიგის ისტორიაში ყველა დროის ბომბარდირთა შორის მე-3 ადგილზეა 181 გოლით. ის 6 ბურთით ჩამორჩება ენდი კოულს. პირველ ადგილამდე კი ძალიან შორია, ალან შირერი 260 ბურთით ლიდერობს. ბარემ მეოთხეადგილოსანი ფრენკ ლამპარდიც ვახსენოთ, რომელიც 176 გოლზე გაჩერებას თითქოს არ აპირებს, მეხუთე კი ტიერი ანრია ფრენკიზე ერთით ნაკლებით.

რუნის უკან დახევა ვან გაალის მოგონილი არ არის, ეს ჯერ კიდევ ფერგიუსონმა შეაპარა, დევიდ მოიესმა გააგრძელა და ახლა, ჰოლანდიელის ხელმძღვანელობით, უეინი უკვე მოედნის შუაგულის სიღრმეებში ჩაიძირა.

ვან გაალის არგუმენტები
ვან გაალს ძალიან უყვარს ხოლმე მარუან ფელაინის გამოყვანა, ეს მისი სათადარიგო გეგმაა და ბელგიელი ხშირად უმართლებს, მაგრამ ძირითადში მას არაფრის დიდებით არ აყენებს. ასევე ვარიანტია, ანდერ ერერას დაყენება და რუნის უფრო წინ წაწევა. თუმცა ლუი ჯიუტად "პირველ ჩვენებას" აწვება და მიაჩნია, რომ სწორ გზაზე დგას.

"მე არ ვთვლი, რომ საუკეთესო სისტემას ჯერ ვერ მივაგენით და ვერც იმაში ვხედავ ცუდს, რომ სქემებს ხშირად ვცვლით. უკვე 5 თუ 6 სისტემით ვითამაშე და ჯერ კიდევ ბალანსს ვეძებ. 4-4-2 სხვებზე უფრო მიმზიდველია და ამ ტაქტიკაში უფრო მეტი შეტევაზე ორიენტირებული ფეხბურთელის გამოყენება შემიძლია, ასევე, მისი გადაწყობა.

შედეგები ცუდი არ გვაქვს, დაცვაშიც, ორგანიზების და კონცენტრაციის კუთხით, ცუადად არ გამოვიყურებით. ხოლო იმაში, რომ ბალანსის ძიების პროცესში გარკვეული ხარვეზები არის, განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ. მთავარია, ტაქტიკურად მალე დავიხვეწოთ" - განმარტა ვან გაალმა.

გრძელი პასების თემა
კიდევ ერთი თემა, რაზეც ვან გაალს ედავებიან, არის გადამეტებული "გრძელი პასები". ბევრის აზრით, "იუნაიტედის" ერთგვარი პრიმიტიული თამაშის მიზეზი ეს არის ან პირიქით, სხვაგვარად რომ ბევრი არაფერი გამოდის, იმიტომაც გადაერთვებიან ხოლმე მანჩესტერელები გრძელ გადაცემებზე.

"ვესტ ჰემთან" მატჩის მერე სემ ალარდაისის სიტყვებიც გემახსოვრებათ, რაზეც ვან გაალმა უკვე იმართლა თავი და პრესკონფერენციაზე სტატისტიკური მონაცემები აფრიალა ცალ-ცალკე ფურცლებად, მთლად ასეც არ ყოფილაო.

ახლა მას შეგვიძლია დავუპირისპიროთ ის სტატისტიკა, რომ ჰოლანდიელის ფორმაციის "მანჩესტერზე" საშუალოდ მატჩში სულ გაკეთებული პასებიდან 20,9% მოდის გრძელ გადაცემებზე. მოიესის მაჩვენებელი 16,4% გახლდათ, ხოლო ფერგიუსონის - 18,9%.

სხვათა შორის, საინტერესოა, რომ კონკრეტულად ამ შემთხვევაში ვან გაალს მხარი დაუჭირა ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა.

"ლუი ვან გაალს თავდაცვა და ახსნა-განმარტებები არ სჭირდებოდა. მართლა ვერ მივხვდი, რაში იყო პრობლემა. "ვესტ ჰემთან" მატჩის ბოლო 10 წუთში "მანჩესტერმა" შედარებით მეტი გრძელი პასებით ითამაშა და ვფიქრობ, ეს აბსოლუტურად ლოგიკური გახლდათ.

მატჩის დამთავრებამდე 5 წუთი რომ რჩებოდეს, გოლი გვჭირდებოდეს და ჯარიმა დაინიშნოს, ხოლო წინ სამი ისეთი მონსტრი მყავდეს, როგორებიც მეორე სართულზე ბრძოლაში ჰყავთ მანჩესტერელებს, დაბალი ბურთი გაათამაშეთ-მეთქი, ნამდვილად არ ვეტყოდი ფეხბურთელებს. ჭკვიანმა გუნდმა იცის, როგორ გამოიყენოს თავისი ძლიერი მხარეები" - თქვა "მეთოფეების" ფრანგმა თავკაცმა.

რუნი და ახალი ნახევარმცველი
ისევ რუნის, ნახევარდაცვისა და წინა ხაზზე ფანტაზიის ნაკლებობის თემას თუ დავუბრუნდებით, იყო ვერსია, რომ "მანჩესტერი" კიდევ ერთ ნახევარმცველს იყიდიდა, რაც რუნისაც მეტ თავისუფლებას მისცემდა და ეს მწვრთნელმაც დაადასტურა.

"რა თქმა უნდა, კარგი ნახევარმცველის დამატებას ვეცდებით. მე ვეძებ ბალანსს, პირველ რიგში, ამ რგოლში და ახალი მოთამაშე გვჭირდება. როდესაც იანუზაიც და დი მარიაც მინდორზე ერთად არიან, ბალანსი მართლაც საჭიროა, მაგრამ ის ახლა არსებულ ფეხბურთელებს შორის უნდა ვიპოვოთ. კრეატივში არც ფალკაო და არც ვან პერსი მოიკოჭლებენ. მსგავსი მოთამაშეები ბევრი გვყავს, მაგრამ კიდევ ერთი არ გვაწყენდა. საჭიროა, ფეხბურთელი, ვინც სიტუაციას გააწონასწორებს. რუნი? ის ბედნიერია.

ასე რომ არ იყოს, მოვიდოდა და უკმაყოფილებას გამოთქვამდა, რაც არ გაუკეთებია. უეინი ამ პოზიციაზე თავს კარგად გრძნობს და გუნდისთვის მუშაობას მშვიდად აგრძელებს, მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო იმაზე საუბრობს, რომ ის უფრო წინწაწეული, თავდამსხმელის პოზიციაზე უნდა თამაშობდეს. ამხელა აჟიოტაჟის ფონზე, მსგავსმა ფიქრებმა შესაძლოა, გაუელვა კიდეც თავში, იგი ადამიანია და ეს ბუნებრივია" - დასძინა ვან გაალმა.

P.S. წუხელ ინგლისის ასოციაციის თასზე "მანჩესტერი" "პრესტონთან" აგებდა, თუმცა შემდეგ სამი გოლის გატანა შეძლო (ერერა, ფელაინი, რუნი პენალტით) - 1:3. ვან გაალის გუნდი მეოთხედფინალში თასის მფლობელ "არსენალს" დაუპირისპირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული