* პრემიერლიგა სატელევიზიო შემოსავლებით თითქმის გაუთანაბდრება ამერიკული ფეხბურთის ლიგა NFL-ს.
ინგლისის პრემიერლიგამ შეაჯამა ტენდერი 2016-19 წლების პერიოდში სატელევიზიო უფლებების რეალიზაციაზე. დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე 504 მატჩის ტრანსლიაცია შვიდ პაკეტად დაიყო. არც ერთ ტელეარხს არ შეეძლო პრეტენზია გამოეცხადებინა ექსკლუზივზე.
378 მატჩისგან შემდგარი ხუთი პაკეტი Sky Sports-მა შეიძინა, ორი პაკეტი (126 მატჩი) - ტელეარხმა BT Sport-მა. მათ ეს გარიგება, საერთო ჯამში, 5.136 მილიარდი გირვანქა დაუჯდათ, რაც 70 პროცენტით მეტია დღეს მოქმედ ხელშეკრულებაზე. ეს
არანორმალური თანხები
ინგლისის პრემიერლიგა რჩება მოდის მთავარ კანონმდებლად მსოფლიო ფეხბურთში. პირველ რიგში, კომერიციული თვალსაზრისით. კონკურენტებზე მორიგი დარტყმა მათ გასულ სამშაბათს მიიტანეს, როცა ბრიტანელებმა გამოაცხადეს ტენდერის შედეგები მომავალ სამ სეზონში (2016-19) მატჩების ტელეტრანსლაციაზე. საბოლოო თანხამ ყველა თამამ პროგნოზს გადააჭარბა.პრემიერლიგა 4.4 მილიარდი გირვანქის მიღებას იმედოვნებდა, რაც ასევე რეკორდი იქნებოდა. მაგრამ ინგლისურ ფეხბურთზე მოთხოვნა იმდენად აჟიოტაჟური იყო, რომ ვაჭრობის დროს, რომელშიც ბრიტანული Sky-სა და BT-ის გარდა, ამერიკული Discovery Network და ყატარის beIN Sports მონაწილეობდნენ, თანხამ დაუჯერებელ ნიშნულს მიაღწია. ყველაზე მეტად გულუხვები ინგლისური მედიაგიგანტები აღმოჩდნენ და ისევ მოიგეს სამწლიანი ტენდერი.
საბოლოოდ, ინგლისის პრემიერლიგა მიიღებს 5.136 მილიარდს - ამდენს გადაიხდიან Sky Sports და BT Sport სამი სეზონის განმავლობაში თითო ჩემპიონატიდან 168 მატჩის ჩვენებისთვის. სხვანაირად რომ ვთქვათ, ტელეკომპანიებს ერთი სეზონი 1.712 მილიარდი უჯდებათ. Sky-მ ჯამში 4.176 მილიარდი გადაიხადა, ანუ 11 მილიონი ერთი მატჩისთვის, BT-მ - 960 მილიონი (75 მილიონი ერთი შეხვედრისთვის). მიმდინარე ხელშეკრულებით, რომელიც ძალაში გასულ სეზონში შევიდა და მომავალ სეზონში დასრულდება, პრემიერლიგა Sky-გან და BT-სგან სამ მილიარდს მიიღებს, ანუ თითო სეზონისთვის მილიარდს.
ვაჭრობის მთავარი გმირი აღმოჩნდა ტელეკომპანია Sky. სეზონში 168 პირდაპირი ტრანსლიაციიდან, რომელიც გამოტანილი იყო გასაყიდად (სულ პრემიერლიგის ჩემპიონატში 380 მატჩი იმართება), მედიაგიგანტს ერგო 126, მათ შორის 28 ყველაზე რეიტინგული შეხვედრა, რომელიც შაბათს დღის საათებში იმართება. სულ სამი სეზონის განმავლობაში Sky უჩვენებს 378 მატჩს, BT - 42 მატჩს სეზონში (სულ126), რომელიც ტარდება შაბათს საღამოს და სამუშაო დღეებში.
ვაჭრობის შედეგების კომენტირებისას, პრემიერლიგის გენერალურმა დირექტორმა რიჩარდ სკუდამორმა აღნიშნა, რომ შემოსავალი უფრო მეტი იქნებოდა, ლიგა პირდაპირი ტრანსლიაციების რიცხვის გაზრდას რომ დათანხმებოდა. მაგრამ, მისი სიტყვებით, საჭიროა ბალანსის დაცვა ტელეტრანსლიაციებსა და მატჩებზე ბილეთების გაყიდვას შორის, რასაც ასევე დიდი შემოსავალი მოაქვს კლუბებისთვის.
მაგრამ ასეთ სიტუაციაშიც ბონუსები, რომელსაც პრემიერლიგის წევრები მედიაუფლებების გაყიდვიდან იღებენ, ფინანსურად ფაქტობრივად ათანაბრებენ ინგლისური ლიგის აუთსაიდერებს უმრავლესობა ევროპული ჩემპიონატების ლიდერებთან.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ ტელეკონტრაქტებისგან პრემიერლიგის შემოსავალი კიდევ უფრო დიდი იქნება. ლიგა ცალკე ყიდის მატჩების ჩვენების უფლებებს საზღვარგარეთ, სადაც შესაძლებელია, სეზონის ყველა მატჩის ტრანსლირება პირდაპირ ეთერში. მიმდინარე სამწლიანი კონტრაქტის თანახმად, უცხოეთიდან ლიგა 2.5 მილიარდ გირვანქას მიიღებს.
სკუდამორის თქმით, მას წარმოდგენაც არ აქვს, როგორი იქნება ეს თანხა ახალი კონტრაქტის მიხედვით, მაგრამ ის ნამდვილად არ ჩამოუვარდება ამჟამინდელს.
კაპიტანი ამერიკა
ასე რომ, მომდევნო საკონტრაქტო პერიოდში პრემიერლიგა დაახლოებით 8 მილიარდ გირვანქას გამოიმუშავებს. ეს თითქმის უტოლდება თანხებს, რომლითაც თავს იწონებს მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ჩემპიონატი - ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ლიგა (NFL).ბოლო ერთ წელიწადში NFL-მ კონტრაქტი გააფორმა მინიმუმ ოთხ არხთან - Comcast-თან (950 მილიონი წელიწადში), CBS-თან (ერთი მილიარდი), Fox-თან (1,1 მილიარდი) და ESPN-თან (1,9 მილიარდი). საერთო ჯამში, სხვადასხვა დამატებითი წყაროს გათვალისწინებით, საერთო შემოსავალი 5.5 მილიარდი იქნება. არადა, ამერიკულ ფეხბურთში რეგულარული ჩემპიონატი მხოლოდ ოთხი თვე გრძელდება.
გასულ წელს NFL-ს ოდნავ მიუახლოვდა ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია (NBA). ოქტომბერში NBA-მ შეთანხმებას მიაღწია ტელეკომპანიებთან ESPN-თან და TNT-თან ცხრაწლიან კონტრაქტზე, რომლის ღირებულებაა 24 მილიარდი დოლარი. ეს სამჯერ აღემატება მიმდინარე ხელშეკრულების ღირებულებას (ახალი კონტრაქტი ძალაში 2016-17 წლების სეზონში შედის).
რაც შეეხება ევროპულ ფეხბურთს, ინგლისისა და აშშ-ის მაჩვენებლებამდე მას ძალიან ბევრი უკლია. გერმანულმა კომპანია Sky Deutschland-მა შეიძინა 2013-17 წლების პაკეტი, რაც უფლებას აძლევს გადასცეს ბუნდესლიგის მატჩები. ფასი - წელიწადში 628 მილიონი ევროა და ეს 52 პროცენტით მეტია წინა კონტრაქტის თანხაზე. თუმცა აქ ლაპარაკია არა მხოლოდ პირველ ბუნდესლიგაზე, არამედ დაბალ ლიგებზე, რომლებიც დასახელებული თანხის 20 პროცენტს იღებენ. კიდევ 70 მილიონი ევრო მოაქვს უცხოურ ტელეკომპანიებს, რომლებიც გერმანულ ფეხბურთს ლიცენზიით გადასცემენ.
თუ გერმანიაში ბუნდესლიგა ტრადიციულად უფრო მეტს გამოიმუშავებს რეკლამაზე, იტალიაში მედიაუფლებების გაყიდვისგან შემოსავლები ზოგიერთი კლუბის ბიუჯეტის 60 პროცენტს შეადგენს.
გასულ წელს, ტელეკომპანიებმა - Sky Italia-მ და Mediaset-მა 2015-18 წლებში სერია A-ს მატჩების ჩვენების უფლება შეიძინეს. პირველმა ჩემპიონატის 380 მატჩში 572 მილიონი ევრო გადაიხადა. Mediaset-მა, რომელიც სილვიო ბელუსკონის ეკუთვნის, 248 მატჩში - 373 მილიონი ევრო. შესაბამისად, იტალიის ჩემპიონატის ტელეუფლებების საერთო ღირებულებამ 945 მილიონი ევრო შეადგინა. ეს 114 მილიონით მეტია, ვიდრე კალჩოს ლიგა ამჟამინდელი სამწლიანი კონტრაქტით იღებს.
ესპანური სისტემა, ინგლისის, გერმანიისა და იტალიის საკმაოდ დემოკრატიული ჩემპიონატებისგან განსხვავებით, ნაკლებად ლიბერალურია. ლა ლიგა არ ყიდის ჩემპიონატის მატჩებს ჩვეულებრივი პაკეტით - ის რეალიზებას უკეთებს "რეალისა" და "ბარსელონას" შეხვედრებს, სხვა გუნდების მონაწილეობით მატჩები კი ფაქტობრივად ბონუსის სახით რიგდება. ამას ემატება ისიც, რომ მადრიდელებსა და კატალონელებს ნებადართული აქვთ უფლებები დამოუკიდებლად გაყიდონ.
ეს კი იწვევს იმას, რომ გრანდები სატელევიზიო შემოსავლის თითქმის ნახევარს იდებენ ჯიბეში - დაახლოებით 140 მილიონი ევრო სეზონში. ორი უახლოესი კონკურენტი - "ვალენსია" და "ატლეტიკო" კმაყოფილდება, შესაბამისად, 48 და 42 მილიონით. შემდეგ სხვაობა იზრდება: პრიმერას 20 გუნდიდან შვიდი 30 მილიონზე ნაკლებს იღებს, კიდევ ხუთი - თითოეულზე 18 მილიონს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"