ულტიმატუმი მანუელ პელეგრინის: ლიგის მოგება ან პრემიერლიგა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტიმ" სეზონის ერთ მონაკვეთში სიტუაციის გამოსწორება შეძლო, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპიდან გავიდა და პრემიერლიგაშიც დაეწია ლონდონის "ჩელსის", მაგრამ მერე ისევ ყველაფერი აირია. "ქალაქელები" ჩემპიონატში "ლურჯებს" კვლავაც ჩამორჩნენ და ლიგაზეც "ბარსასთან" წააგეს საშინაო შეხვედრა.

ახლა, როდესაც "სიტი" "ლივერპულთან" დამარცხდა, მანუელ პელეგრინის შესაძლო გაშვებაზე ისევ აქტიურად ალაპარაკდნენ. ორი ძირითადი ვერსიაა - ერთი ის, რომ სეზონის ბოლოს ჩილელი ნებისმიერ შემთხვევაში დატოვებს "ეტიჰადს", ხოლო მეორე ის, რომ პელეგრინის იმ შემთხვევაში გაუშვებენ, თუ ის პრემიერლიგას ან ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებს. მოკლედ, გამოცდილ სპეციალისტს საქმეები
ისევ აერია და მისი წასვლა რეალური ხდება.

"მე რომ "სიტის" ფეხბურთელი ვიყო, თავს ცოტა უხერხულად ვიგრძნობდი და არ მესიამოვნებოდა იმის გააზრება, რომ ჩემი გუნდის წინააღმდეგ თამაში ასე ადვილია. თანაც, პრემიერლიგის მოქმედ გამარჯვებულზე ვლაპარაკობთ.

ეს კლუბი წლიდან წლამდე უნდა უმატებდეს და პროგრესი ჰქონდეს, მაგრამ სანაცვლოდ იმას ვხედავთ, რომ "სიტი" ყოველ სეზონში ერთსა და იმავე შეცდომებს უშვებს" - აი, ასეთი აზრისაა მანჩესტერელების პრობლემებზე გარი ნევილი.

უკვე დაიწყო საუბარი კანდიდატებზეც. ერთნი ხოსეპ გვარდიოლას ახსენებენ, მეორენი კარლო ანჩელოტის და ასე შემდეგ. თუმცა უმეტესობა გაიძახის, რომ "სიტის" სიაში პირველი გვარდიოლაა.

პეპის მისვლა იმ კუთხითაც უფრო დასაშვებია, რომ "ბარსას" ექსთავკაცს "ბაიერნის" ხელმძღვანელობასთან არც ისე კარგი ურთიერთობა აქვს, იგი მიუნხენში ბოლომდე ვერ მიიღეს და კულუარული ცნობებით, წასვლაზე თავადაც ფიქრობს. თუმცა საჯაროდ გვარდიოლა "ბაიერნიდან" წასვლას უარყოფს.

"როდესც მე კონტრაქტს ხელი მოვაწერე, არავის უთქვამს, რომ ყოველ წელს ტიტული უნდა მომეგო და 5 წელიწადში 5 ტიტული უნდა მომეპოვებინა. ამ მხრივ ზეწოლა არასდროს მიგრძვნია და ვერც პრესის მხრიდან ვგრძნობ წნეხს. ზეწოლა მხოლოდ მაშინ არის, როდესაც ვხედავ, რომ ჩემი გუნდი ისე ვერ თამაშობს, როგორც მე მინდა და როგორც შეუძლია. ეს არ მსიამოვნებს" - თქვა 61 წლის პელეგრინიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული