ჯონ ტერი - ჩქარი მატარებელი

AutoSharing Option

„ჩელსის“ კაპიტანმა ჯონ ტერიმ უცნაურ შარში ამოჰყო თავი. ძალიან საეჭვოა ამ ისტორიამ ტერის რამე დააკლოს, მაგრამ სეირისა და განსჯისთვის საინტერესოა. ამბავი, რომელსაც მოგახსენებთ გასულ ოთხშაბათს, ვულვერჰემპტონის სატადიონ „მოლინიუზე“ მოხდა, როდესაც 30 წლის ტერი სტადიონის სტიუარდს, 39 წლის პატრიკ სტიდმენს ეძეგერა, მუჯლუგუნი ჰკრა და, რაღაც მანქანებით კისერზე კვალიც დააჩნია. შეგახსენებთ, რომ იმ დღეს ჯონ ტერიმ და მისმა „ჩელსიმ“ მორიგი თამაში წააგეს და თან, შეხვედრის ერთადერთი გოლი საკუთარ კარში შეაგდეს - ეს ჟოზე ბოსინგვამ „მოახერხა“.

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, შეხვედრის ერთ-ერთ ეპიზოდში

ბურთი მოედნის ფარგლებს მიღმა გადავარდა და ზორბა ტანის სტიუარდმა მისი „ვულვერჰემპტონის“ მეკარე უეინ ჰენესისთვის დაბრუნება გადაწყვიტა - თამაში მასპინძელთა გოლკიპერს უნდა გაეგრძელებინა. ზემოთ ნახსენები ბოსინგვას ავტოგოლი, თამაშის დასაწყისში, მე-5 წუთზევე გავიდა და შესაბამისად, ლონდონელები დანარჩენი 85 წუთის განმავლობაში გაღიზიანებულები გახლდნენ და ჩქარობდნენ. გაღიზიანებული იყო და ჩქარობდა ტერიც, რომელმაც სტიუარტ სტიდმენს გაქანების საშუალება არ მისცა, მკერდში ხელი ჰკრა და ბურთი თვითონ დაუბრუნა „ვულვზის“ მეკარეს. 39 წლის კაცი 26 ათასი მაყურებლის წინაშე კინაღამ გადაყირავდა. ფეხბურთის მოყვარულთა საყურედღებოდ: თავმოყვარეობა სტიუარდებსაც აქვთ!

პატრიკ სტიდმენმა, რომელიც ვულვერჰემპტონში კი ცხოვრობს, მაგრამ „მანჩესტერ იუნაიტედის“ გულშემატკივარია, მეორე დღეს პოლიციას მიმართა. მომხდარს თავად ასე ჰყვება: „ბურთი ჩემს გვერდით ბარიერს მოხვდა და მე მის ასაღებად გადავიწიე. თამაშს არანაირად არ ვაბრკოლებდი, მაგრამ გადავიხარე თუ არა ჯონ ტერი მოვარდა, მუჯლუგუნი მკრა, ბურთს დაეტაკა და მეკარეს თავად გადაუგდო. ამან, რასაკვირველია შეურაცხმყო, მით უმეტეს, რომ თან, რაღაც ცუდი სიტყვა ჩაიბურტყუნა.“


რაც შეეხება კისერზე ნაკვალევსა და ტკივილს, ეს, სამი შვილის მამამ, რომელსაც „მოლინიუზე“ ერთ შეხვედრაში 22  ფუნტს უხდიან, მეორე დილით შეამჩნია და იგრძნო. მან თქვა: „დილით კისერთან, მარცხენა მხარეს მძაფრმა ტკივილმა გამაღვიძა. თავს ვერ ვატრიალებდი. ექიმმა ნახა და მითხრა, რომ რაღაც ნაკვალევი მაქვს. ტკივილის გამო სამსახურის გაცდენა მომიხდა. მე არც ისე სუსტი ადამიანი ვარ და ასეთი კვალი რომ დამაჩნიო ღონივრად უნდა დამეძგერო“.

ვესტ მიდლენდის პოლიციამ თავიდან საქმეს მოკიდა ხელი, მაგრამ ეპიზოდის ვიდეოჩანაწერი რომ ნახა, გამოძიება იქვე დაასრულა. პოლიციის პრეს-მდივანმა განაცხადა, ჩანაწერის ნახვა სრულიად საკმარისი აღმოჩნდა, მეტს არაფერს ვიღონებთო. ამ პასუხმა სტიდმენი აღაშფოთა.

„ისინი ჯონ ტერის ხელს იმიტომ აფარებენ, რომ ის დიდი ფეხბურთელია. მთელმა სტადიონმა დაინახა რაც მოხდა სინამდვილეში. სასამართლოში საჩივრის შეტანა მირჩიეს და მეც სწორედ ამას ვაპირებ.“

ჯეკ ჰარისის სახელობის ტრიბუნიდან მომხდარი კარგად დაინახა 30 წლის გულშემატკივარმა გარი რიჩარდსმა, რომელმაც თქვა:


„ტერის აშკარად არ ეგონა, რომ სტიუარდი ასე ჩქარა წავიდოდა ბურთისკენ და მისკენ ჩქარი მატარებელივით გამოქანდა. მან ცალ მხარეს გაჰკრა ხელი.“

„ჩელსის“ პრეს-მდივანმა კი პარტიკ სტიდმენის პრეტენზიას სასაცილო უწოდა. მან თქვა:
„ვიდეოჩანაწერზე ნათლად ჩანს, რომ ამ სიტუაციაში ნებისმიერი ჩივილი სასაცილოა.“

 

ცნობისთვის: შარშან, ჯონ ტერი შემთხვევით „სტემფორდ ბრიჯის“ სტიუარდსაც დაეჯახა და ფეხი მოსტეხა.

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული