როგორ გაგიჟდა რობერტო მანჩინი

AutoSharing Option

რობერტო მანჩინი თავისი ფეხბურთელებისგან ნებისმიერ გამოხდომას აიტანს და იცით რატომ? იმიტომ რომ ახალგაზრდობაში თვითონ ათჯერ უარესი იყო. გუშინ, ფეხბურთის ასოციაციის თასზე, მანჩინის „მანჩესტერ სიტი“ მისი სამპდორიასა და ლაციოსდროინდელი თავკაცის სვენ გორან ერიკსონის „ლესტერს“ შეხვდა - ეს იყო ერიკსონისა და მანჩინის პირველი დაპირისპირება ცხოვრებაში. სწორედ ამიტომ გაახსენდა ბრიტანულ პრესას ერთი ძველი ამბავი, რომელიც მანჩინის ექვსთამაშიანი დისკვალიფიკაციით დასრულდა. დღეს ისტლენდელების თავკაცი აღიარებს, რომ ყველაფერი მისი ბრალი იყო: „დამნაშავე თავიდან ბოლომდე მე ვიყავი, რადგან ძალიან ახალგაზრდა გახლდით“. 

ძალიან ახალგაზრდისა რა მოგახსენოთ, რობერტო მანჩინი

იმხანად 30 წლისა იყო და „სამპდორიაში“ თამაშობდა. ერიკსონის დამოძღვრილი გენუელები „ინტერს“ ხვდებოდნენ.

 

მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდში მეტოქემ მანჩინი საჯარიმოში წააქცია, მსაჯმა კი არათუ პენალტი არ დანიშნა, სიმულაციისთვის „მანჩო“ გააფრთხილა. ამ უსამართლობამ ფეხბურთელი გადარია. მან ნერვები ვეღარ მოთოკა და საქმე იქამდე მივიდა, რომ მეკარე ჯანლუკა პალიუკა იძულებული გახდა, გამოვარდნილიყო და თავდამსხმელი ჩაებღუჯა.

 

პალიუკა 16 წლის წინანდელ ამბავს ასე იგონებს:

„რობერტო ისე იქცეოდა, გეგონება მსაჯს შეჭმას უპირებდა. შემეშინდა, რამე ისეთი არ ექნა, რის გამოც ფეხბურთის თამაშს სამუდამოდ აუკრძალავდნენ.“

მანჩინი კი მართლა აღარ იყო სრულ ჭკუაზე: კაპიტნის სამკლავური მოიგლიჯა და ერიქსონს მიაყვირა, მოედანზე ცხოვრებაში აღარ გავალო. შვედ მწვრთნელს დიდი ძალისხმევა დასჭირდა ფეხბურთელი მოედანზე რომ დაებრუნებინა, მაგრამ, თურმე ნუ ჩქარობ - დაბრუნდა „მანჩო“ მოედანზე და პოლ ინსს ეკვეთა, რაც მსაჯმა ვეღარ აიტანა და ის მოედნიდან გააძევა.

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, მას მერე 16 წელიწადი გავიდა და ახლა, რობერტო მანჩინის თავისი შეგირდების „ოფოფებთან“ უწევს გამკლავება. ხან კარლოს ტევესი აუწევს ხმას, ხან ემანუელ ადებაიორი და კოლო ტურე დააყრიან ერთმანეთს მუშტებს ვარჯიშის დროს.

 

თუმცა, ზემოთ მოყოლილი ინციდენტის მიუხედავად ერიკსონი მანჩინის ძალიან კარგად იხსენებს. მათი თანამშრომლობა განსაკუთრებით ნაყოფიერი „ლაციოში“ გამოდგა.

„სამ წელიწადში „ლაციომ“ ექვსი თუ შვიდი ჯილდო მოიგო და ეს დიდწილად რობერტო მანჩინის დამსახურება იყო. ის ფეხბურთელობის დროსაც კი მწვრთნელივით იყო.

 

ყველაფერს კისრულობდა, ჩანთების თრევით დაწყებული ავტობუსის მძღოლობით დამთავრებული. „სამპდორიაში“ რომ ვიყავით, ვარჯიშის წინ სწორედ ის ამოწმებდა, ყველაფერი რიგზე იყო თუ არა. რამდენჯერ მითქვამს: „მანჩო“, ნუ იღლები, ყველაფრის შემოწმება დაგქანცავს, შენ კი კვირას ფეხბურთი უნდა ითამაშო. არავინ იფიქროთ, რომ რობერტო მანჩინი მშვიდი ადამიანია. ის ვერასდროს ისვენებს.

მესმის ჭორები, რომ „მანჩესტერ სიტიში“ მას კონფლიქტებთან უწევს გამკლავება. იცით, რას გეტყვით: „მანჩო“ მენტალურად ძლიერი ადამიანია და ყოველთვის ზუსტად იცის, ფეხბურთელისგან რა უნდა. ის მოედანზე ჩემი წარგზავნილი გახლდათ. ფეხბურთელებს, რაც საჭირო იყო, იმას აკეთებინებდა. ხანდახან, თუ დაინახა, რომ ვიღაცას ერთი რამ დაავალა ის კი მეორეს აკეთებს, შესაძლოა გადაირიოს.“

 

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული