ფეხბურთის ასოციაციის თასის მესამე ეტაპზე მეორე ლიგის მეთხუტმეტე გუნდმა „სტივენიჯმა“ პრემიერლიგის „ნიუკასლ იუნაიტედს“ 3:1 მოუგო. ამ დიდმა გამარჯვებამ „ბროდჰოლ ვეიზე“ შეკრებილი ფანები ისე გაახარა, რომ თამაშის დამთავრების შემდეგ თავი ვეღარ შეიკავეს და საზეიმოდ მოედანზე გადახტნენ. და აი, ამ საყოველთაო ზეიმში ერთი ფრიად უცნაური ამბავი მოხდა: მავანი სტივენიჯელი გულშემატკივარი თავისი გუნდის ფეხბურთელს მივარდა და სახეში მუშტი ისე დაარტყა, რომ საბრალო მოედანზე გაშოტა. ეს კადრი ინგლისურმა ტაბლოიდებმა თავიანთ ინტერნეტ-საიტებზე „დააგდეს“. ერთი უნდა ნახოთ რას ეწოდება ნამდვილი ნოკდაუნი. ახლა ადგილობრივი პოლიცია სწორედ ამ
რა იციან, რომ ხულიგანი „სტივენიჯის“ ფანი იყო? მარტივია: კლუბის შარფი აქვს მოხვეული. კადრის გამსხვილების მეთოდით მისი სახეც საკმაოდ მკაფიოდ გამოჩნდა. გამარჯვებულთა თავმჯდომარე ფილ უოლესი ყველა თანაქალაქელსა და გულშემატკივარს მიმართავს თხოვნით, ამხილონ კაცი, რომელმაც თავისი გუნდის მოთამაშეს დაარტყა. პოლიცია პირად მიზეზსაც არ გამორიცხავს. თუ ასეა, დამნაშავეს ფეხბურთელის ნაცნობებში დაუწყებენ ძებნას.
დალგლიშის ავტოგრაფი
საოცარი რამ ჩაიდინა „ბლექპულის“ მწვრთნელმა იან ჰოლოუეიმ - „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ლივერპულის“ სათასო შეხვედრის დროს მერსისაიდელთა ახალ მწვრთნელს კენი დალგლიშს ავტოგრაფი გამოართვა. ჰოლოუეის, რასაკვირველია, „ბლექპულის“ ფანების რისხვა დაატყდა თავს. საქმე ის გახლავთ, რომ ხვალ, ოთხშაბათს, „ბლექპული“ „ლივერპულს“ ხვდება - გადადებული შეხვედრაა. ჰოლოუეიმ კი გულწრფელად გაასავსავა ხელები - მე მხოლოდ ჩემი კერპის ავტოგრაფი მინდოდაო. მან თქვა:
„მინდა კენის იღბალი ვუსურვო. მისთვის ავტოგრაფის გამორთმევა ადრეც მიცდია. მაშინ „ლესტერიდან“ ახალი გაშვებული ვიყავი. მივედი და ვთხოვე, ხელი მომიწერეთ, მეთქი ის კი მეხუმრა ავტოგრაფი რომ მოგცე გადაიღებ, გაამრავლებ და გაყიდიო. არ სჯეროდა, რომ მართლა მინდოდა.
კენი დალგლიში გადასარევი ადამიანია. „ბრისტოლ როვერსიდან“ რომ გამაგდეს მოვიდა და დიდხანს მელაპარაკა. ვერ წარმოიდგენთ, რა ღირსეული ადამიანია“.
ვიეირამ ლურსმანი ჩააჭედა
ძველი გატკეპნილი ნათქვამია, ფეხბურთელმა ბუცები კედელზე ჩამოკიდაო. ამას მაშინ ამბობენ, როდესაც მავანი კარიერას ამთავრებს. თუ ასეა, გამოდის, რომ „მანჩესტერ სიტის“ ფრანგ ნახევარმცველ პატრიკ ვიეირას კედელში ლურსმანი უკვე ჩაუჭედებია, რადგან 34 წლისამ განაცხადა, რომ ზაფხულზე ბურთაობას თავს ანებებს. მიზეზიც აქვს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს: დიდი მონდომების მიუხედავად ისტლენდელთა ძირითად შემადგენლობაში ვეღარ ხვდება, არადა, ახალგაზრდობაში მისთვის რაგინდა რა გუნდის შემადგენლობაში მოხვედრა პრობლემა არ იყო. საკლუბო დონეზე პატრიკ ვიეირამ გულშემატკივარს თავი დაუმარცხებელ „არსენალში“ გამოსვლით დაამახსოვრა. „მეთოფეთა“ შემადგენლობაში ის სამჯერ გახდა პრემიერლიგის ჩემპიონი, შემდეგ კი „ინტერში“ გადავიდა და ოთხჯერ მოიგო „სკუდეტო“.
„ამ წუთას, კარიერის დასრულება სანახევროდ უკვე გადაწყვეტილი მაქვს - უთხრა ვიეირამ „სანდი მირორს“ - ივნისში კი ამ ნაბიჯის გადადგმა ნამდვილად აღარ გამიჭირდება“.