"მანჩესტერ სიტი": მანუელ პელეგრინი არაფერს იმჩნევს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" "ბარნლისთან" 40 წელზე მეტი არ წაეგო და ეს ახლა "მოახერხა", როდესაც "ბარნლი" გასავარდნ ზონაშია, როდესაც "სიტი" "ჩელსის" ისედაც საგრძნობლად ჩამორჩებოდა და "ბარსელონასთან" საპასუხო მატჩის წინ საბრძოლო განწყობა უნდა შეექმნა.

ყველაზე დასანანი "ქალაქელების" თამაშში ის გახლდათ, რომ "სიტიმ" იმიტომ კი არ წააგო, რომ არ უმართლებდა, მომენტს-მომენტზე ქმნიდა და ასე შემდეგ, არამედ იმიტომ, რომ ეს დაიმსახურა, ძალიან უფერულად ითამაშა, გუნდურობისა და ფანტაზიის გარეშე. თუმცა მანუელ პელეგრინის სხვა აზრი აქვს.

"არ ვთვლი, რომ ძალიან ცუდად გამოვიყურებოდით. 3-4 მომენტი გვქონდა, მეტოქემ კი
ერთხელ დაარტყა და გაიტანა. თუმცა ნამდვილად მეტი მომენტი უნდა შეგვექმნა და უნდა შევქმნათ ხოლმე. სიმწვავე მაინც გვაკლდა. არ მიმაჩნია, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლას გამოვეთიშეთ. რაც უფრო მეტ ქულას კარგავ, საქმე მით უფრო გირთულდება, მაგრამ მთავარია, საკუთარი თავის და შესაძლებლობების გვჯეროდეს, ყოველი მომდევნო მატჩისთვის შესაბამისად მოვემზადოთ და შემართულები ვიყოთ" - განაცხადა ჩილელმა.

პელეგრინის ამ სიტყვების მიუხედავად, ფაქტია, რომ "სიტის" ბანაკში ყველაფერი იდეალურად ვერ არის. ხან ვენსან კომპანი და ფერნანდინიო ჩხუბობენ და ხან თავად პელეგრინის ებუტებიან, მაგალითად, სტევან იოვეტიჩი. გამოცდილმა მწვრთნელმა მინდორზე "იოიოც" გამოიყვანა, უილფრიდ ბონიც და ფრენკ ლამპარდიც, რომელმაც პრემიერლიგაში მე-600 შეხვედრა ჩაატარა, მაგრამ ეს შთამბეჭდავი თარიღი მისი გუნდის წარმატებით ვერ აღნიშნა.

ამ წაგების მერე კიდევ უფრო აქტიურად დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ პელეგრინი "სიტიში" უკანასკნელ სეზონს ატარებს. თავად ჩილელი ამ თემაზე საუბარს თავს არიდებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული