როგორც იცით, ურუგვაელმა პოსტზე პაოლო დი კანიო ჩაანაცვლა. წინა სეზონის ბოლოს პოიეტთან ერთად "ლაითის" მკვიდრებმა პატარა სასწაულიც მოახდინეს და პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნება შეძლეს, მაგრამ ეს სეზონი პოიეტს ძალიან მძიმე გამოუვიდა.
პოიეტი "სანდერლენდის" სათავეში 2013 წლის 8 ოქტომბერს მოვიდა და დაახლოებით 18 თვე იყო პოსტზე. მის ხელში გუნდმა 75 მატჩი ჩაატარა,
უშუალოდ მიმდინარე პრემიერლიგას თუ შევხედავთ, 29 მატჩში 14 ფრე, მხოლოდ 4 მოგება და 11 მარცხი. 29 შეხვედრაში გატანილი ოდენ 23 ბურთი, რაც ცუდი მაჩვენებელია და ამაზე ცოტა, კერძოდ კი, 19 გოლი მხოლოდ "ასტონ ვილას" აქვს გატანილი. საინტერესოა, რომ აქედან 4 გოლი ბირმინგემელებმა სწორედ "სანდერლენდს" გაუტანეს წინა ტურში, როდესაც "ლაითზე" 4:0 მოუგეს.
სწორედ ეს გახლდათ ბოლო წვეთი... ანგარიში პირველივე ტაიმში 0:4 იყო და მაყურებლების დიდმა ნაწილმა პროტესტის ნიშნად პირველივე ტაიმისას დატოვა სტადიონი. ისინი ბოლო დღეებში უკვე ძალიან აქტიურად ითხოვდნენ პოიეტის გაშვებას. იქამდელი დიდი დარტყმა კი "შავი კატების" აწ უკვე ყოფილმა თავკაცმა და გუნდის გულშემატკივრებმა მაშინ მიიღეს, როდესაც "სანდერლენდი" ასოციაციის თასიდან "ბრედფორდმა" გამოთიშა.
ალბათ, იცით ისიც, რომ ქვედალიგელ მეტოქესთან მარცხის მერე ურუგვაელმა ფანებს ღია წერილი მისწერა და ერთად დგომა სთხოვა, ახლა გუნდს თქვენი მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდება და ერთად უნდა დავდგეთ ყველანიო. "ბრაიტონის" ექსმწვრთნელს ამან არ უშველა. შეგახსენებთ იმასაც, რომ იანვარში პოიეტმა აღნიშნა, "სანდერლენდის" ფანები წარსულით ცხოვრობენო. ასევე, დაადანაშაულა მასმედია ზედმეტ ზეწოლასა და კრიტიკაში.
ამ სეზონში პოიეტისთვის ერთადერთი ნათელი წერტილი "ნიუკასლთან" მოგებული დერბი გახლდათ, რომელიც გუნდმა ადამ ჯონსონის ბურთით მოიგო, ახლა კი "შავ კატებს" ეს ფეხბურთელიც აკლიათ ცნობილი სკანდალის გამო. საინტერესოა, რომ ახლაც "ტაინ უირის" დერბი ახლოვდება, მაგრამ იქამდე გარკვეული დრო არის, რადგან სანაკრებო პაუზაც იქნება. "კაჭკაჭები" "სანდერლენდს" 5 აპრილს ესტუმრებიან, ხოლო იქამდე, მომავალ უიქენდზე გუნდი "ვესტ ჰემს" ეწვევა და ვნახოთ, ვინ უთავკაცებს "სანდერლენდს". ახსენეს რამდენიმე კანდიდატი და მათ შორისაა დიკ ადვოკაატიც, რომელსაც ყველაზე აქტიურად ასახელებენ.
"სამწუხაროდ, ამ სეზონში ისეთი პროგრესი არ გვქონდა, როგორიც ყველას ერთად გვსურდა. კვლავ გადარჩენისთვის ბრძოლაში აღმოვჩნდით, ცხრილის იმ ნაწილში, რომელშიც თავის წარმოდგენა არ გვსურდა. გაგვიჭირდა გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ შევთანხმდით, რომ ცვლილებაა საჭირო. მინდა გასს დიდი მადლობა გადავუხადო, რადგან მასთან ერთად არაერთი ბრწყინვალე მატჩი ჩავატარეთ და ეს ემოციები თუ მოგონებები სამუდამოდ დარჩება "სანდერლენდის" თითოეულ ფანთან ერთად" - განაცხადა "შავი კატების" თავმჯდომარემ, ელის შორტმა.
წინა სეზონში პოიეტის გმირობებში მხოლოდ "ჩელსისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" "სტემფორდ ბრიჯსა" და "ოლდ ტრაფორდზე" დამარცხება ან "სიტისთან" საგარეო ფრე შედიოდა. მან ასევე მოახერხა და "შავი კატები" ლიგის თასის ფინალში გაიყვანა, რაც დიდი წარმატება გახლდათ, მაგრამ იქ "სიტისთან" დამარცხდა.
სტატისტიკა
* "სანდერლენდს" ამ სეზონში 7 0:0 აქვს ნათამაშები, არც ერთ სხვა გუნდს 4-ზე მეტი 0:0 არ აქვს ნათამაშები.* მხოლოდ "ასტონ ვილას" აქვს "სანდერლენდზე" ნაკლები გოლი გატანილი - ბირმინგემელებს 19, "შავ კატებს" - 23.
* "სანდერლენდს" ყველაზე ცოტა დარტყმა აქვს მეტოქის კარში (204).
* "შავ კატებს" საშინაო მატჩებში მეორე უარესი შედეგი აქვთ პრემიერლიგაში, მხოლოდ 13 ქულა 15 შეხვედრაში. ამაზე ცუდი მაჩვენებელი ოდენ "ლესტერს" აქვს (11 ქულა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"