როი კინის "ავტობიოგრაფია". I თავი [გაგრძელება]

AutoSharing Option
თავი I
დავიბადე 1971 წლის 10 აგვისტოს, ქალაქ კორკის ჩრდილოეთ გარეუბან მეიფილდში. ოჯახში ხუთი ბავშვიდან მეოთხე ვიყავი. მოგვიანებით, ჩემი მშობლები, უფროსი ძმები - ჯონსონი და დენისი, და ჰილარი და მე (ჩემი უმცროსი ძმა პეტი მოგვიანებით დაიბადა) ლოტემორ პარკში გადავედით. დედაჩემი მარი ცნობილი სპორტული ოჯახიდან იყო.

მამაჩემმა გარკვეული ხანი ტრიკოტაჟის ადგილობრივ ფაბრიკაში იმუშავა, მაგრამ მალე ის გაკოტრდა. ამის შემდეგ სამუშაოს შოვნა გაჭირდა და მამა, ისევე, როგორც ბევრი სხვა მამაკაცი, ნებისმიერ საქმეს ჰკიდებდა ხელს. 70-იან და 80-იან წლებში, როცა ერთი მსოფლიო საფინანსო
კრიზისი მეორეს ცვლიდა, ირლანდიის ეკონომიკას რთული დროება ედგა. კორკი ყველაზე მეტად ზარალდებოდა.

ვიზრდებოდი და ვხვდებოდი, რომ ფული არასოდეს გვყოფნიდა. მაგალითად, არ გვყავდა მანქანა. მაგრამ, სიმართლე გითხრათ, არასოდეს არაფერი მაკლდა. მზრუნველი მშობლები მყავდნენ, მაგრამ ჩემ აღზრდაში დიდი წვლილი ძმებსა და დას მიუძღვით. შესაძლოა, იმის გამო, რომ ოჯახში ყველაზე უმცროსი ვიყავი (სანამ პეტი არ დაიბადა), ძალიან მანებივრებდნენ.

წმინდა იოანეს სახელობის ადგილობრივ დაწყებით სკოლაში დავდიოდი. სწავლით ნამდვილად არ ვბრწყინავდი, თუმცა ჩუმი ბავშვი ვიყავი და მიხაროდა, რომ ვერ მამჩნევდნენ. ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის პირველ ადგილზე სპორტი იდგა და არა განათლება. ცხოვრება სასკოლო ზარის შემდეგ იწყებოდა, რომელიც სასწავლო დღის დასრულებას გვამცნობდა.

კორკის სპორტულ ტრადიციებს ღრმა ფესვები აქვს და მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ჩვენს სახლში ყოველთვის დაფასებული იყო ბრიტანული ფეხბურთი. სხვები უპირატესობას ანიჭებდნენ სხვა სახეობებს, მაგალითად, ირლანდიურ ბალახის ჰოკეის.

ჩვენი ოჯახი ბრიტანული ფეხბურთის დიდი თაყვანისმცემელი იყო. მამაჩემი "კროფტონსა" და "ნორდ ენდში" - ორ ადგილობრივ იუნიორთა გუნდში ძირითად შემადგენლობაში თამაშობდა. დედაჩემის მამა და ორი ბიძა ოქროს მედლების მფლობელები იყვნენ ირლანდიის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით გამართულ იუნიორთა ტურნირზე. დედაჩემის ორი ძმა - მიკ და პეტ ლინჩები "როკმაუნტში" თამაშობდნენ - კორკის ერთ-ერთ უძველეს და სახელგანთქმულ იუნიორთა კლუბში.

ამიტომაც მე და ჩემს ძმებს უფლება არ გვქონდა, ფეხბურთი არ გვეთამაშა. ჩვენს ოჯახში ერთ-ერთი ცნობილი ხუმრობა იყო საუბრები თემაზე - რამდენად დიადი ფეხბურთელები იყვნენ მამაჩემი და ბაბუაჩემი. მე და ჩემი ძმები ყოველთვის ვიცინოდით ამაზე, რადგან მათი მონათხრობიდან ისე ჩანდა, რომ "მაშინ" ყველა ფეხბურთელი დიადი იყო.

ისევე, როგორც კორკის მოსახლეობის უმრავლესობა, მე ვამაყობ საკუთარი წარმოშობითა და ფესვებით. წარმოშობის შესახებ კითხვაზე, კორკში ყოველთვის ასე პასუხობენ: "ძირძველი ირლანდიელი".

ჯეკ ლინჩსა და კრისტი რინგს არანაკლებად მიიჩნევდნენ სახალხო გმირებად, ვიდრე ინგლისში სტენლი მეტიუზსა და ტომ ფინის. ჩემი კარიერა ჰოკეიში საშინლად დასრულდა. სრულიად უწყინარ სიტუაციაში ჩემი ყვანჯი გატყდა და ხის ნატეხი ფეხში შემესო, რის გამოც ტრავმის მკურნალობას მთელი ნახევარი წელი დასჭირდა.

დილონ-კროსში ბრაიან დილონის საკრივო კლუბში ვარჯიშებზე დავდიოდი. ირლანდიის ახალბედათა ლიგაში სულ ოთხი ბრძოლა ჩავატარე და ყველა მოვიგე. იმ დროისთვის, როცა კრივის ნება დამრთეს, ფიზიკურად ყველაზე მომზადებული მოკრივე აღმოვჩნდი და ყველაზე მონდომებული საბრძოლველად.

მაგრამ ერთი პრობლემა მქონდა - უკვე რეგულარულად ვთამაშობდი "როკმაუნტის" შემადგენლობაში და კრივის მწვრთნელმა მკაცრი არჩევანის წინაშე დამაყენა: ფეხბურთი ან კრივი. ასე რომ, ჩხუბი უნდა დამევიწყებინა.

თუმცა სპორტის ამ სახეობამ ჩემს სპორტსმენად ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ხტომებმა და საკრივო ილეთებმა მეტად მოქნილი და მოხელთებული გამხადა. გარდა ამისა, ერთგვარი დამაჯერებლობა შევიძინე აგრესიულ წრესთან შეჯახებისას. ჩემი ასაკისთვის ჯერაც დაბალი ვიყავი, მაგრამ ბრძოლის წარმართვის საკრივო ტექნიკამ და შეძენილმა დისციპლინამ ფსიქოლოგიური უპირატესობა მომცა: შემეძლო საკუთარი თავის დაცვა, დაბალი სიმაღლისა და მორცხვობის მიუხედავად.

როცა ფებურთსა და კრივს შორის არჩევანის გაკეთება მომიწია, ერთი წამით არ შემპარვია ეჭვი ჩემს პასუხში. ეჭვგარეშე იყო, რომ "როკმაუნტში" ვითამაშებდი და არა ჩემი რაიონის კლუბ "მეიფილდში", სადაც ჩემი სკოლის მეგობრები გამოდიოდნენ. ის, რომ ჩემი ძმები - დენისი და ჯონსონი "როკმაუნტში" თამაშობდნენ, ამ გუნდის არჩევის ერთ-ერთი მიზეზი გახდა, მაგრამ ამ ფაქტის ნამდვილი ახსნა ის იყო, რომ "როკმაუნტი" აღმავლობის გზაზე იდგა.

კლუბში რვა წლის ასაკში მივედი, მაგრამ უკვე გამარჯვებებზე ვფიქრობდი. იმის გამო, რომ "როკმაუნტის" სახელი მთელ ოლქში ქუხდა, მის რიგებში სათამაშოდ კორკის გარეუბნების ყველა საუკეთესო მოთამაშე მიდიოდა. კლუბში მისაღწევად შვიდი მილი მანძილის დაფარვა მიწევდა. დედაჩემი ყოველთვის ხალისით მაძლევდა ავტობუსის ფულს, ხოლო, როცა ბუცები მჭირდებოდა, თითქოს ჯადოსნური ჯოხი აქვსო, მაშინვე ახალი ბუცები მოჰქონდა ჩემთვის. შესაძლოა, ფეხსაცმელი საუკეთესო მარკის არ იყო, მაგრამ სავსებით მაკმაყოფილებდა.

ძალიან მომწონდა მაისურისა და ნამდვილი ბუცების ჩაცმა, თეთრად დახაზულ ნამდვილ მინდორზე თამაში. ყველაფერი ნამდვილი იყო. მსაჯებიც კი მიყვარდა, რადგან ისინი კამათის ნებას გვაძლევდნენ. "როკმაუნტში" მისვლა უდიდესი ნაბიჯი იყო ჩემს ბავშვობაში. ბოლოს და ბოლოს, ფეხბურთელი გავხდი.

10 წლის ასაკში ვთამაშობდი გუნდში, რომელიც 11 წლის ბიჭებისგან შედგებოდა. სიმაღლესა და წონაში ძალიან ჩამოვრჩებოდი, მაგრამ ბევრს ვჯობდი თამაშისადმი მიდგომის მხრივ. მთელ ჩემს ენერგიას ვხარჯავდი მინდორზე. შემეძლო სირბილი, ზუსტი პასის მიცემა, ბურთის ართმევა. ეს სიმართლე იყო: მარათონული თამაშების შემდეგ, რასაც მეიფილდის არც ისე ხარისხიან მინდვრებზე მივეჩვიეთ, თითო ტაიმის 35 წუთი 11-წლიანების გუნდში იოლ გასეირნებად მოჩანდა.

მეიფილდში ყველანი ინგლისურ კლუბებს გულშემატკივრობდნენ. ჩემი გუნდი იყო "ტოტენჰემი". რატომ? იმიტომ, რომ ჩემი მეგობრები საძულველ "მანჩესტერ იუნაიტედს", "ლივერპულს" ან "არსენალს" ქომაგობდნენ. გლენ ჰოდლი ჩემი საყვარელი ფეხბურთელი იყო. ჩემი ბავშვობის ერთ-ერთ ბედნიერ დღეს ტელევიზორში ვუყურე, როგორ მოუგო "ტოტენჰემმა" ინგლისის თასის ფინალის ასწლიან იუბილეზე "მანჩესტერ სიტის". გამარჯვების გოლი რიკარდო ვილამ გაიტანა. მისი სლალომი ბურთით მცველებს შორის ამ საინტერესო მატჩის ბრწყინვალე კულმინაცია გახდა.

მართალია, მიყვარდა გამორჩეული მოთამაშეების მიბაძვა, როგორებიც იყვნენ რიკი ვილა ან გლენ ჰოდლი, მაგრამ ჩემი თამაშის მანერა არ ჰგავდა მათ სტილს. მე უფრო მუშა ცხენი ვიყავი, ვიდრე გამორჩეული შემსრულებელი. ვიბრძოდი გოლებისთვის, ყოველი ბურთისთვის, როცა მას ვკარგავდით. საერთო ჯამში, ძალიან აქტიური ვიყავი მოედანზე.

ვუსმენდი ჩვენს მწვრთნელებს - ტიმი მერფისა და ჯენ ო'სალივანს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი თამაშისადმი დამოკიდებულებაზე ლაპარაკობდნენ. მათი პრინციპი მარტივი იყო, მაგრამ მასში სიმართლე იმალებოდა: თუ მოედანზე განწყობის გარეშე გახვალ, არ აქვს მნიშვნელობა შენი ოსტატობის დონეს - ნებისმიერ შემთხვევაში წაგებული დარჩები. მე მჯეროდა მათი და დღემდე მჯერა.

"როკმაუნტში" ჩემი პირველი სეზონის დასრულების შემდეგ წლის საუკეთესო ფეხბურთელად დამასახელეს. ძალიან ამაყი ვიყავი იმით, რომ შევძელი კინების ოჯახის ტრადიციების გაგრძელება კლუბში, სადაც ადრე ჩემი ძმები და ბიძები თამაშობდნენ.

"როკმაუნტში" ჩემი მეორე სეზონის დროს, 11-წლიანებში ჩემპიონატი მოვიგეთ და თასი მოვიპოვეთ. იმ დროისთვის "როკმაუნტმა" კონტრაქტები გააფორმა პოლ მაკარიტსთან, ალან ო'სალივანთან, დემიენ მარტინთან და ლენ დაუნისთან (ეს ფეხბურთელები, მოგვიანებით, ირლანდიის ნაკრების სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში თამაშობდნენ). ისინი შეადგენდნენ გუნდის ბირთვს, რომელმაც ზედიზედ ექვსი წელი მოიგო თასი და ჩემპიონატი.

კორკში სასკოლო ფეხბურთში კონკურენცია, უბრალოდ, ფანტასტიკური იყო, ჩვენ კი დაუმარცხებლები ვიყავით ექვსი სეზონის განმავლობაში.

12 წლისა "მეიფილდის საზოგადოებრივ სკოლაში" გადავედი. ჩემი ძმის, ჯონსონის დამსახურებით, იქ კინის გვარი უკვე სახელგანთქმული იყო.

მასწავლებელი: "გვარი?"
მე: "კინი. როი კინი".
მასწავლებელი: "ჯონსონი შენი ძმაა?"
"დიახ".
"აჰა!" მის ამ ჩაცინებას შემდგომი განმარტება არ სჭირდებოდა. მათ უკვე კარგად იცოდნენ, ვისთვის უნდა მიექციათ განსაკუთრებული ყურადღება.

ჩემ გულგრილ და აგდებულ დამოკიდებულებას სწავლის მიმართ უკვალოდ არ ჩაუვლია. 15 წლის ასაკში გარდამავალი გამოცდა უნდა ჩამებარებინა. თუ მას ჩავაგდებდი, სკოლას უნდა დავმშვიდობებოდი. ასეთ შემთხვევაში რჩებოდა ბანდიტობა ან მთელი ცხოვრების უმუშევრის შემოწირულობაზე გატარება. თუ "გარდამავალს" ჩავაბარებდი, მაშინ უფლებას მომცემდნენ, ჩამებარებინა "საბოლოო გამოცდა", რომელიც გზას მიხსნიდა კარგი სამუშაოსკენ. ეს ნიშნავს სოციალური დაცულობის გრძნობას და აქედან გამომდინარე, ყველა სიკეთეს.

მაგრამ აქ ისევ უნდა გავიხსენოთ რყევები ქვეყნის ეკონომიკაში - არც "საშუალედოსა" და არც "საბოლოოს" ჩაბარება არ იყო რამდენიმე წლის შემდეგ კარგი ხელფასის გარანტია. მაგრამ ეს ფაქტი ვერ იქნება სწავლისადმი ჩემი ამგვარი დამოკიდებულების გამართლება.

ჩემში იყო დიდი რწმენა - უფრო პროფესიონალი ფეხბურთელი გავხდებოდი, ვიდრე "საშუალედოს" ჩავაბარებდი.

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
როი კინის "ავტობიოგრაფია" - შესავალი
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული