მატჩის ბედი მე-2 წუთზევე გადაწყდა, როდესაც ნილ სვორბრიკმა "ალბიონი" 10 კაცით დატოვა, მაგრამ კრეიგ დოუსონის ნაცვლად, გარეთ მაკოლი გააძევა. მსაჯმა მატჩის მერე მოიბოდიშა, შეცდომა დავუშვიო. მსგავსი ხარვეზი ამ სეზონში პირველი არ არის და ინგლისში არბიტრების "ბოსი" მაიკ რაილი იმაზეც კი ალაპარაკდა, ვიდეოგარემოებების დამკვიდრებაა საჭიროო.
სხვათა შორის, "ვესტ ბრომვიჩი" წითელი ბარათის გასაჩივრებას არ აპირებს, ასოციაცია, უბრალოდ, მაკოლიდან დოუსონზე გადაიტანს დისკვალიფიკაციას, ეს
წინა სეზონის საუკეთესო მწვრთნელად დასახელებულმა ტონი პულისმა ყველაფერი მსაჯობას და მცდარ გადაწყვეტილებებს კი დააბრალა, მაგრამ "ქალაქელები" უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ, მათ მეტოქეს კარისკენ 43-ჯერ დაურტყეს 3-ის წინააღმდეგ, აქედან ზუსტი 16 დარტყმა იყო და სტუმრებს ზუსტად არც ერთხელ დაურტყამთ.
უცნაური, ამ ყველაფრიდან გამომდინარე ისაა, რომ სერხიო აგუერომ ვერ გაიტანა, არგენტინელმა ბევრი მომენტი გააცუდა და ახლა კუნი ორი გოლით ჩამორჩა ბომბარდირთა დავაში დიეგო კოშტასა და ჰარი კეინს.
სამაგიეროდ, შეაგდო თავისი პირველი ბურთი უილფრიდ ბონიმ. კოტდივუარელს ეს გოლი თავდაჯერებისთვის ძალიან სჭირდებოდა. მას ფერნანდომ გაატანინა, რომელმაც კარგი მატჩი ჩაატარა და მერე თავადაც შეაგდო, რაც პრემიერლიგაში "სიტის" საიუბილეო მე-1000 გოლი გამოდგა. იუბილეს აღნიშნავდა თავად პელეგრინიც, რომელიც მანჩესტერელების მაისურით თავის მე-100 მატჩს ზეიმობდა.
"კარგად ვითამაშეთ და ძალიან კმაყოფილი ვარ. ყოველთვის ადვილი არ არის იმით ისარგებლო, რომ მეტოქე 10 კაცითაა. თანაც, დატვირთული გრაფიკი გვქონდა. ბონის გოლი ძალიან სასიხარულოა. დიახ, მას რაღაც დრო სჭირდებოდა და შემადგენლობას ნელ-ნელა შევაჩვიეთ. უპირველეს ყოვლისა, ახალი ფეხბურთელია და თანაც, აფრიკის თასზე თამაშობდა და ცოტა გადაღლილიც გახლდათ" - თქვა ჩილელმა.
"სიტის" თავკაცს დავიდ სილვაზეც ჰკითხეს, რამდენად მოხიბლულია ესპანელით, რომელმაც ამ შეხვედრაშიც გაიტანა და სულ 11 გოლი დაუგროვდა ჩემპიონატში. აქამდე სილვას სეზონში არც ერთი გუნდის მაისურით 8 გოლზე მეტი არ გაუტანია.
"მიმაჩნია, რომ მომატება ყოველთვის შესაძლებელია. მით უმეტეს, როდესაც ისეთ ტოპ-ფეხბურთელზე ვსაუბრობთ, როგორიც სილვაა. იგი მშვენიერ ფორმაშია და დავიდისგან მომავალშიც ველოდებით კარგ თამაშს" - დაამატა პელეგრინიმ.
"სიტიმ" მეორე ადგილი შეინარჩუნა, მაგრამ მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს "არსენალს" და ორით თანაქალაქელ "მანჩესტერს", ხოლო ლიდერ "ჩელსის" ისევ 6-ით ჩამორჩება; პლუს, "ლურჯებს" "ლესტერთან" გადადებული მატჩი ელოდებათ, რომელსაც 99%-ით მოიგებენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"