ბებერი მანჩესტერელების დაგროვება ტოტენჰემში

AutoSharing Option

„ტოტენჰემის“ თავკაცი ჰარი რედნაპი სენსაციური ტრანსფერისთვის ემზადება: „ევერტონიდან“ ფილ ნევილი გადაჰყავს. ორ კლუბს შორის მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს, ასე რომ 33 წლის მცველის ლონდონში გადასვლას წესით აღარაფერი უნდა დაუდგეს წინ. „მანჩესტერ იუნაიტედის“ ოდინდელ ვარსკვლავს „ევერტონთან“ თანამშრომლობის 18 თვე აქვს დარჩენილი და, ვინაიდან, ახალგაზრდა აღარ არის, „დეზებიც“ ზუსტად ამდენი ხნით გაუფორმებენ ხელშეკრულებას. საერთოდ კი, ფილ ნევილს „გუდისონ პარკზე“ ოთხწლიანი კონტრაქტი ჰქონდა.

რად უნდა ნევილს „ევერტონიდან“ „ტოტენჰემში“ გადასვლა? რასაკვირველია, ჩემპიონთა ლიგის გამო. ვეტერანს უდიდეს საკლუბო შეჯიბრებაში მონაწილეობის ეს შანსიღა დარჩენია. საინტერესოა, რომ ლონდონელებმა

ლივერპულელებს მის სანაცვლოდ 1,5 მილიონი ფუნტი შესთავაზეს, მაგრამ მათმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა, რომელსაც ნევილის გაყიდვა არ უნდოდა, ფულზე უარი თქვა, ჯობს ფეხბურთელი ფეხბურთელში გავცვალოთო. თავიდან დევიდ ბენტლისა და რომან პავლიუჩენკოზე იყო ლაპარაკი, მაგრამ, გარემარბი ბენტლი „ბირმინგემში“ გადადის - უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება.

ფილ ნევილის გადაყვანის საქმეში რედნაპს „ტოტენჰემის“ თავმჯდომარე დევიდ ლევიც მხარს უჭერს. ნევილს ფრიად სასარგებლო თვისება აქვს: დაცვაშიც შეუძლია თამაში და ნახევარდაცვაშიც. იმავდროულად მცველ-ნახევარმცველს არც მადა დაეწუნება, კვირაში 50 ათას ფუნტს ითხოვს და ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ლევიმ რედნაპს მასთან კონტრაქტის გაფორმებამდე ერთი-ორი ფეხბურთელის გაყიდვა სთხოვა. ვის გაყიდის „სფურზის“ მწვრთნელი? ყველაზე მეტად ხორვატი ვედრან ჩორლუკას „ლივერპულში“ გადასვლაა მოსალოდნელი.

ამასობაში თავისებურად ვითარდება „მანჩესტერ იუნაიტედის“ კიდევ ერთი ყოფილი ვარსკვლავის, დევიდ ბექჰემის ამბავი - ის უკვე „ტოტენჰემის“ საწვრთნელ ცენტრში დადის, მაგრამ რისთვის? ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არ არსებობს. შეგახსენებთ, რომ ამერიკაში სეზონი დასრულდა და ვეტერანი თავისუფალი დროის პრემიერლიგაში გატარებას აპირებდა, მაგრამ... 35 წლის ვარსკვლავს მისმა კლუბმა „ლოს ანჯელეს გელექსიმ“ 10 თებერვლამდე ლონდონში მხოლოდდამხოლოდ ვარჯიშის ნება დართო. ბექჰემმა გადაწყვიტა ამით ესარგებლა და ბაზაზე მივიდა, ოღონდ პირველ დღეს რედნაპი და ფეხბურთელები არ უნახავს - გუნდს ფეხბურთის ასოციაციის თასის მესამე ეტაპის შეხვედრის შემდეგ დასვენების დღე ჰქონდა. ამიტომაც, ერთადერთი, რისი დაწერაც ინგლისურმა ტაბლოიდებმა იმ დღეს მოახერხეს ის იყო, რომ ვეტერანი ჩიგუელში შუადღისას შავი „აუდით“ მივიდა და სამოქალაქო ტანსაცმელი გამოიცვალა - „სფურზის“ სავარჯიშო ფორმა მოირგო.

როგორ განვითარდება მოვლენები მომავალში? კვირას „ტოტენჰემი“ ბექზის ყოფილ გუნდს „მანჩესტერ იუნაიტედს“ მასპინძლობს. როგორც ამბობენ, ლონდონელთა შეფებს არ გადაუწურავთ იმედი, რომ ამერიკელ კოლეგებს  დაიყოლიებენ და ვარსკვლავისთვის თამაშის ნებასაც გამოსტყუებენ. ცნობისათვის: ამერიკაში აზალი სეზონი 15 მარტს იწყება.

„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საბოლოო სიტყვა ჯერ არ თქმულა“ - თქვა გუშინ დილით რედნაპმა. როგორც ჩანს ამერიკული მხარე ფეხბურთელის ჯანმრთელობის მეტისმეტად დიდ თანხად დაზღვევას ითხოვს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული