კენი დალგლიშმა გულწრფელად თქვა, რომ როგორც კი როი ჰოჯსონის შემცვლელთა შორთ-ლისტის ამბავი გაიგო და შეიტყო, რომ „ლივერპულის“ მწვრთნელობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია, გადაწყვიტა შანსი ხელიდან არ გაეშვა. 59 წლის ლეგენდა, რომელიც მერსისაიდელებს 1985-91 წლებში ედგა სათავეში, ოფიციალურად სეზონის ბოლომდეა დანიშნული. მისი ხელახალი დებიუტი ფეხბურთის ასოციაციის თასის მესამე ეტაპის შეხვედრაში „ოლდ ტრეფორდზე“, „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ შედგა. „ლივერპული“ დამარცხდა, 0:1. დალგლიშის აზრით, შეხვედრის შედეგი ცუდმა მსაჯობამ განაპირობა. იმავე დღეს მოხდა უპრეცედენტო რამ: „ლივერპულის“ ჰოლანდიელმა თავდამსხმელმა რაიან ბაბელმა „ტვიტერზე“ „დააგდო“ ფოტომონტაჟი, სადაც მსაჯი ჰოვარდ
„ორიგინალური“ დასაწყისის მიუხედავად დალგლიში ამბობს, რომ 20 წლის წინ „ენფილდ როუდზე“ დაუსრულებელი საქმეები დარჩა და ახლა უნდა დაასრულოს. ცნობისათვის: დღეს, ლეგენდარულ ფეხბურთელსა და მწვრთნელს უკვე 21-ე საუკუნის პრემიერლიგაში აქვს ნათლობა: გამოტოვებულ შეხვედრაში „ლივერპული“ „ბლექპულს“ ეთამაშება.
„თუ კლუბის ხელმძღვანელები ფიქრობენ, რომ დახმარება შემიძლია, ყველა ღონეს ვიხმარ. ძალიან გამიხარდება თუ გრძელვადიან კონტრაქტს შემომთავაზებენ, მაგრამ თუ ერთ მშვენიერ დღეს მეტყვიან, რომ ცუდად ვმუშაობ და სჯობს წავიდე, არ შევეწინააღმდეგები. ვინმე ჩემზე უკეთ შეძლებს ამ საქმის კეთებას? კეთილი, მობრძანდეს და გადაიბაროს ყველაფერი. მე ყურადღების გამახვილებას ფეხბურთზე ვაპირებ. არც კი დავფიქრებულვარ რა მდგომარეობაა ახლა „ლივერპულში“ და არც შორსმიმავალი გეგმების დასახვა მეხერხება“.
ცნობილი გახდა, რომ დალგლიშის გარდა შორთ-ლისტში იყვნენ „მარსელის“ მწვრთნელი დიდიე დეშანი, „პორტუს“ თავკაცი ანდრე ვილას ბოასი, „დორტმუნდის“ იურგენ კლოპი და ბოლტონელი ოუენ კოილი. მწვრთნელთა შერჩევას საფეხბურთო საქმეთა დირექტორი დამიენ კომოლი ხელმძღვანელობდა. ერთხელ, როდესაც ფრანგს ჰკითხეს კერძოდ როგორ სპეციალისტს ეძებდა, მან უპასუხა: „კომპეტენტურს. ისეთს, რომელიც ჩვენი კლუბის ფილოსოფიას მოერგება. გარდა ამისა, მას ადამინაბთან ურთიერთობა უნდა შეეძლოს. აი, ეს სამი ფაქტორი იქნება „ლივერპულისთვის“ გადამწყვეტი. რასაკვირველია, ჩვენ განვიხილავთ ნებისმიერი მეტ-ნაკლებად შესაფერისი სპეციალისტის კანდიდატურას, მაგრამ პიროვნება, რომელიც ჩამოთვლილ მოთხოვნებს ყველაზე მეტად აკმაყოფილებს, რასაკვირველია კენია“.
დღეს, როდესაც დალგლიში უკვე საქმეშია, კომოლი ამბობს, რომ მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში ყველა მოწონებულ ფეხბურთელს მწვრთნელი შეაფასებს და მის ყიდვა-არყიდვას ბეჭედს ის დაუსვამს. განვმარტოთ: კაცი, რომელსაც კონტრაქტი მხოლოდ სეზონის ბოლომდე გაუფორმეს, წესით არ უნდა წყვეტდეს ვინ იყიდოს კლუბმა, რადგან ის მაისის ბოლოს წავა, ხოლო ფეხბურთელი, რომელშიც მილიონებია გადახდილი დარჩება და შესაძლოა მომდევნო თავკაცს არ მოეწონოს. მაგრამ, ვინაიდან დალგლიშს მოთამაშეების შერჩევის ნებას რთავენ, სავარაუდოდ, ზაფხულზე ხელშეკრულებასაც გაუგრძელებენ.