პრემიერლიგა. XXXI ტურის წინ: "ლივერპულის" გადამწყვეტი მატჩი

AutoSharing Option
ფოტოზე: არსენ ვენგერს "ლივერპულის" ამბიციებზე ეცინება
ალბათ კითხვა და თქმა იმას არ სჭირდება, რომ ტურის ცენტრალური შეხვედრა "ემირატებზეა", სადაც "ლივერპული" ჩადის.

შეხვედრის პრინციპულობისა და მოსალოდნელი დაძაბულობის მიუხედავად, წითელი ბარათის ალბათობა მნიშვნელოვნად დაბალია, რადგან მერსისაიდლებს "მანჩესტერ იუნაიტედთან" სკანდალური მატჩის მერე, სტივენ ჯერარდი და მარტინ შკრტელი არ ეყოლებათ, ჩადენილი "გმირობების" გამო, ისინი დისკვალიფიცირებულნი არიან.

ხუმრობა იქით იყოს და, თავისი ტრადიციული დანაკლისი აქვს "არსენალსაც", როდის ყოფილა "მეთოფეები" ბოლომდე შეიარაღებულნი გვენახოს და შემადგენლობასთან პრობლემები არ ჰქონოდეს? თუმცა ეს ცუდად სულაც არ აისახება ლონდონელების თამაშზე,
ისინი შესაშურ ფორმაში არიან და უფრო შორს რომ აღარ წავიდეთ, პრემიერლიგაში ზედიზედ 6 გამარჯვება აქვთ.

არსენ ვენგერის ერთადერთი პრობლემა შესაძლოა, ისაა, რომ ალექსის სანჩესი ვეღარ თამაშობს, მაგრამ სამაგიეროდ, ოლივიე ჟირუა ბრწყინვალე კონდიციებში და პრემიერლიგაში გატანილი გოლების კუთხით ჩილელს უკვე დაეწია, მათ აქტივში 13-13 ბურთია.

ფრანგი ღიმილით ამბობს, ჩემი მიზანია, სეზონის ბოლოს სანჩესზე მეტი გოლი მქონდესო, ღიმილი ღიმილად და ჟირუს ამ ნახევრად ხუმრობაში სიმართლის მარცვალიც ურევია და იგი ძალიან მოტივირებულია.

ექსმონპელიელის გარდა, ლივერპულელების მასპინძლების სხვა მოთამაშეებსაც უნდა უფრთხოდნენ, თანაც ბოლო წლებში "მეთოფეებს" ურთიერთშეხვედრებში საგრძნობი უპირატესბა აქვთ, მაგალითად უკანასკნელი 7 მატჩიდან "არსენალმა" "ენფილდის" ბინადრებს 4 მოუგო, ორი ფრედ დაასრულა და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა.

სათამაშო ფორმას ვერც "ლივერპულს" დავუწუნებთ. ბრენდან როჯერსის ბიჭებმა "წითელ ეშმაკებთან" კი წააგეს, მაგრამ "მანჩესტერიდან"-"მანჩესტერამდე" მათ 13 დაუმარცხებელი შეხვედრა შემოგვთავაზეს (10 მოგება, 3 ფრე).

თუმცა მერსისაიდელებს მთელი ეს შრომა წყალში ჩაეყრებათ, თუ ისინი "არსენალთანაც" დამარცხდებიან, რომელსაც 6 ქულით ჩამორჩებიან, ხოლო მანჩესტერელებთან ანუ მეოთხე ადგილთან სხვაობა 5 ქულაა.

ასე რომ, ლივეპულელების საქმე სერიოზულადაა და მათ ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ სულ მცირე არ წააგონ.

ამასობაში, ლუი ვან გაალის გუნდი "ასტონ ვილასთან" მატჩისთვის ემზადება და 3 ქულას გეგმავს. "იუნაიტედმა" "არსენალისა" და "ლივერპული" ურთიერთშეხვედრით უნდა ისარგებლოს და ერთ-ერთ აუტსაიდერთან იმარჯვოს.

ქულები ბირმინგემელებსაც ძალიან სჭირდებათ, მაგრამ როგორია მათი შანსები მშვენივრად ათამაშებულ მანჩესტერელებთან თავად განსაჯეთ. თუმცა ტიმ შერვუდის განწყობა საბრძოლო და ოპტიმისტურია, ასეთი მუხტის გადადებას მწვრთნელი ფეხბურთელებისათვისაც ცდილობს თავისი ომახიანი განცხადებებით.

ოთხეულის სხვა მაძიებლები "საუთჰემპტონი" და "ტოტენჰემი" საგარეო მატჩებს ჩაატარებენ. "წმინდანებს" "ევერტონთან" ელოდებათ შეხვედრა, ხოლო "დეზები" "ბარნლის" ეწვევიან. ერთი შეხდვით, "საუთჰემპტონს" უფრო რთული მატჩი აქვს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ საკითხავია, რადგან "ბარნლის" ქულები გაცილებით უფრო სჭირდება, ვიდრე "კანფეტებს" და "ტარფ მურზე" მასპინძლები მოგებაზე იქნებიან დაგეშილები.

ლიდერი "ჩელსი" ათეულში მყარად დამკვიდრებულ "სტოკს" მასპინძლობს და მარკ ჰიუზისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, მის ბიჭებს "სტემფორდ ბრიჯზე" ძალიან უნდა გაუჭირდეთ. მიმდინარე სეზონში "ლურჯებს" ერთადერთი ამოცანა დარჩათ - ლიდერობის შენარჩუნება - და ჟოზე მოურინიო თავისიანებს სრული სიმკაცრით მოთხოვს 3 ქულას.

ტურს მანუელ პელეგრინის "სიტისა" და "კრისტალ პალასის" "სელჰარსტ პარკზე" გასამართი დუელი დაასრულებს. ალან პარდიუს მიჯრით ბოლო 4 თამაშიდან 3 მოგებული აქვს და შეეცდება, რომ "არწივებისთვი" უკანასკნელ წლებში ყველაზე რთულ მეტოქედქცეულ "ქალაქელებთან" ზედიზედ 7-წაგებიანი სერია შეაწყვეტინოს. "სიტის" კი მოგების გარდა ვერანაირი შედეგი ვერ დააკმაყოფილებს, რადგან "არსენალი" და თანაქალაქელი "მანჩესტერი" "კუდზე აზიან".

დაბოლოს, ტკბილი ლუკმა - ტაინ უირის დერბი "სანდერლენდსა" და "ნიუკასლს" შორის. უკანასკნელ სეზონებში თითქოს, ტრადიციასავით დამკვიდრდა, რომ "შავი კატების" გამოცოცხლების ნიშანი "კაჭკაჭების" დამარცხებაა ხოლმე. "ლაითზე" გუნდს მხარდაჭერა არასდროს აკლია და მით უმეტეს ახლა არ დააკლდება.

ახალი მწვრთნელი დიკ ადვოკაატი სადებიუტო მოგების მოლოდინშია და ალბათ იცით, რომ მან გუნდში სექსსკანდალში გახვეული ადამ ჯონსონი დააბრუნა. სწორედ მისი გვიანი გოლით მოიგო პირველი წრის დერბი "სანდერლენდმა", რომელიც გასავარდნი ზონის მიჯნაზეა.

ჯორდებს საძულველ მეტოქესთან 6 შეხვედრაა, არ უმარჯვიათ, აქედან ბოლო 4 სულაც წააგეს და ჯონ კარვერს ძალიან უნდა, რომ ეს სტატისტიკა თავისი გუნდის სასიკეთოდ შეცვალოს, რაც მთავარი მწვრთნელის პოსტზე პოზიციების გამყარებისა და ფანების გულის მოგების თვალსაზრისით ძალიან დაეხმარებოდა.

პრემიერლიგა. XXXI ტური
შაბათი. 4 აპრილი
არსენალი-ლივერპული 15:45
დისკვალიფიკაცია: - ჯერარდი, შკრტელი
ტრავმა: იოზილი, დიაბი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი, არტეტა, დებიუში - ხოსე ენრიკე, ფლენეგანი
ბოლო 6 მატჩი
+6 =0 -0 +5 =0 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 177 თამაში: +63 =48 -66 (233-246)

ევერტონი-საუთჰემპტონი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ვიედო, ჰიბერტი - გალაჰერი, როდრიგესი, ფორსტერი, მაიუკა
ბოლო 6 მატჩი
+2 =1 -3 +2 =2 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 75 თამაში: +37 =16 -22 (129-86)

ლესტერი-ვესტ ჰემი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჰამონდი, ბაკაიოგო - ტომკინსი, ე. ვალენსია, რიდი, კეროლი
ბოლო 6 მატჩი
+0 =2 -4 +1 =2 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 73 თამაში: +25 =17 -31 (111-121)

მანჩესტერი-ასტონ ვილა 18:00
დისკვალიფიკაცია: ევანსი -
ტრავმა: უილსონი, შოუ - ვლაარი, სისოხო, რიჩარდსონი, ბეიკერი, სენდეროსი, კოზაკი, ჰერდი
ბოლო 6 მატჩი
+5 =0 -1 +2 =0 -4
ურთიერთშეხვედრები
სულ 159 თამაში: +80 =38 -41 (292-206)

სუონსი-ჰალი 18:00
დისკვალიფიკაცია: - ჰადლსტოუნი
ტრავმა: - სნოდგრასი
ბოლო 6 მატჩი
+3 =0 -3 +2 =2 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 3 თამაში: +1 =1 -1 (2-2)

ვესტ ბრომვიჩი-ქპრ 18:00
დისკვალიფიკაცია: დოუსონი -
ტრავმა: იდეიე ბრაუნი, ფოსტერი - ფერი, დანი, ფორლინი
ბოლო 6 მატჩი
+3 =1 -2 +1 =0 -5
ურთიერთშეხვედრები
სულ 35 თამაში: +11 =15 -9 (42-46)

ჩელსი-სტოკი 20:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დიეგო კოშტა - მოზესი, ოდემვინგი, ბოიანი
ბოლო 6 მატჩი
+4 =2 -0 +3 =0 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 67 თამაში: +32 =15 -20 (104-91)

კვირა. 5 აპრილი
ბარნლი-ტოტენჰემი 16:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: უარდი, მარნი, დამიგენი, ლონგი - ლორისი, სოლდადო
ბოლო 6 მატჩი
+1 =1 -4 +3 =1 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 71 თამაში: +29 =17 -25 (123-128)

სანდერლენდი-ნიუკასლი 19:00
დისკვალიფიკაცია: - კოლოჩინი, სისე
ტრავმა: ალვარესი, ბაკლი, ჯაკერინი - ჰაიდარა, დამეტი, ტიოტე, აარონსი, დე იონგი, ტეილორი
ბოლო 6 მატჩი
+0 =2 -4 +1 =1 -4
ურთიერთშეხვედრები
სულ 123 თამაში: +41 =36 -46 (188-194)

6 აპრილი
კრ. პალასი-სიტი23:00
დისკვალიფიკაცია: იედინაკი -
ტრავმა: მატჩი, თომასი, იონ ლი - ტურე, კოლაროვი
ბოლო 6 მატჩი
+3 =1 -2 +4 =0 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 27 თამაში: +7 =7 -13 (25-39)

ბომბარდირები:
19 - დიეგო კოშტა (ჩელსი), ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 17 - სერხიო აგუერო (სიტი); 15 - ჩარლი ოსტინი (ქპრ); 13 - ალექსის სანჩესი (არსენალი), ოლივიე ჟირუ (არსენალი); 12 - საიდო ბერაჰინო (ვესტ ბრომვიჩი); 11 - პაპის დემბა სისე (ნიუკასლი), უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი), ედენ აზარი (ჩელსი), დავიდ სილვა (სიტი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
უკანასკნელი 7 მატჩიდან "არსენალმა" "ენფილდის" ბინადრებს 4 მოუგო, ერთი ფრედ დაასრულა და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა - ავტორ თვლა თუ არ იცი კალკურატოეი მაინც აიღე, მერე იტყვიან რას გვერჩით ჟურნალისტებსო
kaxa
14:00 04-04-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული