პრემიერლიგა. XXXI ტური: ჩარლია ადამიანი? [VIDEO]

AutoSharing Option
"ემირატებზე" უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება "არსენალის" უპირატესობით დაიწყო, მაგრამ "ლივერპულმა", თითქოს, მეტოქის საწყის აქტიურობას გაუძლო და მერე თავადაც შექმნა მომენტი, მაგრამ... ტაიმის მიწურულს "მეთოფეებმა" თავისას მიაღწიეს და მერსისაიდელები გატეხეს:

არსენ ვენგერის ბიჭებმა 8-წუთიან მონაკვეთში 3 გოლი გაიტანეს, მეორე ნახევარში კი გუნდებმა თითო გოლი გაცვალეს და "არსენალმა" დამსახურებულად, მშვიდად და ლამაზად მოიგო, ეფექტური გოლებით.

ალექსის სანჩესმა სეზონში მე-14 გოლი გაიტანა და მატჩის მიწურულს ოლივიე ჟირუს დაეხმარა, რომ ფრანგი მას კვლავ
დასწეოდა. ჟირუს ახლა "არსენალის" მაისურით ჩატარებულ ბოლო 10 მატჩში ამდენივე გოლი აქვს. ის და არსენ ვენგერი, მარტის თვის შესაბამისად, საუკეთესო ფეხბურთელად და მწვრთნელად დასახელდნენ. "მეთოფეებს" ჩემპიონატის ბოლო 11 მატჩიდან 10 მოგებული აქვთ.

"ლივერპულს" "არსენალთან" სტუმრად ძალიან უჭირს, მერსისაიდელებს ლონდონელებთან ბოლო 19 სტუმრობიდან მხოლოდ 1 მოგება აქვთ (7 ფრე, 11 წაგება). ბრენდან როჯერსის კლუბმა მატჩი 10 კაცით დაამთავრა, რადგან ემრე ჯანი გააძევეს. ოთხეულთან ჩამორჩენა კი 7 ქულამდე გაიზარდა (თუ დღეს "სიტი" არ წააგებს, 8 ქულამდე). "ლივერპულის" შანსები რომ უკვე ძალიან მცირეა, ამას თავად ოპტიმისტი ჩრდილოირლანდიელი სპეციალისტიც აღიარებს.

"რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. ამ ორი მარცხის მერე ძალიან მეეჭვება, სეზონის ბოლოს ოთხეულში აღმოვჩნდეთ. ახლა კონცენტრაცია ასოციაციის თასზე უნდა გავაკეთოთ, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია" - თქვა როჯერსმა, რომლის "ლივერპულმაც" ასოციაციის თასის ნახევარფინალში გასასვლელად 8 აპრილს, "ივუდ პარკზე" "ბლექბერნს" უნდა მოუგოს გადათამაშება.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"მეთოფეები" კი, მინიმუმ, დღევანდლამდე მეორე ადგილზე გადავიდნენ და იქ დარჩებიან, თუ "სიტი" "კრისტალ პალასს" ვერ მოუგებს. "ქალაქელები" მეოთხე ადგილამდე ჩამოქვეითდნენ, რადგან თავისი მატჩი მოიგო "მანჩესტერ იუნაიტედმა".

"წითელი ეშმაკების" თამაში ისევ შთამბეჭდავი იყო და მათ უეინ რუნის ძალიან ლამაზი გოლითა და ანდერ ერერას ორი კოხტა ბურთით იმარჯვეს. ლუი ვან გაალმა, თითქოს, მართლაც მიაგნო გამარჯვების ფორმულას და ოთხეულსა და დანარჩენებს შორის შესამჩნევი ხაზიც გაევლო, მაგრამ ჰოლანდიელი სპეციალისტი მაინც ფრთხილობს:

"მშვენივრად ვითამაშეთ და გამარჯვებით ძალიან კმაყოფილი ვარ. მდევრებთან სხვაობა გაიზარდა, მაგრამ ოთხეულში ადგილი ჯერ არ გაგვინაღდებია, "ვირთხების რბოლა" კვლავ ძალაშია" - განაცხადა ვან გაალმა.

მისი სიფრთხილე გასაგებიც არის, რადგან შემდეგ ტურში "წითელ ეშმაკებს" მანჩესტერული დერბი ელოდებათ "სიტისთან", ხოლო ამას ლიდერ "ჩელსისთან" მოჰყვება მძიმე თამაში.

17 მაისს "ოლდ ტრაფორდის" ბინადრებს "არსენალთანაც" აქვთ საჭიდაო. ბარემ ისიც ვთქვათ, რომ რუნიმ თავისი 185-ე პრემიერლიგური გაიტანა. მხოლოდ ენდი კოულს (187) და ალან შირერს (260) აქვთ უფრო მეტი. ერერას კი ამ სეზონში უკვე 7 გოლი მოუგროვდა და აქედან 5 მან 2015 წელს შემოგვთავაზა.

კრისტიან ბენტეკემ "იუნაიტედს" სეზონში მეორე მატჩშიც გაუტანა, მაგრამ რა ხეირი, "ასტონ ვილას" მდგომარეობა კიდევ უფრო სახიფათო გახდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ევა, ადამი და 100%-იანი აზარი
"ჩელსიმ" წვალებით მოიგო და ლიდერობა იმავე სხვაობით შეინარჩუნა. დიეგო კოშტას ტრავმა, ედენ აზარის მორიგი გოლი, ლოიკ რემის გამარჯვების გოლი და "სტემფორდ ბრიჯზე" კიდევ ბევრი საინტერესო რამ მოხდა, მაგრამ მთავარი ადამიანი მაინც წაგებული "სტოკის" ჩარლი ადამი იყო.

შოტლანდიელი ხასიათზე გახლდათ, ჩვეული გრძელი "საფოსტო გადაცემებითაც" გვანებივრებდა და თავისი ნახევრიდანაც გაიტანა არაამქვეყნიურ-არაადამიანური გოლი. აყლაყუდა ტიბო კურტუამ სულ ტყუილად იწვალა, ადამის საუცხოო დარტყმულს მაინც ვერაფერი მოუხერხა. ამ გოლის შემხედვარე "ლურჯების" მშვენიერ ექიმ ქალბატონს, ევა კარნეიროს ნამდვილად მოუნდებოდა ადამის შეცდენა.

აზარმა მე-9 პენალტი გამოიყენა და პრემიერლიგაში 100%-იანი მაჩვენებელი აქვს თერთმეტმეტრიანების გამოყენების კუთხით, დიმიტარ ბერბატოვთან ერთად. ეს "ჩელსის" მე-100 რეალიზებული პენალტი გახლდათ, პრემიერლიგის ისტორიაში, ამაზე მეტი (102) მხოლოდ "ლივერპულს" აქვხ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ხელიდან გაშვებული შანსები
"საუთჰემპტონი" "გუდისონ პარკზე" დაეცა, "ევერტონს" ფილ ჯაგიელკამ მოაგებინა, "წმინდანებმა" კი მე-5 ადგილზე გადასვლის შანსი გაუშვეს ხელიდან. გრაციანო პელემ რამდენიმე დღის წინ ინგლისის ნაკრებს ამხანაგურ შეხვედრაში კი გაუტანა მშვენიერი გოლი, მაგრამ პრემიერლიგაში დეკემბრის მერე არ გამოუჩენია თავი.

"შედეგით უკმაყოფილო ვარ, მაგრამ თამაშით არა. არ გაგვიმართლა. ისეთი გოლი გავუშვით, რომლის თავიდან აცილებაც თავისუფლად შეიძლებოდა, ხოლო საკუთარი შანსები ვერ გამოვიყენეთ" - თქვა რონალდ კუმანმა.

მე-5 ადგილზე გადასვლის შანსი ხელიდან გაუშვა "ტოტენჰემმაც", რომელმაც "ტარფ მურზე" გადარჩენისთვის მებრძოლ "ბარნლის" ვერ სძლია. მოგებასთან მასპინძლები უფრო ახლოს იყვნენ, დენი ინგს რომ გაეტანა... დაშავებული უგო ლორისის ნაცვლად, "დეზებს" ჰარი კეინი კაპიტნობდა, მაგრამ ახალგაზრდა ტალანტმა მორიგი გოლი ამჯერად ვერ გაიტანა. მაურისიო პოჩეტინომ ძვირფასი ორი ქულა დაკარგა და ოთხეულთან ჩამორჩენა კიდევ უფრო გაიზარდა.

ქვედა ამბები
დიდი ამბებია ცხრილის ქვედა ნაწილში. "ვესტ ჰემი" თითქოს წყალწაღებულ "ლესტერთან" შერცხვა. თუმცა ფაქტია, "მელიებმა" გამოიღვიძეს. მათ ბოლო 2 მატჩში 5 გოლი აქვთ გატანილი, ანუ იმდენივე, რამდენიც წინა 8-ში. პლუს, დევიდ ნიუჯენტმა პენალტი ვერ გამოიყენა. სემ ალარდაისი კი გაცეცხლებული გახლდათ, ვერ ვიჯერებ, რომ ამდენი მომენტი ვერ გამოვიყენეთო. "ჩაქუჩებს" ბოლო 10 მატჩში მხოლოდ ერთი მოგება აქვთ და უშუალოდ პრემიერლიგაში უკანასკნელი 5 შეხვედრიდან 4 წააგეს.

გაცოცხლდა "ქუინზ პარკიც", რომელსაც "ვესტ ბრომვიჩი" ჰყავს დაბრიყვებული. პირველ წრეში ქპრ 0:2-ს აგებდა და ჩარლი ოსტინმაც ჰეთ თრიკით 3:2 მოუგო "ალბიონს", ხოლო ახლა 4:1 იმარჯვა. ოსტინი გოლს პლუს ორი პასით გამოირჩა. თვით ჯოი ბარტონმაც გაიტანა და მასთან უხეშობისთვის გაძევებული იუსუფ მულუმბუც დაიცვა, გასაგდები არ იყოო.

"ქუინზ პარკმა" ამ შეხვედრაში ბევრი ნავსი გატეხა - მხოლოდ მეორედ მოიგო გასვლაზე, პირველად გაიტანა საწყის 15 წუთში და სეზონში მეორედ გაიტანა 2 გოლზე მეტი. აქამდე ნერვიულობისაგან გათეთრებულმა ევროაფრიკელმა კრის რემზიმ კი ამოისუნთქა.

გასავარდნ ზონასთან ძალიან ახლოსაა "ჰალიც", რომელიც ვერაფერს გახდა "ლიბერთიზე" და უკვე 5 ტურია, არ უმარჯვია. "სუონსიმ" ადვილად მოიგო და მე-8 ადგილზე კომფორტულად, 4-ქულიანი უპირატესობით მოკალათდა. ბაფეტიმბი გომისმა პრემიერლიგაში თავისი პირველი დუბლი გაახერხა.

ადვოკაატის პირველი
"ლაითზე" "სანდერლენდმა" ჯერმინ დეფოს ულამაზესი გოლით მოიგო "ტაინ უირის" დერბი და შედარებით ამოისუნთქა. დეფოს ბრწყინვალე გასროლილი კი მისი 127-ე გოლი იყო პრემიერლიგაში და ყველა დროის ბომბარდირთა დავაში იგი ჯიმი ფლოიდ ჰასელბაინკს გაუთანაბრდა. ისინი მეათე-მეთერთმეტე ადგილებს იყოფენ. დიკ ადვოკაატმა თავისი პირველი მატჩი მოიგო "შავი კატების" თავკაცის პოსტზე. "სანდერლენდმა" კი ზედიზედ მეხუთედ აჯობა დერბიში "ნიუკასლს".

ინგლისი. პრემიერლიგა. XXXI ტური
4 აპრილი
არსენალი-ლივერპული 4:1
გოლები: 1:0 ბელერინი (37), 2:0 იოზილი (40), 3:0 სანჩესი (45), 3:1 ჰენდერსონი (76-პენ.), 4:1 ჟირუ (90+1)
არსენალი (4-3-3): ოსპინა - ბელერინი, მერტეზაკერი, კოშელნი (49. გაბრიელი), მონრეალი - რემზი (62. ფლამინი), კოკლენი, კასორლა - სანჩესი, იოზილი (73. უელბეკი), ჟირუ
ლივერპული (3-4-2-1): მინოლე - ჯანი, ტურე, სახო - ჰენდერსონი, ლუკასი, ალენი, მორენო - კოუტინიო, მარკოვიჩი (46. სტარიჯი) - სტერლინგი
გაფრთხილება: ბელერინი - ჯანი, ჯანი
გაძევება: ჯანი (84)
კუთხური: 6-5 ჯარიმა: 7-9 თამაშგარე: 4-3 კარში დარტყმა: 15(10)-13(2) ბურთის ფლობა: 49%-51%
მაყურებელი: 60 081

მანჩესტერი-ასტონ ვილა 3:1
გოლები: 1:0 ერერა (43), 2:0 რუნი (79), 2:1 ბენტეკე (80), 3:1 ერერა (90+2)
მანჩესტერი (4-1-4-1): დე ხეა - ვალენსია, ჯონსი, როხო, ბლინდი - კერიკი - მატა, ერერა, ფელაინი (77. ფალკაო), იანგი (70. დი მარია) - რუნი
ასტონ ვილა (4-4-2): გუზანი - ჰატონი (46. ბაკუნა), ოკორე, კლარკი, ლოუტონი - ნ’ზოგბია (61. ბეიკერი), სანჩესი, დელფი, ვაიმანი (77. კოული) - აგბონლაჰორი, ბენტეკე
გაფრთხილება: - დელფი
კუთხური: 10-2 ჯარიმა: 15-12 თამაშგარე: 0-2 კარში დარტყმა: 19(7)-4(2) ბურთის ფლობა: 72%-28%
მაყურებელი: 75 397

ევერტონი-საუთჰემპტონი 1:0
გოლი: 1:0 ჯაგიელკა (16)
ასტონ ვილა (4-2-3-1): ჰოვარდი - კოულმენი, სტოუნსი, ჯაგიელკა, ბეინსი - მაკარტი, ბერი - ლენონი, ბარკლი (70. ბეშიჩი), ოსმანი - კონე (70. ნეისმიტი)
სანდერლენდი (4-2-3-1): დევისი - კლაინი, ფონტე, ალდერვეირელდი (82. ჯურიჩიჩი), ბერტრანი - შნედერლენი, ვანიამა - ლონგი, უორდ-პრაუსი (61. მანე), ელია (61. ტადიჩი) - პელე
გაფრთხილება: ვლაარი - კატერმოლი, ჯონსონი, ჯაკერინი
კუთხური: 4-10 ჯარიმა: 12-17 თამაშგარე: 0-2 კარში დარტყმა: 11(1)-11(2) ბურთის ფლობა: 45%-55%
მაყურებელი: 39 390

ჩელსი-სტოკი 2:1
გოლები: 1:0 აზარი (39-პენ.), 1:1 ადამი (44), 2:1 რემი (62)
ჩელსი (4-2-3-1): კურტუა - ივანოვიჩი, კეჰილი, ტერი, ასპილიკუეტა - ფაბრეგასი, მატიჩი - ვილიანი, ოსკარი (46. დიეგო კოშტა; 57. დროგბა), აზარი - რემი (63. კუადრადო)
სტოკი (4-4-2): ბეგოვიჩი - კამერონი, შოუკროსი, ვოლშაიდი, უილსონი - აირლენდი (78. კრაუჩი), ნ’ზონზი, უელანი, ადამი (79. ადამი) - დიუფი (62. არნაუტოვიჩი), უოლტერსი
გაფრთხილება: დროგბა - უელანი, შოუკროსი, აირლენდი, ადამი, ვოლშაიდი, კრაუჩი
კუთხური: 9-0 ჯარიმა: 5-22 თამაშგარე: 2-1 კარში დარტყმა: 19(10)-7(2) ბურთის ფლობა: 61%-39%
მაყურებელი: 41 098

ვესტ ბრომვიჩი-ქპრ 1:4
გოლები: 0:1 ვარგასი (15), 0:2 ოსტინი (37), 0:3 ზამორა (43), 1:3 ანიჩებე (58), 1:4 ბარტონი (90+6)
ვესტ ბრომვიჩი (4-4-2): მაიჰილი - ბერდი (65. ოლსონი), მაკკოლი, ლესკოტი, ბრანტი - გარდნერი (72. მულუმბუ), ფლეტჩერი, მორისონი, სესენიონი (46. ანიჩებე) - იდეიე ბრაუნი, ბერაჰინო
ქპრ (4-4-2): გრინი - ისლა, ონუოჰა, კოლკერი, იუნი (82. ჰილი) - ფილიპსი, ბარტონი, სანდრო, ვარგასი (30. კრანჩარი) - ზამორა (75. ჰენრი), ოსტინი
გაფრთხილება: სესენიონი, ბრანტი - კოლკერი, ბარტონი, ჰენრი
გაძევება: მულუმბუ (84)
კუთხური: 2-4 ჯარიმა: 6-15 თამაშგარე: 3-3 კარში დარტყმა: 21(6)-12(7) ბურთის ფლობა: 58%-42%
მაყურებელი: 25 735

ლესტერი-ვესტ ჰემი 2:1
გოლები: 1:0 კამბიასო (12), 1:1 კუიატე (32), 2:1 კინგი (86)
ლესტერი (4-2-3-1): შმეიხელი - დე ლაეტი (79. კინგი), ჰუტი, მორგანი, შლუპი - ჯეიმსი, კამბიასო - მაჰრეზი (46. ოლბრაიტონი), ნიუჯენტი, ვარდი - ულოა (72. კრამარიჩი)
ვესტ ჰემი (4-3-2-1): ადრიანი - ჯენკინსონი, კოინსი, რიდი, კრისუელი - ნოუბლი, სონგი (88. ნენე), კუიატე - ნოლანი (65. ამალფიტანო), დაუნინგი - სახო (80. კოული)
შენიშვნა: ნიუჯენტმა ვერ გაიტანა პენალტი (15. მეკარე)
გაფრთხილება: - ჯენკინსონი, რიდი, კოლინსი, კრისუელი
კუთხური: 7-6 ჯარიმა: 12-10 თამაშგარე: 3-1 კარში დარტყმა: 20(7)-14(7) ბურთის ფლობა: 50%-50%
მაყურებელი: 31 863

სუონსი-ჰალი 3:1
გოლები: 1:0 კი (18), 2:0 გომისი (37), 2:1 მაკშეინი (50), 3:1 გომისი (90+1)
სუონსი (4-3-3): ფაბიანსკი - ნოტონი (56. რანხელი), ფერნანდესი, უილიამსი, ტეილორი - კი, კორკი (65. დაიერი), შელვი (90. გრაიმსი) - რუტლეჯი, გომისი, სიგურდსონი
ჰალი (3-5-2): მაკგრეგორი - დოუსონი, ბრიუსი (70. დიამე), მაკშეინი - ელმოჰამადი, რამირესი (30. ქუინი), ლივერმორი, მეილერი, ბრედი - ნ’დოი, ერნანდესი (81. ალუკო)
გაფრთხილება: უილიამსი - ერნანდესი, ნ’დოი, მაკშეინი, ბრიუსი, დიამე
გაძევება: მეილერი (53)
კუთხური: 4-7 ჯარიმა: 11-14 თამაშგარე: 2-1 კარში დარტყმა: 9(4)-10(1) ბურთის ფლობა: 60%-40%
მაყურებელი: 20 000

5 აპრილი
ბარნლი-ტოტენჰემი 0:0
ბარნლი (4-4-2): ჰიტონი - ტრიპიერი, დაფი, შეკელი, მი - ბოიდი, არფილდი, ჯონსი, ბარნსი - ინგსი, ვოუკსი (76. იუტკევიჩი)
ტოტენჰემი (4-2-3-1): ვორმი - უოკერი (47. დევისი), დაიერი, კირიკეში, როუზი - მეისონი (83. თაუნსენდი), ბენთალები - ერიკსენი, პაულინიო, შადლი (64. ლამელა) - კეინი
გაფრთხილება: ტრიპიერი, მი -
კუთხური: 5-3 ჯარიმა: 9-5 თამაშგარე: 4-3 კარში დარტყმა: 15(4)-12(2) ბურთის ფლობა: 40%-60%
მაყურებელი: 18 829

სანდერლენდი-ნიუკასლი 1:0
გოლი: 1:0 დეფო (45+1)
სანდერლენდი (4-3-3): პანტილიმონი - ჯოუნსი, ვერხინი, ო’ში, ვან აანჰოლტი - ლარსონი, კატერმოლი, გომესი - დეფო (80. ჯონსონი), ვიქჰემი, ფლეტჩერი
ნიუკასლი (4-3-3): კრული - ტეილორი, იანმაატი, უილიამსონი, კოლბეკი - სისოკო, გუტიერესი, გუფრანი (58. რივიერი) - კაბელია, ამეობი (87. არმსტრონგი), პერესი
გაფრთხილება: ვერხინი, გომესი, ვან აანჰოლტი, ვიქჰემი, ლარსონი - ტეილორი, კოლბეკი
კუთხური: 8-4 ჯარიმა: 14-18 თამაშგარე: 2-1 კარში დარტყმა: 16(4)-10(1) ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 47 563

6 აპრილი
კრ. პალასი-სიტი 23:00

ბომბარდირები: 19 - დიეგო კოშტა (ჩელსი), ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 17 - სერხიო აგუერო (სიტი); 16 - ჩარლი ოსტინი (ქპრ); 14 - ალექსის სანჩესი (არსენალი), ოლივიე ჟირუ (არსენალი).

გადადებული მატჩი
7 აპრილი:
ასტონ ვილა-ქპრ

მომდევნო ტური
11 აპრილი:
სუონსი-ევერტონი, საუთჰემპტონი-ჰალი, სანდერლენდი-კრ. პალასი, ტოტენჰემი-ასტონ ვილა, ვესტ ბრომვიჩი-ლესტერი, ვესტ ჰემი-სტოკი, ბარნლი-არსენალი

12 აპრილი:
ქპრ-ჩელსი, მანჩესტერი-სიტი

13 აპრილი:
ლივერპული-ნიუკასლი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული