როი კინის ავტობიოგრაფია. II თავი [გაგრძელება]

AutoSharing Option
"ფორესტში" გატარებულმა საწყისმა რამდენიმე კვირამ მხოლოდ დაადასტურა ის, რასაც თავადაც ვხვდებოდი: სამყარო სავსეა ისეთი ადამიანებით, რომლებიც მუდმივად თვალთმაქცობენ და წუწუნის მოყვარული ბიჭებით - მათ გააჩნიათ პროფესიონალის სტატუსი და ამასთან, ვერ პასუხობენ მოთხოვნებს, რამაც ეს სტატუსი უნდა დაადასტუროს.

ისინი აღშფოთებას გამოთქვამდნენ არჩი ჯემილის საქციელით, რომელიც შოტლანდიის ნაკრებში თამაშობდა და მოგებული ჰქონდა ქვეყნის ჩემპიონატი და ჩემპიონთა თასი!

აგრეთვე, არ მოსწონდათ მწვრთნელი, რომელმაც ორჯერ მოიგო ჩემპიონატი მოკრძალებული გუნდებით - "ფორესტითა" და "დერბით" და ორჯერ გაიმარჯვა ჩემპიონთა თასზე. ეს ხუმრობა საქმე არ არის!

კეთილგანწყობის
ეტალონი არ ვყოფილვარ და ამას მოგვიანებით დროც დაამტკიცებს, მაგრამ კარიერის დასაწყისში მივხვდი განსხვავებას ჯემილის, კლაფისა და სტიუარტ პირსის მსგავსი ადამიანების მხრიდან პატივისცემასა და იმას შორის, როცა საკუთარ თავს თავად უწოდებ პროფესიონალს. მინდოდა მათ დავმსგავსებოდი და მათი დონისთვის მიმეღწია. და ვიცოდი, რომ ბევრი შრომა მომიწევდა.

მაგრამ ამისთვის დიდი დრო არ დამჭირვებია. რამდენიმე დღის შემდეგ დრამატული და ამაღელვებელი მოვლენების დრო დადგა. შაბათს "ფორესტმა" საკუთარ მოედანზე "ქუინზ პარკ რეინჯერსთან" მატჩით გახსნა სეზონი - 1:1. ნაიჯელ ჯემსონმა პენალტით გაიტანა გოლი. მე დაინტერესებული მაყურებელი ვიყავი. განწყობა და ატმოსფერო ბრწყინვალე იყო, გაზონი იდეალურ ხალიჩას მოგაგონებდათ. სწორედ ასეთად წარმომედგინა ფეხბურთი პირველ დივიზიონში.

შედეგი არ იყო მისაღები "ფორესტისთვის". "ნოტინგემი" ჯერ ისევ რჩებოდა ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან გუნდად, რომელიც მოდის მკარნახებელი იყო ჩემპიონატში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში.

დუბლიორების მატჩში მინდორზე მაშინ გავედი, როცა დამთავრებამდე ათი წუთი რჩებოდა და ვერაფრის გაკეთება ვერ მოვასწარი. მატჩის შემდეგ დანარჩენ მოთამაშეებს შევუერთდი, რომლებიც ქალაქში გასართობად წავიდნენ. რამდენიმე კათხა ლუდის მიღების შემდეგ საწოლზე მივესვენე. ღამის ორი საათი იყო.

მომდევნო დილას ვარჯიშზე მივედი. პირველი გუნდი იმ დღეს "ენფილდზე" თამაშობდა. როგორც კი ნაბახუსევზე მყოფი "სიტი გრაუნდზე" გამოვცხადდი, მე და ფილ სტარბაკს რონი ფენტონი მოგვიახლოვდა. "თქვენ "ენფილდზე" მიდიხართ, - გვითხრა მან. - ბუცები არ დაგრჩეთ".

ეს უკვე მოვლენა იყო!

გავიფიქრე: ფილმა ორი მატჩი ჩაატარა პირველ გუნდში - ის ნიჭიერი მოთამაშე იყო და მისი მიწვევა ასეთ მატჩზე ჩვეულებრივ მოვლენად აღიქმებოდა. მე კი, ალბათ, გამოცდილების მისაღებად, ჩანთების სატარებლად და სათამაშო ფორმების მოსავლელად დამიძახეს. მაგრამ... როგორც გაირკვა, სტიუარტ პირსი, სტივ ჰოჯი და ტერი უილსონი ტრავმირებულები იყვნენ.

პირველი გუნდი ლივერპულში წინა საღამოს ჩავიდა. ამიტომაც მე და ფილი რონი ფენონის მანქანაში ჩავსხედით. გზად ლივერპულისკენ დერბიში შევიარეთ მწვრთნელის ასაყვანად. ბრაიან კლაფი დიდ განცალკევებულ სახლში ცხოვრობდა. მე დამავალეს ზარის დარეკვა.

"ირლანდიელო, როგორ არის საქმე"?
"შესანიშნავად, ბოს".
ის სახლში შებრუნდა და ერთი ბოთლი რძე გამომიტანა.
"აი, ირლანდიელო, დალიე".
ღმერთო, როგორ ვერ ვიტან რძეს!
"არ მიყვარს რძე, ბოს".
"დალიე".
"ხმა ჩაიგდე, როი... და დალიე რძე!"
"მადლობა, ბოს". და ბოთლი მთლიანად გამოვცალე.

ამასობაში, მისტერ და მისის კლაფებმა ერთმანეთს მკაცრი ფრაზები ესროლეს.
"წავედით, ირლანდიელო".
"ნახვამდის, მისის კლაფ. სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა".

სასტუმროში მისვლის შემდეგ, სადაც პირველი გუნდი ცხოვრობდა, წინასამატჩო სადილზე გავემგზავრეთ. ფილს გვერდიდან არ ვშორდებოდი, რადგან ის ჩემთვის ერთადერთი ნაცნობი ფეხბურთელი იყო. ვგრძნობდი, რომ არ ვიყავი მზად ყველა საჭირო მოთხოვნის შესასრულებლად.

"ენფილდი" დიდ არენად მომეჩვენა. თამაშის დაწყებამდე ერთი საათით ადრე უკვე ხმაური ისმოდა. "ლივერპული" ინგლისური ფეხბურთის არისტოკრატად მიიჩნეოდა. იან რაში, პიტერ ბერდსლი, ჯონ ბარნსი, რეი ჰაფტონი და რონი უილანი. ისინი სხვადასხვა ნაკრების წევრები იყვნენ. ეს ძალიან მოსწონდა ბრაიან კლაფს. თუ სხვა გუნდები უკვე იმ მომენტში აგებდნენ თამაშს, როცა მინდორზე გასასვლელი გვირაბის ბოლოს ხედავდნენ სახელგანთქმულ წარწერას - "ეს ენფილდია", კლაფს უყვარდა "ენფილდის" ლეგენდების წინააღმდეგ ბრძოლა და თავის განწყობას მოთამაშეებს გადასცემდა.

რაღაცნაირად სასარგებლო რომ ვყოფილიყავი, ჩვენს მენეჯერს ჩანთების გადატანაში ვეხმარებოდი.

"ირლანდიელო, რას აკეთებ?"
"გეხმარებით", - ვუპასუხე მე.
"აიღე მაისურა მეშვიდე ნომრით. შენ თამაშობ".
"ბოდიში?"
"შენ თამაშობ".

ეს შოკი იყო.

საბედნიეროდ, არ მქონდა იმაზე ფიქრის დრო, რომ დებიუტი მიწევდა პირველ დივიზიონში, თან "ენფილდზე" ბრიტანეთის საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ. 45 წუთის განმავლობაში ბევრი რამის მოსწრება შეიძლებოდა. მაგალითად, საკუთარი თავი წარმედგინა "ფორესტის" ძირითადი ფეხბურთელებისთვის, რომლებსაც წარმოდგენა არ ჰქონდათ, ვინ იყო "ირლანდიელი".

მოთელვის დროს მინდორზე კითხვებს ვპასუხობდი. "გაიმეორე, რა გქვია, შვილო?"

"როი", - ვპასუხობდი მე.

ისინი ბრწყინვალენი იყვნენ! მათი კეთილგანწყობა მხოლოდ ერთს ნიშნავდა: წარმატებას მისურვებდნენ.

უჩვეულოა, მაგრამ სრულიად მშვიდად ვგრძნობდი თავს იმ დროს, როცა გასახდელს ვტოვებდი. კლაფი, როგორც ყოველთვის, ოდნავ აღელვებული იყო. მას არ ეშინოდა საკუთარი არჩევანის და ყველა გარემოების გათვალისწინებით, ჩემზე ზეწოლას არ ცდილობდა.

მიუხედავად იმისა, რომ "ლივერპულმა "რაშისა და ბერდსლის გოლებით იოლად მოგვიგო - 2:0, ვგრძნობდი,რომ ყველაფერი ისე გავაკეთე, როგორც საჭირო იყო.

"ენფილდის" გულშემატკივართა უმრავლესობას კარგად ესმოდა ფეხბურთი და მათ წინაშე თამაში ერთი სიამოვნება იყო. ჩემმა თამაშმა დადებითი შეფასება დაიმსახურა მაყურებლების მხრიდან. მართალია, ისინი ერთი გუნდის მიმართ გამოხატავდნენ ერთგულებას, მაგრამ უკან არ იხევდნენ საკუთარი გრძნობების დასაფიქსირებლად მაშინ, როცა აუცილებელი იყო კარგი ფეხბურთის შეფასება - ამ დროს არ ჰქონდა მნიშვნელობა, ვინ თამაშობდა.

იმ საღამოს "ენფილდზე" მე გავხდი პატრიოტიზმის სრული უგულებელყოფის მოწმე. დუბლინელმა რონი უილანმა, რომელიც თამაშის წინ მიესალმა თავისი ახალგაზრდა მეიფილდელი თანამემამულის, ვინმე როი კინის კარიერის დასაწყისს, მატჩის მსვლელობისას კინაღამ თავი მომაძრო ბურთის ართმევის მომენტში. იგივე ვიგრძენი რეი ჰაფტონთან ორთაბრძოლის დროს. ირლანდიელთა ეს შეხვედრა, რომლის დროსაც ძვლების მტვრევის ხმები ისმოდა, ასევე მოკლებული იყო ურთიერთსიმპათიასა და პატრიოტიზმს.

კარიერაში თითზე ჩამოსათვლელია შემთხვევები, როცა წაგებული მატჩის შემდეგ მოედნიდან კმაყოფილი გავდიოდი. გავაკეთეთ ყველაფერი, რაც ჩვენს ძალებში იყო და თუ ბიჭებმა მატჩის წინ ჩემი სახელი არ იცოდნენ, ახლა ვგრძნობდი, რომ მათ დაიმახსოვრეს ახალი ბიჭი.

როცა მატჩის შემდეგ მამას დავურეკე და მოვუყევი იმის შესახებ, რომ ცოტა ხნის წინ "ლივერპულის" წინააღმდეგ ვითამაშე, ის ისევე შოკირებული დარჩა, როგორც მე ვიყავი ორი საათის წინ.

"როგორ ჩაიარა ყველაფერმა, შვილო"? - მკითხა მან.

მე ვუპასუხე: "ო'ქეი".

ახლა, როცა ნამდვილი ფეხბურთის გემო გავიგე, ჩემი მიზანი გახდა ადგილი პირველი გუნდის ძირითად შემადგენლობაში.

(გაგრძელება იქნება)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული