პრემიერლიგა. XXXII ტურის წინ: ორი "მანჩესტერი", ერთი ჯახი

AutoSharing Option
მანჩესტერული დერბ
"ოლდ ტრაფორდზე" შურისძიების გრძნობით აღსავსე "მანჩესტერ იუნაიტედი" თანაქალაქელ "სიტის" მასპინძლობს და ტურის მატჩიც ცხადია, ესაა.

გუნდებს შორის სულ რაღაც, ქულაა სხვაობა, "წითელმა ეშმაკებმა" ეს ესაა, "ქალაქელებს" გადაასწრეს და ამაზე გაჩერებას არ აპირებენ.

ლუი ვან გაალმა როგორც იქნა, დაქოქა თავისი გუნდი და ისიც გვიჩვენა, რომ უძვირფასესი შენაძენი ანხელ დი მარია სულ არ სჭირდება იმისთვის, რომ კარგი შედეგი აჩვენოს. არგენტინელს ბოლო დროს ძალიან მცირე სათამაშო დრო ეძლევა, მაგრამ იგი ამბობს, რომ თავისი ადგილისთვის ბრძოლას აგრძელებს და დერბიში მინდორზე გასვლისა და თავის
გამოჩენის იმედი აქვს.

"სიტიში" კი სრული ქაოსია, გუნდს "სტუმრად თამაშის კომპლექსი" ისევ დაუბრუნდა და ჩემპიონობას რომ გამოემშვიდობა, ამას ვინღა დაეძებს, ახლა ოთხეულში თავისი ადგილი აქვს დასაცავი. ამ მატჩის წაგების შემთხვევაში, უახლოეს მდევრებთან სხვაობა შესაძლოა, 4 ქულამდე შემცირდეს.

გაუთავებელი საუბრებია მოსალოდნელ ცვლილებებზეც, მანუელ პელეგრინის შესაძლო მოხსნაზე, რამდენიმე ფეხბურთელის გაშვებაზე, ხელმძღვანელობაში აზრთა სხვადასხვაობაზე, გარკვეულ კონფლიქტებზე...

მოკლედ, "სიტის" ბანაკში ყველაფერი იდეალურად და მშვიდად ვერ არის. თუმცა მაგალითად, გუნდის კაპიტანი ვენსან კომპანი მიიჩნევს, რომ ზუსტად ასეთ სიტუაციაში სჯობს "მანჩესტერთან" დერბის თამაში.

"ბოლო შეხვედრებში ჩვენი საქმე კარგად არ აეწყო, შეცდომებს თავადაც ვუშვებდით, მაგრამ თან ძალიან არ გვიმართლებდა. ვფიქრობ, დერბი საუკეთესო საშუალებაა ამ პრობლემების დაძლევის და ხასიათის გამოსწორების. დარწმუნებული ვარ, მინდორზე ყველა ბოლომდე დაიხარჯება და გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ, ამაზე უკეთეს დროს "მანჩესტერ იუნაიტედს" ვერ შევხვდებოდით" - თქვა კომპანიმ.

როგორც ჩანს, ბელგიელი მიიჩნევს რომ გაბრაზებული "სიტი" უფრო შემართული იქნება, მაგრამ მედლის მეორე მხარეს, ალბათ "იუნაიტედის" ბანაკში ბევრი თვლის, რომ ეს საუკეთესო დროა, "ქალაქელებთან" საპაექრიდ, სანამ ისინი ასეთ არეულობაში არიან.

დასაწყისში შურისძიება ვახსენეთ და შეგახსენებთ, რომ "სიტის" ზედიზედ 4 დერბი აქვს მოგებული და "წითელ ეშმაკებს" ვენდეტა მართლაც ძალიან სწყურიათ. ამ დაპირისპირების უკომპრომისობაზე კი ისიც მეტყველებს, რომ უკანასკნელი 23 ურთიერთშეხვედრიდან ფრე ერთადერთში დაფიქსირდა.

სხვა
ლიდერი "ჩელსი" ოდნავ გამოცოცხლებულ "ქუინზ პარკს" სტუმრობს და საქმეს ისეთი პირი უჩანს, დიეგო კოშტას გარეშე დარჩენილ ჟოზე მოურინიოს "ლოფტუს როუდზე" არც ისე ადვილი მატჩი ექნება. კოშტას არყოფნა ვახსენეთ და ჰარი კეინთან ერთად, პრემიერლიგის თანაბომბარდირის დაწევას შეეცდება ჩარლი ოსტინი, ვისაც "ლურჯები" პირველ რიგში უნდა უფრთხოდნენ.

კიდევ ერთი ლონდონური გუნდი, მეორე ადგილზე გადასული და ამჟამად ალბათ, საუკეთესო სათამაშო ფორმაში მყოფი "არსენალი" ასევე აუტსაიდერ "ბარნლის" ესტუმრება. მიუხედავად იმისა, რომ "ტარფ მურის" ბინადრებსაც ჰაერივით სჭირდებათ ქულები და შონ დაიჩის ბიჭები ლიდერებს უფრო ედიდგულებიან ხოლმე, "მეთოფეები" ისეთ თამაშს აჩვენებენ, რომ ისინი აშკარა ფავორიტებად უნდა მივიჩნიოთ.

გასავარდნ ზონასთან ყველაზე ახლოს მყოფი "ჰალი" ევროთავგადასავალის მაძიებელ "საუთჰემპტონს" ეწვევა "სენტ მერიზე". მე-8 ადგილზე კომფორტულად მოყუჩებული "სუონსი" კი ათეულში მოხვედრისთვის მებრძოლ "ევერტონს" მიიღებს.

კიდევ უფრო საინტერესო მატჩია "უაით ჰართ ლეინზე", სადაც ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ბურთის გასაგორებლად ტიმ შერვუდს თავისი "ასტონ ვილა" აჰყავს, რომელიც ძალიან სახიფათო მდგომარეობაშია. ხოლო "დეზებს" უცილობლად მოსაგები აქვთ, თუ კიდევ აპირებენ ოთხეულისთვის გაბრძოლებას.

"ლივერპული" და თასი
ტურს "ენფილდზე" გასამართი ჭიდილი დაასრულებს, "ლივერპული" "სანდერლენდთან" წაგებული დერბით დათრგუნულ "ნიუკასლს" მასპინძლობს. ცოტა სხვადასხვა სახის, მაგრამ ორივე გუნდში ქაოსია და ამჟამად ორივეს ფანები უკმაყოფილონი არიან. ჯორდთა ქომაგები პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ, მწვრთნელი ჯონ კარვერიც დაბნეული ჩანს.

"ლივერპულის" ბანაკში კი საგანგებო შეხვედრა გახდა საჭირო და რამდენიც არ უნდა იძახოს ბრენდან როჯერსმა ისეთი არაფერი, ჩვეულებრივი ამბავიაო, კულუარებში კრიზისზე და პრობლემებზე საუბრობენ. ზედიზედ ორი პრინციპული მატჩის წაგების გარდა, მერსისაიდელებს პრობლემები აქვთ რამდენიმე ფეხბურთელთან, რომლებსაც ახალ კონტრაქტს ვერ უფორმებენ.

"ჩვენ შეხვედრას არასწორი ინტერპრეტაცია და აურზაური მოჰყვა. ეს უბრალო შეკრება იყო, როგორიც წელიწადში რამდენჯერმე გვაქვს. სხვაგვარად, როგორ ვიმსჯელოთ სიტუაციაზე, როგორ გავაანალიზოთ ყველაფერი და როგორ ვიფიქროთ პროგრესზე? მით უმეტეს, მე ფეხბურთელებთან პირდაპირი კონტაქტი და პირდაპირ იმის თქმა მიყვარს, რასაც ვფიქრობ. ვიმსჯელეთ გასულ შეხვედრებზეც და მომავალზეც. ბოლო ორი მატჩი ისე ვერ ჩავატარეთ როგორც ჩვენ სტანდარტებს შეეფერება და როგორც წინა 3 თვე ვთამაშობდით, ასე უნდა გვეთამაშა იქამდეც" - განაცხადა როჯერსმა.

გუნდმა ხასიათი შედარებით სათასო გამარჯვებით გამოისწორა. როჯერსის შეგირდებმა "ივუდ პარკზე" "ბლექბერნს" აჯობეს ფილიპე კოუტინიოს გოლით. მატჩი განსაკუთრებული იყო ჯორდან ჰენდერსონისთვის, რომლის მეუღლემაც რამდენიმე საათით ადრე იმშობიარა, წყვილს მეორე ქალიშვილი შეეძინა.

"ჯორდანის მეუღლემ წინა ღამით იმშობიარა. იგი უნდა წასულიყო, მაგრამ მერე დაბრუნდა, თითქმის არ უძინია. მან მითხრა - ბოს, როგორც კი ბავშვი დაიბადება, უკან დავბრუნდები" - თქვა როჯერსმა, რომელაც ჰენდერსონი შეუცვლელად ათამაშა.

ახლა "ლივერპულს" ინგლისის ასოციაციის თასის ნახევარფინალური მატჩი ელოდება "ასტონ ვილას" წინააღმეგ. მატჩი "უემბლიზე" 19 აპრილს გაიმართება. მეორე ნახევარფინალური წყვილი "რედინგი"-"არსეალია".

ინგლისი. პრემიერლიგა. XXXII ტური
შაბათი. 11 აპრილი
სუონსი-ევერტონი 15:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მონტერო, კეროლი - ლუკაკუ, ოვიედო, ჰილბერტი
ბოლო 6 მატჩი
+4 =0 -2 +3 =1 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 11 თამაში: +0 =3 -11 (7-22)

საუთჰემპტონი-ჰალი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დევისი, გალაჰერი, ფორსტერი, მაიუკა, როდრიგესი - იელავიჩი, სნოდგრასი
ბოლო 6 მატჩი
+2 =1 -3 +1 =2 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 3 თამაში: +3 =0 -0 (6-1)

სანდერლენდი-კრ. პალასი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ალვარესი, ბრაუნი, ჯაკერინი - ლედლი, მატჩი, ტომასი
ბოლო 6 მატჩი
+1 =2 -3 +4 =0 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 9 თამაში: +4 =2 -3 (9-9)

ტოტენჰემი-ასტონ ვილა 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ლორისი - სისოხო, რიჩარდსონი, სენდეროსი, ჰერდი
ბოლო 6 მატჩი
+3 =2 -1 +2 =0 -4
ურთიერთშეხვედრები
სულ 139 თამაში: +59 =32 -48 (231-201)

ვესტ ბრომვიჩი-ლესტერი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ფოსტერი - აპსონი, ჰამონდი, ბაკაიგო
ბოლო 6 მატჩი
+2 =1 -3 +1 =2 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 57 თამაში: +29 =12 -16 (110-82)

ვესტ ჰემი-სტოკი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჰენრი, ტომკინსი, კეროლი, ვალენსია - ბოიანი, ოდემვინგი
ბოლო 6 მატჩი
+1 =1 -4 +3 =0 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 47 თამაში: +16 =11 -20 (66-69)

ბარნლი-არსენალი20:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მარნი, დამიგენი, ტეილორი, ლონგი - შჩესნი, დიაბი
ბოლო 6 მატჩი
+1 =2 -3 +6 =0 -0
ურთიერთშეხვედრები
სულ 79 თამაში: +27 =18 -34 (103-131)

კვირა. 12 აპრილი
ქპრ-ჩელსი 16:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დანი, ფორლინი - დიეგო კოშტა
ბოლო 6 მატჩი
+1 =0 -5 +4 =2 -0
ურთიერთშეხვედრები
სულ 37 თამაში: +10 =14 -13 (47-51)

მანჩესტერი-სიტი 19:00
დისკვალიფიკაცია: ევანსი -
ტრავმა: შოუ, უილსონი, სმოლინგი - ტურე, კოლაროვი
ბოლო 6 მატჩი
+5 =0 -1 +3 =0 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 139 თამაში: +53 =45 -41 (194-194)

ორშაბათი. 13 აპრილი
ლივერპული-ნიუკასლი 23:00
დისკვალიფიკაცია: შკრტელი, ჯერარდი - კოლოჩინი, სისე
ტრავმა: ფლენეგანი - ტეილორი, აარონსი, ტიოტე, დამეტი, ჰაიდარა
ბოლო 6 მატჩი
+4 =0 -2 +1 =0 -5
ურთიერთშეხვედრები
სულ 151 თამაში: +71 =38 -42 (263-191)

ბომბარდირები:
19 - დიეგო კოშტა (ჩელსი), ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 17 - სერხიო აგუერო (სიტი), ჩარლი ოსტინი (ქპრ); 14 - ალექსის სანჩესი (არსენალი), ოლივიე ჟირუ (არსენალი); 12 - საიდო ბერაჰინო (ვესტ ბრომვიჩი), უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი), ედენ აზარი (ჩელსი); 11 - პაპის დემბა სისე (ნიუკასლი), დავიდ სილვა (სიტი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული