მარტინი მარტივად ვერ წყვეტს

AutoSharing Option

მარტინ ო’ნილი საგონებელშია - მას შეიძლება გასაჭირში ჩავარდნილი „ვესტ ჰემის“ გადარჩენა დაავალონ. ჯერჯერობით „ჩაქუჩების“ თავკაცი ცნობილი ებრაელი სპეციალისტი ავრამ გრანტია და შაბათსაც, ლონდონურ დერბიში, „არსენალის“ წინააღმდეგ გუნდს გრანტი უხელმძღვანელებს, მაგრამ თუ „ვესტ ჰემი“ დამარცხება, მაშინ „აპტონ პარკზე“ მწვრთნელის ცვლილებაა მოსალოდნელი. ეს ამბავი სამშაბათს, „ვესტ ჰემის“ დირექტორატის საგანგებო თათბირზე გადაწყდა. ახლა ჯერი გრანტზეა.

ო’ნილი კი რთულ დღეშია, დიდი არჩევანის წინაშე დგას. „ჩაქუჩები“ 20 ქულით ბოლო ადგილზე არიან, ჩემპიონატის დასრულებამდე კი 16 ტურიღა რჩება. „ასტონ ვილას“ ყოფილ თავკაცს, რასაკვირველია, არ უნდა ისტორიას

შემორჩეს როგორც მწვრთნელი, რომლის ხელშიც გუნდი პრემიერლიგიდან გავარდა. გარდა ამისა, ის მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტად ითვლება და დიდი შანსია ზაფხულზე რომელიმე დიდი კლუბიდანაც კი მიიღოს წინადადება. მაშ, რატომ უნდა დათანხმდეს „ვესტ ჰემის“ წინადადებას?
გაზეთები წერენ, რომ ო’ნილის გარდა ლონდონური კლუბის პატრონები „ბლექბერნიდან“ გაშვებული სემ ელერდაისის კანდიდატურასაც განიხილავენ, თუმცა ის მაინც სათადარიგო ვარიანტად მიაჩნიათ.

როგორც ჩანს, „ვესტ ჰემის“ დირექტორატი გრანტს ახლავე შეელეოდა, „ქარლინგის თასის“ ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში გუნდს „ბირმინგემი“ რომ არ დაემარცხებინა 2:1. როგორც ხედავთ, „ჩაქუჩები“ ფინალში გასვლასთან არიან ახლოს, მაგრამ პრემიერლიგაში იმდენად არასტაბილურად თამაშობენ, რომ სათასო წარმატებები უფროსობას ვერ ხიბლავს.
სამაგიეროდ, „ვესტ ჰემში“ თამაშის პერსპექტივაზე უარი არ თქვა ინგლისის ნაკრების ყოფილმა მცველმა უეინ ბრიჯმა, რომელმაც „მანჩესტერ სიტიში“ ტყუილად ჯდომას „აპტონ პარკზე“ წვალება ამჯობინა. ბრიჯი 30 წლისაა და „ვესტ ჰემში“ „ქირით“ გადასვლა მას მერე გადაწყვიტა, რაც ნახა, რომ ლონდონელები „ასტონ ვილაზე“ უკეთეს პირობებს სთავაზობდნენ - ისინი კვირაში 80 ათას ფუნტს გადაუხდიან. ახლა, „ჩელსის“ ოდინდელ ფეხბურთელს პირდაპირ მნიშვნელოვან შეხვედრაში, „არსენალთან“ მოუწევს დაპირისპირება. მან თქვა:

„მიხარია, რეგულარულად თამაშის საშუალება რომ მეძლევა. „მანჩესტერ სიტიში“ ამ სიამოვნებას მოკლებული გახლდით. ახლა, „ვესტ ჰემის“ საქმეებზე ვარ კონცენტრირებული. ჩემი ამოცანაა „ჩაქუჩებს“ პრემიერლიგაში დარჩენაში დავეხმარო“.

ზემოთ „ქარლინგის თასის“ ნახევარფინალი ვახსენეთ. მეორე ნახევარფინალურ დაპირისპირებაში „ვესტ ჰემის“ შაბათის მეტოქე, „არსენალი“ მონაწილეობდა და... როგორც შიგადაშიგ სჩვევია, გაოცებისგან ყველას პირი დააღებინა - „ჩემპიონშიპის“ ცხრილში მე-19 ადგილზე მყოფ „იფსვიჩთან“ 1:0 წააგო. შეხვედრის ერთადერთი გოლი 78-ე წუთზე უნგრელმა ფეხბურთელმა ტამას პრისკინმა გაიტანა. ცნობისთვის: კვირას „იფსვიჩი“ „ჩელსიმ“ ფეხბურთის ასოციაციის თასზე 7:0 გაანადგურა...

დამარცხებულმა და ნირწამხდარმა არსენ ვენგერმა მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ყველაფერი დაღლისა და ფეხბურთელთა ფანტაზიის ამოწურვის ბრალია. ფრანგმა სპეციალისტმა განაცხადა:

„მე თამაშის ხარისხით სასტიკად უკმაყოფილო დავრჩი. უკმაყოფილონი დარჩნენ ფეხბურთელებიც. ჩვენი თამაში, როგორც წესი, სწრაფ და მწვავე პასებზეა აგებული, ასეთი პასები კი დღეს ვერა და ვერ გადავაწოდეთ ერთმანეთს. „იფსვიჩი“ თავს მონდომებითა და ჭკუით იცავდა. გარდა ამისა, ეს გუნდი კონტრშეტევებზე გახლდათ ჩასაფრებული და ამ მხრივაც საკმაოდ ბევრი პრობლემა შეგვიქმნა. ერთი სიტყვით, საკუთარ სტანდარტებს ყველა ასპექტში ჩამოვუვარდებოდით. რასაკვირველია, ამ მცირე ჩავარდნას საბოლოოდ დავძლევთ, მაგრამ დღევანდელი ამბის უყურადღებოდ დატოვებაც არ ივარგებს. როგორც ჩანს გადავიღალეთ. ხუმრობა ხომ არ არის, იანვარში 8 შეხვედრა გვიწევს, ასეთ რეჟიმში კი აუცილებლად გამოგივარდება თამაში, რომელშიც ჩვეულებისამებრ მწვავე ვერ იქნები“.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული