„მანჩესტერ სიტის“ იტალიელი თავკაცი რობერტო მანჩინი მკაცრი ხელმძღვანელის იმიჯის გამართლებას ცდილობს: ბოლო დროს ერთმანეთთან ჩხუბში შემჩნეული ოთხი ფეხბურთელი დააჯარიმა.
„ლელოს“ მკითხველმა კარგად იცის, რომ მანჩინის რამდენჯერმე კონფლიქტი მოუვიდა საკუთარ ფეხბურთელებთან. ისტლენდზე შეკრებილი ვარსკვლავები, როგორც ჩანს დიდი ხელფასების გამო, განებივრებულები არიან და ხშირად ჭირვეულობენ, რის გამოც „ინტერის“ ყოფილ თავკაცს პერიოდულად „მაგიდაზე მუშტის დარტყმა“ უწევს. ხშირად, კონფლიქტის საბაბი მანჩინის საწვრთნელი მეთოდებია, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მწვრთნელს ამ კონფლიქტებიდან არც ერთი არ „წაუგია“. და აი, ახლა, თავკაცმა, რომლის გუნდიც პრემიერლიგის ცხრილში მეორეა,
ის რომ ოთხი ფეხბურთელი დააჯარიმა მანჩინიმ ჟურნალისტებთანაც დაადასტურა: „დიახ, ჩვენ ოთხი ფეხბურთელი დავსაჯეთ, რადგან გუნდში ჩხუბი არ შეიძლება. მეორე მხრივ, რას იზამ, ხანდახან ასეც ხდება. დაქვითულ თანხებს „მანჩესტერ სიტი“ ქველმოქმედებისთვის გამოიყენებს. მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ ორივე ინციდენტი ორ წუთში დასრულდა და არანაირი გაგრძელება არ მოჰყოლია. ეს უბრალო გაფიცხების შედეგი გახლდათ. გუნდში ფეხბურთელებს შორის ურთიერთობა ნორმალურია“.
შემდეგ მანჩინიმ იხუმრა: „ხანდახან განზრახ ვჩხუბობთ ფოტოგრაფებმა სურათები რომ გაყიდონ. ხუმრობის გარეშე კი ასე ვიტყოდი: ასეთი კონფლიქტები ყველა გუნდში ხდება. გარწმუნებთ, 25 წელიწადია პროფესიულ ფეხბურთში ვტრიალებ და ვიცი, რომ დროგამოშვებით ყველგან ჩხუბობენ. განსხვავება ჩვენსა და სხვებს შორის მხოლოდ ის არის, რომ „მანჩესტერ სიტის“ საწვრთნელი ცენტრის მოედანს გარშემო მაღალი კედელი არ აკრავს და გარედან ყველაფერი ჩანს.
ერთხელ, „სამპდორიაში“ რომ ვთამაშობდი და ჯერ ფრიად ახალგაზრდა ვიყავი, ტფევორ ფრენსისს (ფაბიო კაპელოს დახასიათებით ფრენსისი გახლდათ საუკეთესო ინგლისელი ფეხბურთელი ვისაც კი ოდესმე იტალიურ სერია A-ში უთამაშია) ვეჩხუბე. რატომ ვეჩხუბე? 25 წლის წინანდელი ამბავია და მიზეზი ნამდვილად არ მახსოვს, მაგრამ თავად ჩხუბი ახლაც თვალწინ მიდგას. ასეთ დროს მთავარია, რომ ინციდენტის შემდეგ ყველაფერი დასრულდეს და მტრობაში არ გადაიზარდოს. ალბათ, გაინტერესებთ, შევწუხდი თუ არა იმის გამო, რომ გაზეთებში ჩემი ფეხბურთელების ჩხუბის ფოტოები გამოქვეყნდა. გიპასუხებთ: აბსოლუტურად არ შევწუხებულვარ“.
გავიხსენოთ: ბოატენგმა და ბალოტელიმ საწვრთნელ ცენტრში დეკემბერში იჩხუბეს, „არსენალის“ დროინდელმა თანაგუნდელებმა ტურემ და ადებაიორმა კი გასულ კვირაში დააყარეს ერთმანეთს მუშტები და გასაშველებლები გახდნენ.