ჰოლანდიელ შემტევ ნახევარმცველს, 27 წლის რაფაელ ვან დერ ვაარტს „ტოტენჰემში“ სამუდამოდ უნდა დარჩენა. ვარსკვლავმა, რომელსაც ამჟამინდელი კონტრაქტის თანახმად „სფურზში“ კიდევ სამი წელიწადი და ექვსი თვე აქვს გასატარებელი, თქვა:
„აქაურობა ძალიან შემიყვარდა. შევეთვისე ფეხბურთელებსა და გუნდის რეალისტურ პოლიტიკას. თუკი ამის საშუალება მომეცემა, სიამოვნებით დავრჩები „უაით ჰართ ლეინზე“ კარიერის ბოლომდე“.
შეგახსენებთ, რომ ვან დერ ვაარტი „სფურზში“ ამ სეზონში გადავიდა. მის სანაცვლოდ „დეზებმა“ „რეალს“ 8 მილიონი ფუნტი გადაუხადეს და ფული რომ არ დაინანეს სწორადაც მოიქცნენ, რადგან ჰოლანდიელი ახალ გუნდს პირველივე დღიდან მოერგო. ვან
„ვფიქრობ, „ტოტენჰემისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ შეხვედრა ამ სეზონში პრემიერლიგის უდიდესი მატჩია. ამ შეხვედრას მარტო ჩვენთვის კი არ აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, არამედ ტიტულის მოპოვების ყველა კანდიდატისთვის, რადგან „მანჩესტერ იუნაიტედი“ დღემდე დაუმერცხებელია. თუ ჩვენ გავიმარჯვებთ, ჩემპიონატი სახეს იცვლის და უკლებლივ ყველას შანსი გაიზრდება“.
ჩელსიმ ნაბიჯი გადადგა
„ჩელსიმ“ სტივ პიენაარის შესაძენად ოფიციალური ნაბიჯი გადადგა და „ევერტონს“ 3 მილიონი ფუნტი შესთავაზა. ინგლისის ჩემპიონი ახლა შეხედავს რით უპასუხებს მის სვლას „ტოტენჰემ ჰოთსპური“, რომელიც ასევე ცდილობს 28 წლის სამხრეთ აფრიკელის ხელში ჩაგდებას. ცნობისთვის: „სფურზს“ ჯერ ოფიციალურად არაფერი მოუმოქმედებია და მისი ინტერესი ლაპარაკის დონეზეა.
პიენაარს, რასაკვირველია, ორივე ტრანსფერი აძლევს ხელს, თუმცა, ბუნებრივია, „ჩელსიში“ გადასვლა ურჩევნია. საქმე ის არის, რომ „როგორც „ლურჯები“ ასევე „დეზები“ ჩემპიონთა ლიგაში გამოდიან და სამხრეთ აფრიკელი პირდაპირ საოცნებო შეჯიბრებაში ამოჰყოფდა თავს. პიენაარს ერთი ძალიან კარგი თვისება აქვს, თავდამსხმელების უკან ორივე ფრთაზე შეუძლია თამაში, ისევე, როგორც იოსი ბენაიუნს, რომელიც დაშავებულია და მოედანს წესით მარტში უნდა დაუბრუნდეს.
მეექვსასე
რაიან გიგზი კვირას „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ წინააღმდეგ „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემადგენლობაში თავის მეექვსასე მატჩს ჩაატარებს. უელსელი ვეტერანი ომედოვნებს, რომ მომავალში კიდევ არაერთ შეხვედრაში მოუწევს მონაწილეობა „წითელი“ მაისურით.
37 წლის გარემარბს, რომელმაც ფეხბურთის ასოციაციის თასის მესამე ეტაპზე „ლივერპულს“ პენალტი გაუტანა და „იუნაიტედმა“ მერსისაიდელები სწორედ ამ გოლის წყალობით დაამარცხეს, სეზონის ბოლოს კლუბთან კონტრაქტის ვადა ეწურება, მაგრამ იმედოვნებს, რომ კიდევ ერთი წლით გაიხანგრძლივებს „ოლდ ტრეფორდზე“ ყოფნას:
„სულ იმას ვცდილობ, ფორმაში ვიყო და მწვრთნელმა მათამაშოს. დღეს, საბედნიეროდ საქმე კარგად მიდის და მე ფეხბურთისგან უდიდეს სიამოვნებას ვიღებ“.
მოგეხსენებათ, გიგზმა ნაკრებში თამაშს თავი 2007 წელს დაანება, თუმცა მზად არის უელსელთა ახალ თავკაცს გარი სპიდს მხარში ამოუდგეს:
„მე გარის მხარდამხარ მითამაშია. ის დიდებული ფეხბურთელი იყო და ეჭვი არ მეპარება, რომ უელსის ნაკრებში მუშაობას კარგად გაართმევს თავს. თუკი მას ჩემგან რაიმე დახმარება დასჭირდება შეუძლია დამირეკოს და მყისვე მხარში ამოვუდგები“ - ამბობს ის.