U21. ევროპის ჩემპიონატი: ინგლისი ევროს ჰარი კეინით შეუტევს

AutoSharing Option
17-30 ივნისს ჩეხეთში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ტარდება. ინგლისის დიდ ნაკრებს თუ დაახლოებით ნახევარი საუკუნეა, არაფრის მოგება არ გამოსდის, 21-წლამდელებს აქვთ იმედი, რომ წარმატებას მიაღწევენ. გარეთ საუთგეიტის გუნდი საკმაოდ რთულ ჯგუფშია - 18 ივნისს პორტუგალიას ხვდება, 21 ივნისს - შვედეთს, ხოლო 24 ივნისს - იტალიას.

ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა 27-კაციანი სია დაასახელა, რომელიც შემდეგ 23 კაცამდე შემცირდება. შემადგენლობაში მოხვდა ლონდონის "ტოტენჰემის" ფორვარდი ჰარი კეინი. იქვე ვხვდებით "ვესტ ბრომვიჩის" საიდო ბერაჰინოსა და "ბარნლის" დენი ინგსსაც.

"ტურნირზე ერთ-ერთი ფავორიტის რანგში მივემგზავრებით, საკუთარი შესაძლებლობების გვჯერა
და ამ სტატუსის გამართლება ძალიან გვინდა. გვყავს ბევრი ისეთი ფეხბურთელი, რომლებმაც საკლუბო დონეზე საკმაო წარმატებას მიაღწიეს, მაგრამ ახლა მათ ერთობლივად ისტორია უნდა შექმნან" - აღნიშნა საუთგეიტმა, რომლის გუნდსაც ბოლო 14 მატჩიდან 13 მოგებული აქვს.

კლუბებს წამყვანი მოთამაშეების ზაფხულში გადატვირთვა არ სურდათ, მაგრამ კეინმა სიხარულით მიიღო მწვრთნელის მოწვევა. სამაგიეროდ, ნაკრებში არ არიან "ევერტონის" როს ბარკლი, "ლივერპულის" რაჰიმ სტერლინგი, "არსენალის" შემტევი ალექს-ოქსლეიდ ჩემბერლენი და "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველი ფილ ჯონსი. საუთგეიტს მათი არგამოძახების მიზეზი არ დაუკონკრეტებია - მან კლუბების პოზიცია გაითვალისწინა თუ თავისით გადაწყვიტა ასე, ძნელი სათქმელია.

სამაგიეროდ, ვიცით ის, რომ გარეთს ძალიან უნდოდა ლუკ შოუს მიწვევა, მაგრამ ექიმების დიაგნოზით, "საუთჰემპტონის" აღზრდილი ახლა მზად არ არის. იგი ტრავმების გამო ამ სეზონში "წითელი ეშმაკების" რიგებშიც ვერ გაიხსნა და დამკვიდრდა.

"ლუი ვან გაალს რეგულარულად ვესაუბრებოდი და გვქონდა იმედი, რომ შოუ ჩვენ დახმარებას შეძლებდა, მაგრამ სამწუხაროდ, ექიმებმა სხვაგვარად გვირჩიეს. ეს ძალიან დასანანია, რადგან ლუკი აქტიური მონაწილე იყო იმ ყველაფრისა, რაც აქამდე გავაკეთეთ" - თქვა საუთგეიტმა.

ინგლისის ნაკრებს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ორჯერ აქვს მოგებული - 1982 და 1984 წლებში. ამ ტურნირზე უკანასკნელი გამოსვლა კი ძალიან წარუმატებელი გახლდათ, სტიუარტ პირსის გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე სამივე შეხვედრა წააგო.

აქვე შეგიძლიათ განაცხადს გადაავლოთ თვალი და ინგლისის მომავალი ვარსკვლავები გადაათვალიეროთ.

მეკარეები: მარკუს ბეტინელი (ფულემი), ჯონათან ბონდი (უოტფორდი), ჯეკ ბატლენდი (სტოკი)

მცველები: კალუმ ჩემბერსი (არსენალი), ერიკ დაიერი (ტოტენჰემი), ლუკ გარბატი (ევერტონი), ბენ გიბსონი (მიდლსბრო), კარლ ჯენკინსონი (არსენალი, იჯარით ვესტ ჰემშია), მაიკლ კინი (ბარნლი), ლიამ მური (ლესტერი), ჯონ სტოუნსი (ევერტონი), მეტ ტარგეტი (საუთჰემპტონი)

ნახევარმცველები: ტომ კეროლი (სუონსი), ნათანიელ შალონა (ჩელსი), უილ ჰიუზი (დერბი), ჯეიკ ფორსტერ-კასკი (ბრაიტონი), ჯესი ლინგარდი (მანჩესტერი), რუბენ ლოფტუს-ჩიკი (ჩელსი), ალექს პრიტჩარდი (ტოტენჰემი), ნათან რედმონდი (ნორვიჩი), ჯეიმს უორდ-პრაუსი (საუთჰემპტონი)

თავდამსხმელები: ბენიკ აფობე (ვულვზი), პატრიკ ბამფორდი (მიდლსბრო), საიდო ბერაჰინო (ვესტ ბრომვიჩი), ჰარი კეინი (ტოტენჰემი), დენი ინგსი (ბარნლი), კოული ვუდროუ (ფულემი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული