ფაბიო და ბექზი

AutoSharing Option
კვირას, "უაით ჰართ ლეინზე" გულშემატკივარი საინტერესო შეხვედრის მოწმე გახდა - "ტოტენჰემ ჰოთსპურისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" მატჩის დროს ტრიბუნაზე ფაბიო კაპელო დევიდ ბექჰემს გადაეყარა. ინგლისური გაზეთები ასე წერენ: მწვრთნელი თავის ყოფილ მოთამაშეს როგორც იქნა შეხვდაო. ინგლისის ნაკრების თავკაცმა კაპიტანყოფილი გულში თბილად ჩაიკრა.

ამ შეხვედრას მას-მედიამ ყურადღება იმიტომ მიაქცია, რომ შარშან კაპელოს ერთმა ნათქვამმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია: იტალიელმა ბრძანა, ბექჰემი უკვე დაბერდა და ნაკრებში აღარ გამოვიძახებო. ეს სიტყვები იტალიელმა აგვისტოში, ინგლისისა და უნგრეთის ამხანაგური შეხვედრის წინ თქვა. ის თამაში ინგლისელებმა 2:1 მოიგეს.
მაშინ, კაპელოს უშუალოდ ბექჰემზე ჰკითხეს, თქვენს სამომავლო გეგმებში მისთვის ადგილი თუ არისო. მწვრთნელმა, რომელიც ინგლისელ ვეტერანს ჯერ კიდევ "რეალში" ხელმძღვანელობდა, მიუგო:

"ინგლისის ნაკრებში ცვლილებების დროა. დევიდი ფანტასტიკური ფეხბურთელია, მაგრამ, ვფიქრობ, ჩვენ ახალი სისხლი გვჭირდება. მე მას მსოფლიოს ჩემპიონატზე გაწეული დახმარებისთვის დიდ მადლობას ვუხდი, მაგრამ უკვე ბებრად მიმაჩნია."

მერე გაირკვა, რომ ინგლისის ნაკრების მწვრთნელთა შტაბს კაპელოს გადაწყვეტილების შესახებ ბექჰემი გაფრთხილებული არ ჰყავდა. ასეთი უმადურობისთვის ვეტერანისგან ყველა ცხარე რეაქციას ელოდა, მაგრამ მან ყველა გააოცა - თავის ოფიციალურ განცხადებაში ნაკრებისადმი ერთგულება დაადასტურა და თქვა, რომ თუ მომავალში მაინც გამოიძახებენ, მადლობელი დარჩება.





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული