"პარმა" ოფიციალურად გაკოტრდა და სერია D-ში ითამაშებს

AutoSharing Option
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ტიტულოვანი იტალიური კლუბი "პარმა" გაკოტრებულად გამოცხადდა და კარგ შემთხვევაში, მომდევნო სეზონს სერია D-ში დაიწყებს.

"პარმა" ფინანსურმა პრობლემებმა გადაიყოლა, რის გამოც გუნდმა ჯერ უეფას ლიცენზირება ვერ გაიარა და ევროპალიგაზე ვერ იასპარეზა, შემდეგ კი სერია A-ში დააკლდა ქულები და ჩემპიონატი ბოლო ადგილზე დაასრულა. ეგ კი არა, კრიზისის გამო "პარმას" რამდენიმე მატჩი გადაიდო და გუნდმა სეზონი ფედერკალჩოს მიერ ნასესხები 5 მილიონი ევროთი ჩაამთავრა.

"პარმა" სერია B-ში დაქვეითდა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ კლუბს ახალი მეპატრონე არ გამოუჩნდა, ოფიციალურად გაკოტრდა და
სამოყვარულო ლიგაში გავარდა.

ემილიელთა ბოლო იმედი ბეისბოლის ვარსკვლავი, იტალიური ფესვების მქონე ამერიკელი მაიკლ პიაცა იყო, რომლის წინაპრები სწორედ ქალაქ პარმადან იყვნენ და ერთი ხანობა, გუნდის გადარჩენას სწორედ ის ლამობდა - პიაცას 22 მილიონი ევრო უნდა გადაეხადა და შემდეგ ვალები ეტაპობრივად დაეფარა, მაგრამ ბოლო მომენტში, უარზე დადგა და ამით "პარმას" საქმეც მოთავდა.

"პარმა" გაივლის იმ გზას, რაც სულ ახლო წარსულში "ფიორენტინამ" გაიარა - ძველი "პარმა" უკვე აღარ არსებობს და შესაბამისად, ვალებიც იმ კლუბმა გაიყოლა. შეიქმნება ახალი კლუბი, რომელიც თავისუფალი იქნება ყველანაირი დავალიანებისგან და მეორე მხრივ, თავს ყოფილი კლუბის მემკვიდრედ გამოაცხადებს, რაც იურიდიულად შესაძლებელია.

ერთი წელი "პარმას" ახალი სახელი ექნება და შემდეგ, სავარაუდოდ, ძველ სახელს დაიბრუნებს - მოკლედ, ვალებში გადავარდნილი კლუბისთვის ეს მშვენიერი გამოსავალი იქნებოდა, რომ არა ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი: მომდევნო სეზონს "პარმა" არა სერია B-ში, არამედ სერია D-ში დაიწყებს, იქიდან ელიტაში დაბრუნება კი წლების ამბავია.

მით უმეტეს, ჯერ არც ის გაცხადებულა, ვინ დააფუძნებს ახალ კლუბს, რომელიც ახალ ისტორიას სამოყვარულო ლიგიდან დაიწყებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული