ასე ჩავარდა ჩაქუჩი ნაცარში

AutoSharing Option

მარტინ ო’ნილმა „ვესტ ჰემს“ ავრამ გრანტის შეცვლაზე უარი უთხრა. „ასტონ ვილას“ ყოფილმა თავკაცმა მკაფიოდ განმარტა, რომ ლონდონელების ახლანდელი მწვრთნელისთვის „ზურგში დანის ჩაცემა“ არ სურს, ასე რომ „ჩაქუჩებს“ პრემიერლიგაში დარჩენისთვის ბრძოლა ძველი ხელმძღვანელის რჩევა-დარიგებებით მოუწევთ. თავის მხრივ, არც გრანტს ეტყობა წამსვლელის რამე - „ლივერპულს“ ჯო კოულზე ევაჭრება. მოგეხსენებათ, გრანტი და კოული „ჩელსიში“ გატარებული დღეებიდან ცნობენ ერთმანეთს და როგორც ამბობენ გარიგებასთან ახლოსაც არიან. „ვესტ ჰემის“ თავკაცი ფიქრობს, რომ კოული მერსისაიდელთა ახალი თავკაცის, კენი დალგლიშის სტილსა და გემოვნებას ვერ უნდა აკმაყოფილებდეს. „აპტონ პარკის“
საქმეებში ჩახედულმა მავანმა თქვა:

„რასაკვირველია ბოლო დღეებში რთულად გადასატანი ამბები მოხდა, მაგრამ ავრამი მაინც ჩვეულებრივად აპირებს მუშაობის გაგრძელებას. რაც შეეხება ჯო კოულს, მას კვირას, ლივერპულის დერბიში არ უთამაშია... იცით, როდესაც ავრამი „ჩელსიდან“ გაუშვეს, ჯომ მეტად ემოციური და გულწრფელი მესიჯი გაუგზავნა. ამ მესიჯში ეწერა, რომ მას გრანტთან თანამშრომლობა ძალიან სიამოვნებდა და და გული წყდება ის, რომ გაუშვეს“.

ამგვარად, ო’ნილის პასუხმა „ვესტ ჰემის“ პატრონები საგონებელში ჩააგდო. მოგეხსენებათ, მათ მტკიცედ ჰქონდათ დასახული, რომ თუ გუნდი „არსენალთან“ დიდი ანგარიშით დამარცხდებოდა, გრანტს გაუშვებდნან და ირლანდიელს მიიყვანდნენ. „ვესტ ჰემი“ „არსენალთან“ 3:0 დამარცხდა, ო’ნილმა კი განაცხადა, რომ კოლეგის გაგდებაში, პირდაპირ თუ ირიბად, მონაწილეობას არასდროს მიიღებს. „ლელოს“ მკითხველებმა იციან, რომ „ვესტ ჰემის“ დირექტორატს სათადაროგო ვარიანტად „ბლექბერნიდან“ ამასწინათ გაგდებული სემ ელერდაისი ჰყავდათ შეგულებული, მაგრამ როგორც ჩანს კოლეგიალობის გამო მანაც უკან დაიხია. თუმცა, შეიძლება, დღეს „ვესტ ჰემის“ გადარჩენა უკვე შეუძლებელ საქმედ ეჩვენებათ და ერთიცა და მეორეც იმიტომ იკავებენ თავს.
ო’ნილთან დაახლოვებულმა ადამიანმა „სანს“ უთხრა: „ასეთ პირობებში მარტინი საქმეს ხელს ვერ მოჰკიდებდა. იგი „ვესტ ჰემს“ ძალიან დიდ პატივს სცემს და სამსახურიც სჭირდება, მაგრამ ასეთი, არა“.

კოლეგის დასაცავად ხმა აიმაღლა „ვულვზის“ მწვრთნელმა მიკ მაკარტიმაც, რომელმაც განაცხადა, რომ ისე, როგორც „ვესტ ჰემი“ გრანტს, კლუბი მწვრთნელს არ უნდა ექცეოდეს. მაკარტიმ თქვა:
„ეს უსამართლობა იქნება გრანტის, ფეხბურთელების და ყველას მიმართ. მუდმივი მუქარის ქვეშ ყოფნა ნამდვილად ვერრ აამაღლებს შრომისუნარიანობას და უკეთეს შედეგს ვერ მოიტანს“.

მერედა, გრანტმა საკუთარი მწარე გამოცდილებიდან იცის, რომ სამსახურიდან გაშვების შემდეგ კლუბები პირობას არ ასრულობენ. მას მერე, რაც 2008 წლის აგვისტოში „ჩელსიდან“ გააგდეს, ებრაელ მწვრთნელს კუთვნილი თანხის მისაღებად მთელი ორი წელიწადი დასჭირდა. თუმცა დავუბრუნდეთ მიკ მაკარტის, რომელმაც თქვა, რომ რაგინდ რთულ დღეში იყოს „ვესტ ჰემი“, გრანტის შემდეგ, მაინც გამოჩნდება მწვრთნელი, რომელიც გუნდის გადარჩენას შეეცდება:

„გარწმუნებთ, როდესაც სკამი გამოჩნდება, მის დასაკავებლად რიგი აქედან აბერდინამდე დადგება. არ გეგონოთ, რომ დღევანდელი უხერხულობის გამო ხალხი მომავალშიც თავს შეიკავებს“.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული