ორშაბათ საღამოს დარენ ბენტი „მიდლენდ ოტელში“, „სანდერლენდიდან“ „სტონ ვილაში“ გადასვლის ნებართვას ელოდებოდა. ამ მოულოდნელი ტრანსფერის ღირებულება 24 მილიონი ფუნტია. სანდერლენდელი ცნობამ ბენტისა და „ვილას“ შესახებ სანდერლენდელი გულშემატკივარი პირღია დატოვა. ვინ წარმოიდგენდა, რომ კვირას, ჩრდილო-აღმოსავლურ დერბიში „ნიუკასლისთვის“ ქულის ხელიდან ბოლოწამს გამობრდღვნის შემდეგ გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი წასვლაზე იფიქრებდა... თან მეორე დღესვე.
მეორე დღეს კი არა, იმ მომენტიდან, როდესაც ასამოამ „კაჭკაჭებს“ გოლი შეუგდო („სთედიუმ ოფ ლაითზე“ მოჭარბებული ემოციისგან, აქა-იქ ჩხუბიც კი ატყდა) სულ ორი საათი იქნებოდა გასული ბენტმა კლუბის ოფისში განთავისუფლების თხოვნა
როგორც ჩანს, ამ ეტაპზე ლერნერი „ვილას“ მწვრთნელს ჟერარ ულიეს უჯერებს ყველაფერს. უფრო სწორად, სატრანსფერო პოლიტიკას მთლიანად ულიე წარმართავს ლერნერი კი ეთანხმება და აფინანსებს. ბირმინგემელებმა ახლახან „ლიონისგან“ ნახევარმცველი ჟან მაკუნი იყიდეს და ახლა ბენტს მიადგნენ, რომლის ტრანსფერსაც „სანდერლენდის“ თავმჯდომარენ ნილ ქულინმა და მწვრთნელმა სტივ ბრუსმა ბეჭედი დაასვეს. თანხა, რომელზეც მხარეებმა თავდაპირველად მოილაპარაკეს 19 მილიონი ფუნტი გახლდათ, თუმცა მთელი რიგი „წვრილმანების“ დამატებითა და გათვალისწინებით ის ზემოხსენებულ 24 მილიონამდე ავიდა.
26 წლის ბენტმა, რომელიც გასულ სეზონში მთელი ჩრდილო-აღმოსავლეთის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს (ასეთი გამოკითხვაც ტარდება), აგვისტოშიც სცადა „სანდერლენდის“ დატოვება, ოღონდ მაშინ „ასტონ ვილა“ კი არ ეპატიჟებოდა, არამედ თურქული „გალათასარაი“ და „ფენერბაჰჩე“ სთავაზობდნენ გვარიან გასამრჯელოს. მაშინ სანდერლენდელებმა თავდამსხმელი დაიყოლიეს და თურქეთში წასვლა გადაათქმევინეს, მაგრამ როგორც კი „ვილა პარკზე“ ოთხწლიანი კონტრაქტის ვარიანტი გამოჩნდა, ბენტმა უარი ვეღარ თქვა. ცნობისთვის: „ასტონ ვილაში“ დარენ ბენტი მის ახლანდელ ხელფასზე, კვირაში 35 ათას ფუნტზე ორჯერ მეტს მიიღებს.
უთავდამსხმელოდ დარჩენილი ბრუსი კი დაუყოვნებლივ დაიწყებს გამოსავლის ძიებას. „სანდერლენდის“ თავკაცს, რასაკვირველია, უკვე სიაც აქვს შედგენილი და ამ სიაში პირველ ნომრად რუსი რომან პავლიუჩენკო უწერია. პავლიუჩენკო, მოგეხსენებათ, „ტოტენჰემის“ ფეხბურთელია, „ტოტენჰემს“ კი მისი გაყიდვა არ უნდა, თავიდან რობი კინის მოშორება ურჩევნია. ერთი სიტყვით, ჰარი რედნაპი ბრუსს კინის ყიდვას ურჩევს, მითუფრო, რომ ამ ირლანდიელი ფეხბურთელის „ბირმინგემ სიტიში“ გადასვლა ჩაიშალა - მოთამაშემ მეტისმეტად დიდი ხელფასი მოითხოვა, ასე რომ, ის კვლავ „დახლზეა“. გარდა ამისა, „სანდერლენდს“ „ტოტენჰემის“ ფული მართებს - ბენტი სწორედ იქიდან ჰყავს ნაყიდი და თანხა ჯერ არ გაუსტუმრებია...