ხულიგანი ნიუკასლის კარზე

AutoSharing Option

„სანდერლენდის“ ფანი, რომელიც კვირას, ტაინის და უეარის დერბის ბოლო წუთზე მოედანზე ჩახტა და „ნიუკასლის“ მეკარე სტივ ჰარპერს ხელი ჰკრა მამამისმა ბოდიშის მოსახდელად „კაჭკაჭთა“ საწვრთნელ ბაზაზე მიიყვანა. გაირკვა, რომ ყმაწვილს ჰქვია როს მილერი და 17 წლისა გახლავთ. მამამისს, სატვირთო მანქანების 42 წლის მძღოლ გერის შვილის „ვაჟკაცობის“ ამბის შეტყობის შემდეგ, აღშფოთებისგან ღამე არ ძინებია. ბარემ აქვე შეგახსენებთ მთავარ ამბავსაც: ჩრდილო-აღმოსავლეთის დერბიში „ნიუკასლი“ იგებდა, მაგრამ მასპინძელმა „სანდერლენდმა“ ბოლოწამს ანგარიშის გათანაბრება მოახერხა, რამაც სტადიონზე დიდი ემოცია გამოიწვია. ემოციას აქა-იქ ჩხუბი და ტრიბუნებიდან სკამების აძრობაც

მოჰყვა, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც როს მილერი გადაირია - მოედანზე ჩახტა და ჰარპერს თავს დაესხა. შეხვედრის დასრულების შემდეგ „ნიუკასლის“ კაპიტანმა კევინ ნოლანმა ხულიგნის ამოცნობა და მისთვის სტადიონებზე სიარულის სამუდამოდ აღკვეთა მოითხოვა.

სანდერლენდსა და ნიუკასლს შორის სულ 17 კილომეტრია, ასე რომ გერი მილერს ვაჟის „იუნაიტედის“ საწვრთნელ ცენტში მოყვანა არ გაჭირვებია, მაგრამ სამწუხაროდ, ფეხბურთელები არ დახვდნენ - ტურის შემდეგ დასვენების დღე იყო. ერთი სიტყვით, როს მილერისა და ჰარპერის შეხვედრა არ შედგა, მაგრამ მამამ ვაჟი კლუბის ოფისში ხელმძღვანელებთან შეიყვანა და მათთვის მოახდევინა ბოდიში. გერი მილერმა ტაბლოიდების ჩასაფრებულ რეპორტიორებს უთხრა:

„ჩვენ ერთად ვიყავით სტადიონზე, მაგრამ „სანდერლენდმა“ გოლი რომ გაიტანა 50 ათასი კაცი გიჟივით წამოხტა, საყოველთაო ზეიმი მოეწყო და... ყველაფერი რომ დაწყნარდა როსი ვეღარ ვიპოვნე. გავიხედე მოედნისკენ და რას ვხედავ - იქ არის. თვალებს არ ვუჯერებდი. გამოვედევნე, მაგრამ რას ჩავასწრებდი - დაიჭირეს და გაიყვანეს“.

სტადიონიდან მილერი-უმცროსი პოლიციის განტოფილებაში წაიყვანეს და მხოლოდ საღამოს 11 საათზე გამოუშვეს, ისიც თავდებით. ამრიგად, 17 წლის საფეხბურთო ხულიგანმა გისოსებს მიღმა 5 საათი გაატარა. მამა-გერიმ კიდევ ასე თქვა:
„ადრე არანაირ კონფლიქტში არ ამოგვიყვია თავი. ბოდიშის მოხდაც თავად როსის იდეა იყო. მერწმუნეთ, ის ხულიგანი არ არის, ეს უბრალოდ სიგიჟის წუთები იყო“.

საინტერესოა, რომ მილერების ოჯახი თვით სანდერლენდიდანაც კი არ არის, ისინი სპენიმურიდან გახლავან - სანდერლენდიდან ეს 32 ათასიანი ქალაქი 27 კილომეტრშია. ხულიგანმა როსმა თქვა:

„დედაც ძალიან შეწუხდა. ვგრძნობ, რომ ჩემი საქციელით ყველა ცუდ დღეში ჩავაგდე. მე მათ ვუღალატე“.
იმ დღეს ჩრდილო-აღმოსავლეთის პოლიციამ 33 ადამიანი დაიჭირა. ტაბლოიდებს „ნიუკასლ იუნაიტედის“ მავანმა თანამშრომელმა უთხრა: „ეს ბიჭი გულწრფელად შეწუხებული ჩანდა. ამაზე მეტი მონანიება მე ვერც კი წარმომიდგენია. მისი მოსვლის შესახებ სტივსაც შეატყობინეს. მას და მთელს ჩვენს კლუბს ამ ისტორიის დასრულება სურს“.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული