`ფაბრეგასი ჩვენი გუნდის კაპიტანია, მაგრამ ლიდერი ნამდვილად არ არის. ლიდერობა თანდაყოლილი თვისებაა, ის ასაკზე არ არის დამოკიდებული. ლიდერი შეიძლება ძალიან ახალგაზრდაც იყოს, რადგან ასეთად დაიბადა და მორჩა. დღევანდელი `არსენალი~ უფრო კოლექტიური სულის მქონე გუნდია. ჩვენთან სიტყვა ყველას ეთქმის, მაგრამ ვფიქრობ, გუნდში გამოკვეთილი ლიდერი მაინც უნდა იყოს~.
საინტერესოა, რომ ახალგაზრდა ცენტრალურ ნახევარმცველს ჩრდილოლონდონელთა მეკარეებზეც თავისი ჩამოყალიბებული შეხედულება აღმოაჩნდა.
`ჩვენს გუნდს, სამწუხაროდ, მეკარის პრობლემა აქვს. საუკეთესო ალმუნიაა, ფაბიანსკი და შჩესნი კი არ არიან იმ დონის, `არსენალის~ ბედი რომ ანდო~.
არსენ ვენგერს კი დენილსონი, თურმე, ბრმად ენდობა: `ის საოცრად მუშაობს. ვენგერის ყველა ნაბიჯი აღმაფრთოვანებს. აღტაცებული ვარ იმითაც, რომ ის ახალგაზრდებს დიდ ფეხბურთში თავის გამოჩენის შანსს აძლევს~.
20 წლის ჯეი ემანუელ-ტომასს ვენგერმა, მაისამდე, თავის გამოჩენის შანსი `კარდიფში~ მისცა. სენტ ლუსიელი დედისა და დომინიკელი მამის `ინგლისელი~ ვაჟი მიმდინარე სეზონში ჩრდილოლონდონელთა შემადგენლობაში ოთხჯერ გამოჩნდა. შემტევი ნახევარმცველი ვენგერმა სულ ცოტა ხნით შეიყვანა `ჩელსისთან~ შეხვედრაში, რომელიც `მეთოფეებმა~ 2:0 წააგეს. მწვრთნელმა ამავე სეზონში აზიარა ის ჩემპიონთა ლიგასაც, როდესაც 10 წუთით დონეცკის `შახტართან~ ათამაშა. დარჩენილი ორი შეხვედრა კი `ქარლინგის~ თასისა იყო, `ნიუკასლისა~ და `უიგანის~ წინააღმდეგ.
ემანუელ-ტომასს `ჩემპიონშიპში~ თამაშის გამოცდილება აქვს - გასული სეზონის პირველი ნახევარი `ბლექპულში~ გაატარა, მეორე კი `დონკასტერში~. `ბლექპულში~ იან ჰოლოუეიმ ახალგაზრდა კაცი 12 შეხვედრაში ათამაშა, რომელთაგან ერთში მან გოლიც შეაგდო. დინკასტერელები ემანუელ-ტომასს 14-ჯერ ენდნენ და მანაც 5 გოლი გაიტანა.
საინტერესოა, რომ `არსენალს~ უკვე 14 ახალგაზრდა ჰყავს სხვადასხვა გუნდებში გაქირავებული, მათ რიცხვში მეკარე ვიტო მანონე `ჰალ სიტიში~ და არმანდ ტრაორე `იუვენტუსში~.