დათრგუნეთ ღამის კლუბები და დროსტარება!

AutoSharing Option
რიო ფერდინანდმა შრომითა და შეუპოვრობით თავისი ეპოქის ერთ-ერთი უძლიერესი ინგლისელი მცველის სახელი დაიმკვიდრა და ნაკრების კაპიტნის სამკლავურიც მოირგო, მაგრამ ახალგაზრდობის დროინდელი ქეიფებისთვის თავი რომ არ დაენებებინა, მთელი კარიერა, რასაკვირველია, წყალში ჩაიყრებოდა - ეს ჩვენი დასკვნა არ გეგონოთ, თავად. სწამს ასე. 32 წლის ვარსკვლავმა გაზეთ `სანისთვის~ მიცემულ ვრცელ ინტერვიუში თავის ცხოვრებაზე ილაპარაკა:

`ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ ახალგაზრდობაში დროსტარების მეტს არაფერს ვაკეთებდი. საბედნიეროდ ცხოვრებისადმი დამოკიდებულება ძირფესვიანად შევცვალე. ასე რომ არ მოვქცეულიყავი დღეს მრავალ უსახურ ფეხბურთელთაგან ერთ-ერთი ვიქნებოდი. ის კი არა, დღეს
საკუთარ თავს ხშირად ვეკითხები, კიდევ უფრო მკაცრი ხომ არ უნდა ვყოფილიყავი ჩემი რეჟიმის მიმართ? მგონი, ფეხბურთში მეტის მიღწევა შემეძლო. ამისათვის კლუბებში სიარული და ღამეული დროს ტარება საერთოდ უნდა ამომეძირკვა.
ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ვეტერანებს ყური უნდა დაგვიგვდონ, განსაკუთრებით ჩემნაირებს, რომელთაც მედლის ორივე მხარე გვინახავს და კარგად ვიცით რა ადვილია ერთი მხარიდან მეორეზე ამოჰყო თავი. როგორ არა, იღბალმაც გამიღიმა, მაგრამ ეს არ მოხდებოდა საკუთარი თავი ხელში რომ არ ამეყვანა და მუყაით შრომას არ შევდგომოდი~.

რიო ფერდინანდმა კარიერა `ვესტ ჰემში~ დაიწყო - 14 წლისამ საყმაწვილო კონტრაქტს მოაწერა ხელი, ჩვიდმეტისა კი უკვე პროფესიონალი გახდა. სანამ დიდ ფულს იშოვნიდა სამხრეთ-აღმოსავლეთ ლონდონში, პეკემში, სამოთახიან ბინაში იზრდებოდა. ფეხბურთელი რომ გახდა ღამეულ დროსტარებას მიეჩვია და მასში ღრმადაც ჩაეფლო, თუმცა, როგორც მოგახსენეთ, ნებისყოფა მოიკრიბა და ცხოვრების ნირი იცვალა. მაგრამ მას მერე დრო გავიდა, ცხოვრება შეიცვალა და რიო ფერდიანადი ფიქრობს, რომ დღევანდელ ყმაწვილებს მონდომებისა და რეჟიმის დაცვის გაცილებით მეტი სტიმული აქვთ ვიდრე მას ჰქონდა.

`ჩემი პირველი ხელფასი კვირაში ასრაღაცა ფუნტი იყო. რასაკვირველია, იმ დროის კვალობაზე ეს ცუდი ფული არ იყო, მაგრამ, დღევანდელ ჯამაგირებთან შედარებაც არ შეიძლება. მე თუ მკითხავთ, დღევანდელი ახალგაზრდები ძალიან ადრე იღებენ დიდ ფულს, ისეთს, როგორიც არ დაუმსახურებიათ. გამოჩნდნენ ბავშვები, რომელთაც პროფესიული კონტრაქტები გააფორმეს და ცხოვრებაში პირველი გასამრჯელო კვირაში რამდენიმე ათასი ფუნტი აქვთ. წარმოიდგინეთ ყმაწვილი, რომელსაც საერთოდ არ ჰქონია შემოსავალი და უცბათ ამდენს იღებს. როგორი ნახტომია? თან სრულიად გამოუცდელია... გარწმუნებთ, ახალგაზრდა კაცი ასეთი ფულის პატრონი რომ ხდება, გვერდით კარგი ადამიანები თუ არ უდგანან და ჭკუას არ არიგებენ, აირევა, სწორად ცხოვრებას ვერ მოახერხებს~.

ახალგაზრდებსა და მათ პროფესიონალებად ჩამოყალებაზე ლაპარაკი `ნაიკის~ ინიციატივამ მოიტანა. ამ ინიციატივას ჰქვია `შანსი~ და მისი ამოცანა მთელს მსოფლიოში ნიჭიერი ახალგაზრდების შერჩევაა. მომავალ სეზონში `ნაიკის~ აკადემიას 40 ქვეყნიდან შერჩეული 100 ყმაწვილი მიაკოთხავს და რიოც ამ პროექტის ნაწილი გახლავთ - მომავალ თაობას გამოცდილება უნდა გაუზიაროს.
რიო ფერდინანდმა ყურადღება მიაქცია, რომ ბევრ ახალგაზრდას პროფესიული კონტრაქტის გაფორმება საქმის მოკვარახჭინება ჰგონია, არადა სწორედ ეს არის დასაწყისი. ორი შვილი მამა განმარტავს:

`ბევრს ჰგონია, რომ პროფესიული კონტრაქტის გაფორმება საქმის დასასრულია. არადა ეს დასაწყისი გახლავთ. ყმაწვილებს გონება ფეხბურთელის გარშემო დაგებული ხაფანგებისკენ კი არ უნდა გაურბოდეთ, არამედ მთლიანად ვარჯიშისკენ უნდა იყვნენ მიმართულნი. მხოლოდ ასე შეძლებენ დიდი კარიერის შექმნას. ფეხბურთელობა დიდებულია, მაგრამ ადვილი ნამდვილად არ არის. ფეხბურთელს უამრავი წინააღმდეგობა ხვდება, მაგრამ სწორედ ეს არის საინტერესო. ამ წინააღმდეგობების დაძლევის ეშხით გავყევი ამ საქმეს და არაფრის დიდებით გავცვლიდი სხვა რამეზე. გამიმართლა, რომ ცხოვრებაში ჩემს შესაფერის კლუბს მივაგენი. `მანჩესტერ იუნაიტედი~ ზუსტად ის არის რაც მე მჭირდებოდა და სერ ალექს ფერგიუსონიც ზუსტად იმ მწვრთნელია, როგორიც მე მჭირდებოდა~.

იცით რა აკვირვებს ფერდინანდს? ის, რომ ბევრი პროფესიონალი ფეხბურთელი, მაღალი ხელფასით, მოედანზე ბოლომდე არ იხარჯება.
`მე ვიცნობ ბიჭებს, რომლებიც თავიანთი ნიჭის 70 პროცენტზე მეტს არ ავლენენ. ისინი დამატებით არ მუშაობენ და ძალიან კმაყოფილები რჩებიან იმით, რაც აქვთ. მათ ათამაშებენ და ფულსაც კარგად უხდიან, თავად კი საერთოდ არ ცდილობენ კიდევ უფრო მაღალი დონის მოთამაშეები გახდნენ~.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული