ემილ ჰესკიმ განაცხადა, რომ ინგლისის ნაკრებიდან მიდის — ასე დასრულდა სანაკრებო კარიერა თავდამსხმელისა, რომელმაც ეროვნულ გუნდში 3413 წუთი ითამაშა და ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ 7 გოლის გატანა მოახერხა. „ასტონ ვილას“ ცენტრფორვარდმა ნაკრებში 11 წლიანი კარიერის დასრულება გულდასაწყვეტი მუნდიალის შემდეგ გადაწყვიტა. 32 წლისამ ამ 11 წლის განმავლობაში 62 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მას მეტწილად კევინ კიგანი, სვენ-გორან ერიქსონი და სტივ მაკლარენი იწვევდნენ, ბოლოს კი ფაბიო კაპელოც ენდო. ახლა, ვეტერანი ამბობს, რომ დროა ასპარეზზე ახალი თაობა გამოვიდეს — აგვისტოში ინგლისელებს უნგრეთის გუნდთან აქვთ
„ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში ბედნიერი კარიერა გავატარე. ყოველთვის, როდესაც წილად მხვდებოდა ბედნიერება და ეროვნულ გუნდში გამომიძახებდნენ, სიამაყის გრძნობა მეუფლებოდა. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა იმ მწვრთნელებს, რომლებიც მაფასებდნენ და მიწვევდნენ, ფეხბურთის ასოციაციის ყველა წევრსა და ფანებს, რომლებიც წლობით მხარში მედგნენ“.
იმავდროულად, ბოლო პერიოდში ინგლისის ნაკრებში არ ყოფილა ფეხბურთელი ამოდენა კამათი რომ გამოეწვია. ერთი მხრივ მხარდაჭერა, მეორე მხრივ კი მხოლოდ და მხოლოდ შვიდი გოლი — გულშემატკივართა ნაწილი ჰესკის თავდადებას აფასებდა, ნახევარი კი როგორც ცუდ ფორვარდს აკრიტიკებდა.
ჰესკის მხარდამჭერთა შორის ერთ-ერთი ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ჯონ ტერი გახლავთ. ტერის ჰესკის ფეხბურთი იმდენად მოსწონს, რომ გასულ იანვარს, როდესაც ხმები დაირხა, რომ თავდამსხმელმა შეიძლება „ვილა პარკი“ დასტოვოს, „ჩელსის“ შეფებს მის აყვანას ეხვეწებოდა. ძალიან მრავლისმეტყველი გახლთად „ასტონ ვილას“ კიდევ ერთი ფეხბურთელის სტიუარტ დაუნინგის ნათქვამი:
„გადავხედოთ მის კარიერას და ვნახავთ, რომ ჰესკიმ ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში შესანიშნავი კარიერა გაიარა. ყველაფერს თავი დავანებოთ და იმ დიდი ვარსკვლავების კომენტარებს ჩავხედოთ, რომელთაც ეროვნულ გუნდში მის მხარდამხარ ოდესმე უთამაშიათ. არ არსებობს ვარსკვლავი ემილი რომ არ შეექოს. ის ჩინებული ფეხბურთელი და კარგი ადამიანია. ვფიქრობ, მან სამხრეთ აფრიკაშიც კარგად ითამაშა და ამაში ძალიან ბევრი ადამიანი მეთენხმება. ის გუნდის სასარგებლოდ ყოველთვის ბევრს მუშაობდა. ეს, შესაძლოა ფანებმა ვერ შეამჩნიონ, მაგრამ შეუძლებელია, ფეხბურთელების ყურადღების მიღმა დარჩენილიყო“.
ზემოთ ჰესკის მხარდამჭერები ვახსენეთ. მათი არგუმენტიც იგივეა — ჰესკი ძალიან ბევრს მუშაობდა და სასარგებლო იყო. მოჰყავთ ერთი თავისებური შედარებაც: პიტერ ბერდსლიმ ინგლისის ნაკრებში გატარებული ათი წლის განმავლობაში ხოლოდ და მხოლოდ 9 გოლი შეაგდო, მაგრამ მას მოწინააღმდეგეები არასდროს ჰყოლია — საოცარია: ჩვენს წინაშეა ერთი სტილი, თითქმის ერთნეირი შედეგი და ხალხის სხვადასხვანაირი დამოკიდებულება.
ჰესკის კრიტიკოსებს კი თავიანთ არგუმენტად პიტერ კრაუჩი მოჰყავთ. ისინი ამბობენ, რომ ფიზიკურად და ტაქტიკურად, დაახლოებით იმავე მონაცემების მქონე კრაუჩს გაცილებით მეტი გოლის გატანა შეეძლო — კრაუჩს 40 შეხვედრაში ჰესკიზე სამჯერ მეტი აქვს გატანილი.