უეინ რუნის ამბები გვინდა გიამბოთ. დავიწყოთ იმით, რომ „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელის კარიერაში ცუდი პერიოდი, როგორც ჩანს წარსულს ჩაბარდა: მსოფლიოს ჩემპიონატზე ხელის მოცარვა წარმატებამ შეცვალა — მანჩესტერში ხელფასს კვირაში 130 ათას ფუნტამდე უზრდიან. ეს იმას ნიშნავს, რომ ინგლისელი ვარსკვლავის ჯამაგირი კვირაში 30 ათასი ფუნტით გაიზარდა. ვინ იცის, იქნებ ჯაამაგირის ზრდა იმითაც იყო განპირობებული, რომ რუნისადმი ინტერესი მადრიდის „რეალმა“ გამოხატა და „ოლდ ტრეფორდზე“ იფიქრეს, ჯობს ჩვენს მთავარ ვარსკვლავს გასამრჯელო გავუზარდოთ, თორემ შეიძლება ვინმემ მოთაფლოსო. ყოველ შემთხვევაში, „იუნაიტედმა“ თავისი სიტყვა
და კიდევ ერთი ფაქტი იმისა, რომ რუნის ცუდი დროება კარგით შეეცვალა: „იუნაიტედის“ ვარსკვლავმა თავის ყოფილ აგენტებს სასამართლო დავა მოუგო — ყოფილი აგენტები 4,3 მილიონ ფუნტს ედავებოდნენ. ამის შესახებ ადრეც ვწერდით. კერძოდ, ლაპარაკია სპორტული მენეჯმენტის ფირმა „პროაქტივზე“, რომელიც ამტკიცებდა, რომ რუნისგან რამდენიმე „მსუყე“ კონტრაქტის საკომისიოები ეკუთვნოდა. უფრო ნათლად რომ ვთქვათ, თავიდან ფირმა „პროაქტივი“ და ზემოხსენებული პოლ სტრეტფორდი ერთად იყვნენ, შემდეგ კი, 2008 წელს, მათი გზები გაიყარა და სტრეტფორდმა რუნი თავისი საკომისიოებიანად თან გაიყოლა. სწორედ ამან გააბრაზა „პროაქტივი“, რომელმაც მიიჩნია, რომ უსამართლოდ დაიჩაგრა და კუთვნილი ფულიც წაართვეს, თუმცა, მანჩესტერის სასამართლომ დავა ფეხბურთელის სასარგებლოდ გადაწყვიტა.
კერძოდ, მოსამართლემ თქვა, რომ ხელშეკრულება, რომელიც რუნიმ 17 წლის ასაკში, ჯერ კიდევ „ევერტონში“ თამაშის წლებში გააფორმა, დღეს რვა წლისა იქნებოდა, მაშინ, როდესაც ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია რეკომენდაციას იძლევა, ასეთი ხელშეკრულებები ორ წელიწადზე ხანგრძლივი არ იყოს. რუნიმ, რომელიც ოჯახთან ერთად ბარბადოსზე ისვენებს, თქვა:
„მე და კოლინი ყოველთვის პატიოსნად ვუხდიდით საკომისიოებს იმ ადამიანებს, რომელთაც ჩვენგან ეს ფული ეკუთვნოდა. რაც შეეხება თანხას, რომელსაც ამ შემთხვევაში გვედავებოდნენ — ეს ყველაფერი ცუდ ხუმრობას ჰგავდა და ჩვენ დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ გაძარცვას გვიპირებდნენ. საბედნიეროდ, მოსამართლემ ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა. მან სწორად გასაზღვრა ის თანხა, რომელიც ჩვენ „პროაქტივისთვის“ უნდა გადაგვეხადა, გაბრილ რიცხვებზე კი ლაპარაკიც აღარ არის“.
დავაზუსტოთ: მოსამართლის გადაწყვეტილებით, უეინ რუნის „პროაქტივისთვის“ გადასახდელი ჰქონდა არა მილიონები, არამედ მხოლოდ და მხოლოდ 90 ათასი ფუნტი, ხოლო კოლინ რუნის 5 ათასი. „მანჩესტერ იუნაიტედის“ ვარსკვლავმა განაგრძო:
„ყველაზე მეტად სასამართლო გარჩევები არ მინდოდა, მაგრამ გავიცდი, როდესაც დავინახე, რომ კომპანია, რომელიც ბრიტანეთის რამდენიმე უდუდეს ვარსკვლავს წარმოადგენს, ასეთი ხერხით ლამობდა ფულის მოპოვებას. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, კერძო ბიზნესისა და პირადი ცხოვრების საიდუმლოები საჯარო გახადა. რას იზამ, როგორც ჩანს, ცხოვრებაში სიმართლისთვის ბრძოლაა საჭირო“.
რაც შეეხება რუნის აგენტ პოლ სტრეტფორდს, მას ახლა ახალი ფირმა ჰყავს, რომელსაც ჰქვია Triple S Sports and Entertainment Group Ltd და რუნი, როგორც მოგახსენეთ მისი კლიენტია. სტრეტფორდმა თქვა:
„ჩვენ პირველი წუთებიდან ვიცოდით, რომ თანხა, რომელსაც გვედავებოდნენ, უსამართლო იყო. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო უეინსა და კოლინს, რომლებმაც სიმტკიცე გამოამჟღავნეს და საკმაოდ ძლიერი ზეწოლის მიუხედავად თავისი პოზიცია ბოლომდე დაიცვეს“.
დიდი მიხვედრა არ სჭირდება იმ ამბავს, რომ „პროაქტივი“ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.