ადამ ჯონსონი დარწმუნებულია, რომ „მანჩესტერ იუნაიტედს“ ერთ მშვენიერ დღეს ფეხი დაუცდება და ცხრილში პირველ ადგილს დაკარგავს - „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელებსა და ქომაგებს სწამთ, რომ 35 წლიანი ჩავარდნის შემდეგ ისტლენდერები, ბოლოს და ბოლოს, მოიპოვებენ ინგლისის ჩემპიონის ტიტულს. მოგეხსენებათ, „სიტი“ პრემიერლიგის ცხრილში მეორე ადგილზეა. დაუმარცხებელ „იუნაიტედსა“ და მას ქულების თანაბარი რაოდენობა აქვთ, თუმცა „იუნაიტედს“ ორი შეხვედრით ნაკლები აქვს ნათამაშები.
23 წლის გარემარბი ამბობს: „ყოველი მოგებული თამაში ერთი ნაბიჯით გვაახლოვებს ჩემპიონის ტიტულთან. დიდი წარმატების მოლოდინი განსაკუთრებული გრძნობაა და ჩვენი გუნდის ბიჭები ამ გრძნობით
ეჭვი არ მეპარება, რომ გუნდებს, რომლებიც დღეს დიდი რიხით მონაწილეობენ შეჯიბრებებში, ადრე თუ გვიან ფეხი დაუცდებათ. ზოგიერთი ფორმიდან ამოვარდება. რაც შეეხება „მანჩესტერ იუნაიტედს“ მას რამდენიმე დიდი თამაში ჯერ კიდევ ელის, რომელთა შორის ჩვენი „ოლდ ტრეფორდზე“ სტუმრობაც გახლავთ. ჩვენ შიგადაშიგ დიდებულ შეხვედრებს ვატარებთ და ამის გვეიმედება. ვფიქრობ, ყოველ მომდევნო მატჩში უკეთ და უკეთ ვთამაშობთ“.
ამასობაში კი აბუ დაბიში მყოფმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ აღმასრულებელმა შეფმა დევიდ გილმა დაიქადნა, რომ „იუნაიტედის“ თავკაცს, სერ ალექს ფერგიუსონს აქვს საკმარისი სახსრები, რათა „მანჩესტერ სიტის“ დიდი ვარსკვლავების ყიდვაში გაეჯიბროს. გილი აბუ დაბიში „მანჩესტერ იუნაიტედის“ სკოლის გასახსნელად გახლდათ ჩასული. მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ხომ არ გაეჯიბრებოდა ალექს ფერგიუსონი თანაქალაქელებს ისეთი ფეხბურთელის შეძენაში, როგორიც, მაგალითად, მადრიდის „რეალის“ ბრაზილიელი თავდამსხმელი კაკაა. გილმა მიუგო:
„რომ გვინდოდეს, გავეჯიბრებოდით, მაგრამ თუ „მანჩესტერ იუნაიტედის“ სატრანსფერო პოლიტიკას დააკვირდებით, დაინახავთ, რომ ჩვენ აღიარებული ვარსკვლავების ყიდვით თავს დიდად არ ვიწუხებთ. ჩვენ ვყიდულობთ საჭირო ფეხბურთელებს და მათ ვარსკვლავებად ვაქცევთ. უეინ რუნის მაგალითზე კი დავამტკიცეთ, რომ თუ საჭიროა, არც დიდძალი ფულის გაღებას და ვეებერთელა ხელფასის დანიშვნას ვერიდებით“.