დროგბას ორობითი სისტემა

AutoSharing Option

„ჩელსის“ კოტ დ’ივუარელი ვარსკვლავი დიდიე დროგბა აღიარებს, რომ მისი გუნდი დღეისათვის ბევრი ვერაფრის შემძლეა და ერთადერთი, რაც შეიძლება მიზნად დაისახოს, ზედიზედ ორი შეხვედრის მოგება გახლავთ. არც თავად დროგბაა ისეთ ფორმაში, წინა წლებში რომ იყო. მას მერე, რაც მალარია მოიხადა, ვერა და ვერ ათამაშდა ძველებურად. სხვა მრავალ მიზეზთან ერთად მისი ცუდად თამაშის ბრალიც არის ის, რომ დღეისათვის ინგლისის ჩემპიონი პრემიერლიგის ცხრილში მეოთხე ადგილზეა, თუმცა, ადგილზე უფრო მთავარი ის არის, რომ ლიდერ „მანჩესტერ იუნაიტედს“ 7 ქულით ჩამორჩება. მეტიც, „იუნაიტედს“ ერთი თამაშით ნაკლები

აქვს ჩატარებული.
ცნობისათვის: ბოლო 30 შესაძლებლიდან „ლურჯემა“ მხოლოდ 10 ქულა მოიპოვეს.

დროგბამ თქვა: „დღეს ჩვენ არ ვართ ისეთ ფორმაში, როდესაც გუნდები ტიტულისთვის ბრძოლას გეგმავენ. ყველაზე მეტი, რაც ახლა შეგვიძლია ზედიზედ ორი მატჩის მოგებაა და მიზნად სწორედ ამის დასახვა იქნება სწორი. თუ მოვიგებთ, მერე ვნახავთ. არ ვხუმრობ, მართლა გეუბნებით“.

პრემიერლიგაში ზედიზედ ორი თამაში „ჩელსიმ“ ბოლოს ოქტომბერში მოიგო. დღეისათვის კი მგომარეობა ასეთია: „ლურჯები“, რომელთაც წინა ტურში „სტემფორდ ბრიჯზე“ „ბლექბერნს“ 2:0 მოუგეს, ორშაბათს ბოლტონში თამაშობენ. 32 წლის ფორვარდმა დასძინა:
„დიახ, თუ გვინდა რეალისტები ვიყოთ, ჯერჯერობით, ზედიზედ ორ გამარჯვებაზე უნდა ვიფიქროთ და სხვა არაფერზე. ასეთია სინამდვილე, რომელიც გვაჩვენებს რა ცუდად ვთამაშობდით ბოლო პერიოდში. დაახლოებით თვენახევარი კოშმარული გვქონდა. ეს მდგომარეობა უნდა შეიცვალოს და ჩვენ ამასთან შორს არ ვართ.

როდესაც გუნდი ვერ იგებს, საკუთარი შესაძლებლობების რწმენას ჰკარგავს, ხოლო დაკარგული რწმენის აღდგენის ერთადერთი გზა ზედიზედ რამდენიმე შეხვედრაში გამარჯვებაა. როდესაც ზედიზედ სამჯერ მოიგებ, იგრძნობ, რომ კვლავ საჩემპიონო მარათონის წევრი ხარ“.

მოგეხსენებათ, ამ სეზონში „ჩელსის“ ტრავმებმაც დარია ხელი. კარგა ხნის განმავლობაში „ლურჯებს“ არ ჰყავდათ ფრენკ ლემპარდი, ალექსი, მიკაელ ესიენი, ჯონ ტერი და თავად დროგბა. თავდამსხმელმა დასძინა:

„გარდა იმისა, რომ ბევრი ფეხბურთელი დაშავებული გვყავდა, ბოლო წლებში გუნდი მნიშვნელოვნად შეიცვალა. ხუმრობა ხომ არ არის, ხუთი დიდი ფეხბურთელი სხვაგან გადავიდა: მიხაელ ბალაკი, ჟულიანო ბელეტი, დეკუ, რიკარდო კარვალიუ და ჯო კოული. მათ ნაცვლად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებას ცდილობენ ახალგაზრდები ჯეფრი ბრუმა, გაელ კაკუტა, ჯოშ მაკეჩრანი, პატრიკ ვან ანჰოლტი. ისინი ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან, მაგრამ ადაპტაციისთვის დრო სჭირდებათ.
დიდიე დროგბას მიმდინარე სეზონში, ჯერჯერობით, მხოლოდ 10 გოლი აქვს გატანილი. შედარებისთვის, მან გასული ჩემპიონატი 37 გოლით დაასრულა, თუმცა თავად ამას მსუბუქად უყურებს:

„ოღონდ კი ჩემპიონები გავხდეთ და მერე რა 10 გოლზე მეტი თუ არ მექნება გატანილი“.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული