ფერდინანდმა ნასრი დაასახელა

AutoSharing Option

ფეხბურთის ასოციაციის თასის მესამე ეტაპის შეხვედრაში სესკ ფაბრეგასმა თავისი თამაშით დაამტკიცა, რომ „არსენალში“ ყველა ერთსულოვანია და ამ სეზონში მთელი გუნდი ერთ მუშტად შეკრული აპირებს ტიტულებისთვის ბრძოლას. ეს „მეთოფეთა“ ესპანელმა კაპიტანმა სწორედ იმ დღეს დაამტკიცა, როდესაც ინგლისურ პრესაში გამოქვეყნდა ცნობა, რომ ბრაზილიელმა თანაგუნდელმა დენილსონმა მას ლიდერის თვისებები დაუწუნა - ჩრდილო ლონდონელებმა ბრძოლისა და მათთვის ჩვეული ტექნიკური ფეხბურთის ნაზავით 3:1 მოუგეს შემართებულ „ლიდსს“. ამ გამარჯვებით „არსენალი“ მეოთხე ეტაპზე გავიდა.

მეოთხე ეტაპის 16 წყვილი 29-30 იანვარს ითამაშებს, თუმცა, გვიჯობს ფეხბურთის ასოციაციის თასის ადრეულ

საფეხურებზე ლაპარაკს თავი დავანებოთ და „არსენალს“ დავუბრუნდეთ. მოგეხსენებათ ჩრდილოლონდონელები მეექვსე წელიწადია ჯილდოს გარეშე რჩებიან, თუმცა „ლიდსთან“ შეხვედრის გმირმა სამირ ნასრიმ განაცხადა, რომ წლეულს ისინი ოთხივე შეჯიბრებაში გამარჯვებისთვის იბრძოლებენ. დენილსონისა და ფაბრეგასის ამბავს ნასრიც შეეხო:

„ხალხს მითქმა-მოთქმა ძალიან უყვარს, მაგრამ თუ დღევანდელ შეხვედრას კარგად დააკვირდით, შეამჩნევდით, რომ ჩვენი გუნდი მოედნის ყველა მონაკვეთზე ერთნაირად იყო მოწადინებული და ერთ მუშტად შეკრული. ყველა ერთნაირად ითხოვდა ბურთს, ყველა ერთნაირი დაჟინებით იბრძოდა მის მოსაპოვებლად და ყველა ცდილობდა თანაგუნდელისთვის სახეირო მდგომარეობა შეექმნა. ჩვენ გუნდური ფეხბურთი ვითამაშეთ და გარწმუნებთ, ასე, ამ სეზონში, ძალიან ბევრს მივაღწევთ. ჩვენ გვინდა ასე, გამარჯვებებით ვიაროთ ბოლომდე და ყველა შეჯიბრებაში ტიტულის მოგება ვცადოთ.“

ჩინებულ ფორმაში მყოფმა ნასრიმ ანგარიში მეხუთე წუთზევე გახსნა და თვით „ლიდსის“ გულშემატკივრებისგან დაიმსახურა ტაში - ეს გახლდათ „მეთოფეთა“ სწრაფი და ულამაზესი კომბინაციის შედეგი. სხვათა შორის, ამ შეხვედრის შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ვეტერანმა ვარსკვლავმა რიო ფერდინანდმა „ტვიტერში“ თავის გვერდზე დაწერა, რომ მიმდინარე სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ნასრის დაასახელებს. „მეთოფეთა“ კიდევ ორი გოლი ბაქარი სანიამ და რობინ ვან პერსიმ გაიტანეს. მატჩის შემდეგ ფრანგმა ნახევარმცველმა თქვა:

„დღეს ჩვენი ამოცანა იყო თავიდანვე ისე დაგვეწყო, რომ ლიდსელებს თავიანთი თამაშის დალაგება და საკუთარ შესაძლებლობაში დარწმუნება ვერ მოესწროთ. ამის შემდეგ, უხარისხო მოედნის მიუხედავად, ჩვენ უკვე შევძლებდით მეტოქისთვის საკუთარი ნების თავზე მოხვევას. საკუთარი თამაშით, რასაკვირველია, კმაყოფილი ვარ, მაგრამ უფრო გუნდის გამარჯვება გამიხარდა. სწორედ ეს იყო ყველაფერზე მნიშვნელოვანი.“

პრესკონფერენციაზე, ბუნებრივია, არსენ ვენგერსაც მისწვდნენ და ფაბრეგასისა და დენილსონის ამბავი გამოჰკითხეს. ვენგერმა ასე უპასუხა:

„დენილსონის კომენტარების შესახებ მეც გავიგე. მგონი, ისევ ძველ სურათთან გვაქვს საქმე: თავისი გუნდის თუ თანაგუნდელის შესახებ საჩოთირო ნათქვამს მიაწერენ ადამიანს, რომელიც ახლახან დაბრუნდა უცხო ქვეყნიდან, ამჯერად ბრაზილიიდან. არადა, დღეს თქვენი თვალით იხილეთ, რომ მოედანზე ყველა ფეხბურთელი ერთსულოვანი იყო. თამაშს არ ეტყობოდა, რომ ჩვენს გუნდში ვინმეს ვინმესთან კონფლიქტი აქვს. ერთი სიტყვით, ან ისევ ინგლისურად თარგმნის პრობლემა გვაქვს ან კიდევ თქვენს წინაშეა გუნდი, რომლის ფეხბურთელებსაც ერთმანეთი არ უყვართ, მაგრამ მოედანზე ერთსულოვანნი არიან. ამ ორიდან რომელ ვარიანტთან გვაქვს საქმე თქვენ გაარკვიეთ.

ერთადერთი, რაც დენილსონისა და ფაბრეგასის შესახებ შემიძლია გითხრათ ის არის, რომ ისინი მეგობრები არიან. ვიცი, რომ ერთმანეთს დიდ პატივს სცემენ. სესკი ჩვენი გუნდის კაპიტანია, რობინ ვან პერსი - ვიცე-კაპიტანი. ჩვენ ბევრი ლიდერი გვყავს, რაშიც, იმედია, დღესაც დარწმუნდით.

პირადად ჩემი დამოკიდებულების ამბავსაც გეტყვით: მე „არსენალის“ კაპიტნით ძალიან კმაყოფილი ვარ. სესკი ნამდვილი ლიდერია და როდესაც გაგახსენდებათ, რომ ყველაფერთან ერთად ის მხოლოდ 23 წლის არის, მიხვდებით თუ რა ძლიერ პიროვნებასთან გვაქვს საქმე.''








.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული