"ჩელსის" ექიმები ცხრა პირ ოფლს იდენენ, რათა ვარჯიშზე დაშავებულ ფრენკ ლემპარდს უმკურნალონ - ლემპარდმა მყესი დაიზიანა. 32 წლის ნახევარმცველის მდგომარეობა ჯერ მაინც დაკვირვებიათ არის შესასწავლი და თუ გაირკვევა, რომ მას ისევ ხანგრძლივი დასვენება მოუწევს, "ჩელსის" საჩემპიონო ამბიციას სერიოზული დაბრკოლება შეექმნება.
მოგეხსენებათ, კარლო ანჩელოტიმ "ლურჯების" თილისმად ქცეული ამ ფეხბურთელის გარეშე გუნდი მთელი ოთხი თვე ათამაშა - ლემპარდს თავიდან თიაქარზე შეექმნა პრობლემები, შემდეგ კი ამას კუნთის სერიოზული დაზიანებაც დაემატა. ვეტერანი ვარსკვლავი დიდი ხანი არ არის რაც გამოჯანმრთელდა - სულ ექვს შეხვედრაში (შეგახსენებთ,
რომ ინგლისში, წლის დასაწყისში, თამაშები ერთიმეორის მიყოლებით იმართება და 6 შეხვედრა 6 კვირას არ ნიშნავს) მიიღო მონაწილეობა, მაგრამ შეძლებს თუ არა ორშაბათს "ბოლტონთან" მოედანზე გასვლას, ჯერ არავინ იცის.
თუ ანჩელოტის შიში დადასტურდება და ლემპარდს დიდი ხნით მოუხდება საქმესთან ჩამოშორება, მაშინ, ძირითად შემადგენლობაში 17 წლის ჯოშ მაკეჩრენიც კი შეიძლება ვიხილოთ.
.