იან ჰოლუეიმ „ასტონ ვილას“ მკვახედ შეუძახა: ბირმინგემელებმა „სანდერლენდისთვის“ 24 მილიონ ფუნტად დარენ ბენტის „წართმევის“ შემდეგ, ორიოდ დღეში, „ბლექპულისგან“ ჩარლი ადამის მოპარვაც სცადეს. 25 წლის შოტლანდიელი ნახევარმცველი „ბლექპულის“ გამოკვეთილი ლიდერია და კლუბში თავს კარგად გრძნობს, „ვილას“ შეფების საქციელმა კი შეიძლება მოსვენება დააგარგინოს - სწორედ ამან განარისხა ჰოლოუეი. შეგახსენებთ, რომ „ბლექპულის“ თავკაცი ბოლო ორ კვირაში უკვე მეორედ ესხმის ბირმინგემელთა თავკაცს, ჟერარ ულიეს თავს. ერთი კვირის წინ მან თქვა, რომ ადამის სანაცვლოდ 3,5 მილიონი ფუნტის შეთავაზება ცინიზმია და მეტი არაფერი.
აღსანიშნავია, რომ ჰოლოუეი
„ბირმინგემელებს დიდი კლუბი ჰყავთ და სწორედ ამიტომ არის ჩემთვის გაუგებარი რატომ შეეშალათ ასეთი უბრალო რამ: რა პრინციპით შეაფასეს დარენ ბენტი 24 მილიონ ფუნტად, ჩარლიში კი 3,5-ს იძლევიან. ეს სასაცილოა. ყველაფერზე ნათლად მეტყველებს ის თანხა, რომელიც თავად გადაიხადეს „ასტონ ვილამ“ კამერუნელ ჟან მაკუნში - 6 მილიონი ფუნტი. რა გამოდის, რომ მაკუნი ადამზე 2,5 მილიონი ფუნტით ძვირი უნდა ღირდეს?
აქ ყველაფერი მარტივია, ისინი ჩარლის მოტაცებას ცდილობენ. მე, რასაკვირველია, შეგუებული ვარ იმას, რომ ჩარლის „ბლექპულში“ არავინ დატოვებს, მაგრამ გარწმუნებთ, მას ისე გავუშვებ, რომ ღირსებას არ დავკარგავ. გარშემო ისეთ ხალხს ადევს საკმაოდ ძვირი ფასი, რომელთა თამაში თვალით არ მინახავს ან მინახავს და ვიცი, რომ ჩარლიზე გაცილებით უარესი ფეხბურთელები არიან. დღეს ფაქტი ასეთია: ადამი კონტრაქტის თანახმად „ბლექპულის“ საკუთრებაა და კიდევ 18 თვის განმავლობაში ჩვენთან უნდა ითამაშოს. მესმის, რომ ამდენ ხანს ის აქ ვერ დარჩება, მაგრამ დღეისათვის ჩარლი ჩვენი ლიდერია და ეს თავადაც კარგად მოეხსენება. მან ისიც კარგად იცის, რომ თუ ესა თუ ის კლუბი შესაფერის ფასს შემოგვთავაზებს, შეუძლია წავიდეს. ასე რომ, ჩვენს გუნდში სიტუაციის არევის მიზნით პროვოკაციული წინადადებებით გამოსვლას არავის ვურჩევ. დაანებეთ თავი „ბლექპულისა“ და ჩარლი ადამის შეურაცხყოფას.“
იმაში, რომ „ბლექპული“ დღეისათვის პრემიერლიგის ცხრილში მეათე ადგილზეა და გასავარდნთა ზონას 6 ქულით აღემატება, ადამის დიდი დამსახურებაა.
ახლა კი „ასტონ ვილაზე“ გაბრაზებულ მეორე კაცზე, „სანდერლენდის“ მწვრთნელ სტივ ბრუსზე გადავერთოთ. მას რომ დარენ ბენტი „მოსტაცეს“ ბოლო დღეებში უკვე ბევრჯერ დავწერეთ და ისიც აღვნიშნეთ, რომ ამან ბევრი გააღიზიანა. გაღიზიანებულთა შორის უმთავრესი, რასაკვირველია, ბრუსი გახლდათ, მაგრამ აქამდე არ გვითქვამს, რომ 50 წლის მწვრთნელმა თავის კოლეგას, „ვილას“ თავკაც ჟერარ ულიეს პირადად შეუტია.
მთავარი რასაც ბრუსი ულიეს ედავებოდა უპატივცემულობა გახლდათ. ასე განსაჯეთ, ბენტთან დაკავშირებასა და მისთვის „ასტონ ვილაში“ გადასვლის შეთავაზებამდე ბირმინგემელთა ფრანგ თავკაცს სანდერლენდელი კოლეგისთვის არც დაურეკავს, ის საქმის კურსში საერთოდ არ ჩაუყენებია - ყველაფერი ბრუსის ზურგსუკან ჩატარდა. ბრუსმა თქვა:
„ბატონ ულიეს დიდ პატივს ვცემდი და რას წარმოვიდგენდი, რომ ეს ადამიანი ერთხელაც არ დამირეკავდა. რომ შემხმიანებოდა და ეთქვა, მე თქვენი ამა და ამ ფეხბურთელით ვარ დაინტერესებული, ელემენტარული პატივისცემის გამოხატულება იქნებოდა. გარდა ამისა, რამეს ვიღონებდი. შანსი გამიჩნდებოდა ასე უსუსურად არ გამოვჩენილიყავი. ვინმე შემცვლელს მოვძებნიდი. ახლა ვიღაც მეტყვის, რომ ჩვენ ბენტს კვირას საღამოს 8 საათზე მოლაპარაკებების მაგიდაზე დაჯდომის შანსი თავად მივეცით... ასე მსჯელობა შეურაცხმყოფელია. ასე ხდება ხოლმე, აბა რა უნდა გვექნა? აქ, ცუდი ის არის, რომ ის, ვისაც ძალა აქვს, მას თავხედურად იყენებს.“
.