გრეგორიანელი სიტი

AutoSharing Option

„მანჩესტერ სიტი“ 22 წლის ჰოლანდიელი მარჯვენა მცველის გრეგორი ვან დერ ვიელის შეძენას აპირებს. „აიაქსის“ ფეხბურთელს ისტლენდელები ერთ წელიწადზე მეტია რაც აკვირდებიან, თუმცა ოფიციალურად „სიტის“ ოთხკაციანი დელეგაცია ტექნიკური დირექტორის, მაიკ რიგის ხელმძღვანელობით ამსტერდამს მხოლოდ ოთხშაბათს ეწვია და ნახა, როგორ მოუგო „აიაქსმა“ „ფეიენოორდს“ 2:0.


გრეგორი ვან დერ ვეილი „სიტის“ ნახევარმცველის ნაიჯელ დე იონგის ახლო მეგობარია. მას „აიაქსთან“ კონტრაქტი 2013 წლამდე აკავშირდებს და ხელშეკრულებაში უწერია, რომ თუ გაიყიდება 17 მილიონ ფუნტად უნდა გაიყიდოს. საინტერესოა, რომ ვან დერ ვეილის შეძენაზე უარს არც „ჩელსი“, „არსენალი“

და „ინტერი“ იტყვის.

 


ბლექბერნს რიკელმე უნდაო...
„ბლექბერნისა“ და პასკალ შიმბონდას გზები გაიყარა. არც კლუბს გაუგდია 31 წლის ფეხბურთელი და არც ფეხბურთელი გაქცეულა კლუბიდან, ყველაფერი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მოხდა. ახლა შიმბონდას შეუძლია თავად აირჩიოს ახალი კლუბი. ამბობენ, რომ მისი შეძენა „ქუინზ პარკსა“ და „იფსვიჩს“ სურთ.


„ბლექბერნს“ კი, ამასობაში, მზერა ოკეანის გადაღმა გადაუწვდენია და „ბოკა ხუნიორსიდან“ ვეტერანი ვარსკვლავის, ხუან რომან რიკელმეს გადაბირება უნდა. უფრო სწორად, საქმეს ისე ეტყობა, რომ რიკელმეს მხარემ თავად შესთავაზა პრემიერლიგის კლუბს 32 წლის ფეხბურთელი. ამ ისტორიაში უცნაური ის არის, რომ რიკელმემ „ბოკასთან“ სულ ახლახან მოაწერა ხელი გრძელვადიან ხელშეკრულებას, მაგრამ აგენტ ბერი მაკინტოშს ამის არ ეშინია. მან თქვა: „მე რიკელმეს შესახებ „ბლექბერნის“ საქმეებით დაკავებულ ჯერომ ანდერსონს ველაპარაკე და მან მითხრა, რომ ყველაფერს აწონ-დაწონის.“

 

„ბლექბერნს“ „ბირმინგემისგან“ 25 წლის შვედი ნახევარმცველის სებასტიან ლარსონის ყიდვა უნდოდა, მაგრამ ალექს მაკლიშისგან უარი მიიღო. ახლა გუნდს „პალერმოდან“ 30 წლის რუმინელი მცველის, დორინ გოიანის გადაბირებაზე გადაურთავს ძალა და ენერგია.

 


ინგლისელი პორტუგალიიდან
ერიკ დაიერი 17 წლის ინგლისელი მცველი გახლავთ, რომელიც ლისაბონის „სპორტინგის“ საკუთრებაა და ახლა, ივნისის ბოლომდე „ევერტონმა“ იქირავა. სპორტინგში ის სარეზერვო გუნდთან ერთად ვარჯიშობდა. დაირს „სპორტინგთან“ 2013 წლამდე აქვს კონტრაქტი გაფორმებული.


საიდან მოხვდა ეს ყვაწვილი ლისაბონის გუნდში? აქ, მიზეზი ფეხბურთთან არ არის დაკავშირებული. საქმე ის გახლავთ, რომ როდესაც ერიკი 7 წლისა იყო დედამისმა ლისაბონში სამსახური იშოვნა და პორტუგალიაში გადაბარგდა. ბავშვმაც სწორედ იქ დაიწყო ფეხბურთზე სიარული. 2010 წლის აპრილში მას პროფესუიული კონტრაქტის გაფრმების დრო დაუდგა. იმ მომენტისთვის დაიერს ინგლისური გუნდები უკვე აკვირდებოდნენ. მასთან პროფესიული კონტრაქტის გაფორმება „არსენალმა“, „ტოტენჰემმა“ და მისმა საყვარელმა „მანჩესტერ იუნაიტედმა“ სცადეს, მაგრამ ბიჭმა აღმზრდელ „სპორტინგს“ უერთგულა.


საინტერესოა, რომ „სპორტინგში“ ერიკ დაიერს იმდენად ნიჭიერ ყმაწვილად მიიჩნევენ, რომ 16 წლისას 19-წლამდელების გუნდში ათამაშებდნენ. ცენტრალური მცველი სიმაღლეში 188 სანტიმეტრია. მას გამოარჩევენ უნივერსალურობით და გოლების გატანის უნარით. ცნობისთვის: პაპამისი ტედ კროკერი 1973-89 წლებში ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის მდივანი იყო. ახალგაზრდობაში ის „ჩარლტონსა“ და „კიდერმინსტერში“ თამაშობდა.

 


ბენდტნერს ვერ გააგდებთ
დანიელი თავდამსხმელი ნიკლას ბენდტნერი ამბობს, რომ მისი ნების წინააღმდეგ „არსენალიდან“ ვერავინ გააგდებს. მოგეხსენებათ, 23 წლის ფორვარდს ამ სეზონში „მეთოფეთა“ ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ათამაშებენ და იგი ამით უკმაყოფილოა. მის სამშობლოში დაიწერა, რომ „არსენალმა“ ბენდტნერი 15 მილიონ ფუნტად გასაყიდად „დახლზე გაიტანა“, რამაც ფეხბურთელი კიდევ უფრო აღაშფოთა. მამამისმა, რომელიც იმავდრიულად შვილის აგენტის ფუნქციას ასრულებს, განაცხადა:


„თუ „არსენალი“ ნიკლასის გაყიდვას აპირებს და ფასიც დაადო, მისი ნებაა. ჩვენ, ჩვენი მხრივ ვაცხადებთ, რომ არსად გადასვლას არ ვაპირებთ.“

ბენდტნერის პოზიცია მას მერე შეიზღუდა, რაც „მეთოფეებმა“ 2010 წელს, „ბორდოდან“ 27 წლის მაროკოელი თავდამსხმელი მარუან შამახი იყიდეს. ახლა, როდესაც რობინ ვან პერსიც გამოჯანმრთელდა, დანიელი ფორვარდის შანსი კიდევ უფრო შემცირდა, თუმცა თავად კლუბი აცხადებს, რომ მას მხოლოდ დიდ ფასად გაყიდის.

 

 

 

.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული