ქეროლის ორი თვე

AutoSharing Option

ბარძაყის კუნთის გაწყვეტის გამო ენდი ქეროლს ორი თვე გაუცდება. გამოდის, რომ ახალგაზრდა ფორვარდს „ნიუკასლის“ შვიდი და ინგლისის ნაკრების სამი თამაში გაუცდება. გაწყვეტილმა კუნთმა ქეროლს ორი კვირა უკვე გამოატოვებინა. „კაჭკაჭებს“ იმედი ჰქონდათ, რომ ის მალე გამოჯანმრთელდებოდა, მაგრამ ბოლო ტესტებმა გამოააშკარავა, რომ სინამდვილეში პრობლემა გაცილებით რთულია. ამრიგად, ახალგაზრდა თავდამსხმელს, რომელმაც მიმდინარე სეზონში 11 გოლი გაიტანა მარტის ბოლომდე ვერ ვნახავთ.
ზემოთ ინგლისის ნაკრების სამი თამაში ვახსენეთ. ესენია ევრო 2012-ის შესარჩევი შეხვედრა უელსის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ და ამხანაგურები დანიასა და განასთან.


ჩემბერლენი თოფს აიღებს

„არსენალის“

თავკაც არსენ ვენგერს იმედი აქვს, რომ ამ კვირაში 10 მილიონ ფუნტად „საუთჰემპტონიდან“ 17 წლის ალექს ჩემბერლენს გადაიყვანს. საინტერესოა, რომ ყმაწვილი ნახევარმცველი შესაძლოა ყიდვისთანავე „საუთჰემპტონსვე“ მიაქირავონ და სეზონის ბოლომდე იქ დატოვონ. ვენგერმა თქვა:
„ჩვენ ძალიან ვინდომებთ რათა ეს გარიგება შედგეს. გვინდა კლუბსა და თავად ფეხბურთელთან დროულად მივაღწიოთ შეთანხმებას, რადგან „არსენალი“ სულაც არ არის ერთადერთი, ვინც ჩემბერლენის შეძენას ცდილობს“.
რატომ რჩება ჩემბერლენი სეზონის ბოლომდე „საუთჰემპტონში“? საქმე ის გახლავთ, რომ თავად ფეხბურთელს სურდა ასე. „მეთოფეებს“ მისი ახლავე დატოვება უნდოდათ, მაგრამ ჩემბერლენს პირველი ლიგის კლუბში დარჩენა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ ფეხბურთის ასოციაციის თასზე თამაში სურს. ეს შეხვედრა შაბათს არის დანიშნული.
აღსანიშნავია, რომ ვენგერს ფრანგული „ლილიდან“ 20 წლის ბელგიელი ნახევარმცველის ედენ ჰაზარდის ყიდვაც უნდა, მაგრამ არ ჩქარობს. ჩრდილოლონდონელთა თავკაცმა თქვა:
„ჰაზარდის ამბავს „ლილს“ ვანდობ. ვნახოთ, რას დაგვიფასებენ როდესაც მისი გაყიდვის დღე დადგება“.


ანდერსონის მსჯელობანი

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ბრაზილიელი ვარსკვლავი ანდერსონი ამბობს, ინგლისის ნაკრები მსაოფლიოს ჩემპიონატებზე ცუდად თავისი სათამაშო სტილის გამო გამოდის - ფეხბურთელები ზედმეტს დარბიანო. ნახევარმცველის რწმენით ინგლისელმა მოთამაშეებმა კვლავ ვერ დახვეწეს პასები. ფეხბურთელი არ უნდა დარბოდეს იქ, სადაც შეიძლება თავად ბურთი მივიდეს - ასეთია ბრაზილიელის ფილოსოფია. როდესაც ინგლისურ ფეხბურთში ფიზიკური მომზადების მნიშვნელობაზე ჰკითხეს, 22 წლის ფეხბურთელმა უპასუხა:
„რასაკვირველია, ფიზიკური მომზადება მნიშვნელოვანია, მაგრამ ფეხბურთელმა ბურთის საქმე არ უნდა აკეთოს. მოედნის ყველა მონაკვეთზე არ უნდა დარბოდე. გაცილებით სჯობს ბურთი გააგზავნო სადაც საჭიროა. აქ, ინგლისში, ხალხს ჰგონია, რომ თუ ბევრს არ დარბიხარ, ფეხბურთს კარგად ვერ თამაშობ, მე კი ვფიქრობ, რომ ინგლისის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატებზე ცუდად იმიტომ გამოდის, რომ მოთამაშეები ძალიან ბევრს დარბიან“.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული