პრემიერლიგა. VI ტურის წინ: მოუ VS ვენგერი განსაკუთრებულ დროს

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე მანჩესტერული გუნდების ფიასკოს მერე, ინგლისის პრემიერლიგის სახე და სახელი ლონდონურებს უნდა დაეცვათ - "ჩელსისა" და "არსენალს" - პირველმა ეს მოახერხა, მეორემ - ვერა. ახლა კი ისინი ერთმანეთს ხვდებიან.

ლონდონური ჯახი
"ჩელსი" გასავარდნი ზონის მიჯნაზეა და გუნდს სასწრაფოდ სჭირდება სიტუაციის გამოსწორება და გამარჯვების გზაზე დაბრუნება, მაგრამ ჟოზე მოურინიოს არ გაუმართლა იმაში, რომ ზუსტად ამ არეულობის ჟამს უწევს "არსენალთან" დერბის თამაში.

შესაძლოა, საუეთესო ფორმაში არც "მეთოფეები" არიან, მაგრამ ისინი აქამდე გაცილებით უკეთ გამოიყურებოდნენ, ზაგრების "დინამოსთან" მარცხი მოულოდნელი გახლდათ, მაგრამ ეს ოლივიე
ჟირუს ცუდ ფორმაში ყოფნასა და წითელ ბართს უნდა დავაბრალოთ.

თანაც, არსენ ვენგერმა და მისმა ბიჭებმა ნავსი გგატეხეს და მოუს "ლურჯებს" უკვე მოუგეს პირველად. როგორც გახსოვთ, ეს სეზონის სტარტზე მოხდა სუპერთასის შეხვედრაში. ასე რომ, "არსენალს" ფსიქოლოგიური უპირატესობა აქვს და თუ გუნდი "სტემფორდ ბრიჯზე" მოიგებს, ეს შესაძლოა, "ჩელსისთთვის" საკონტროლო გასროლასავით იყოს:

ერთი, რომ "არსენალი" 9 ქულით წინ გაიქცევა, მეორე - "სიტი" ისედაც უკვე 11 ქულით წინაა და სხვა კონკურენტებსაც ექნებათ "ჩელსისთან" სხვაობის გაზრდის შანსი.

რაც იმის ნიშანი იქნება, რომ "ლურჯებს" არათუ ჩემპიონობისთვის ბრძოლა, არამედ ოთხეულში მოხვედრაც კი სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დაუდგებათ. ჩემპიონობაზე პრინციპში, ლაპარაკიც აღარ იქნება.

ცუდია ისიც, რომ გუნდში დაძაბულობა შეინიშნება. ითქვა კიდეც, ჯონ ტერიმ და დიეგო კოშტამ იჩხუბესო. "ჩელსის" ბანაკში ამ ყველაფერს უარყოფენ, ჟოზე მოურინიო კი ძალიან განერვიულებულია, მაგრამ ირწმუნება, მე ვიცი, რა და როგორ უნდა გავაკეთო და კლუბს კრიზისიდან გამოვიყვანო. ახლა "განსაკუთრებულმა" ვენგერთან ისევ რომ წააგოს, აურზაური და პრობლემები მერე ნახეთ...

ჰო, ასევე საიტერესო იქნება, ჩამოართმევენ თუ არა ისინი ერთმანეთს ხელს. შეგახსენებთ, რომ სუპერთასის შეხვედრის შემდეგ, ვენგერმა ამ ფორმალურ პროცედურას თავი აშკარად აარიდა. მართალია, ფრანგი გვარწმუნებდა, ეს შემთხვევით მოხდაო, მაგრამ ამ შემთხვევაში მის გულწრფელობაში მოურინიოს გარდა კიდევ ბევრს შეეპარა ეჭვი.

ბილიჩის მორიგი სიურპრიზი?
ნახსენები "სიტი" "ვესტ ჰემ იუნაიტედს" მასპინძლობს და თუ "ჩაქუჩებმა" "არსენალთან" და "ლივერპულთან" საგარეო შეხვედრების მოგება შეძლეს, თანაც ისე, რომ გოლი არ გაუშვიათ, რატომ არ შეიძLება, რომ სლავენ ბილიჩის გუნდმა მორიგი სიურპრიზი შემოგვთავაზოს? რასაკვირველია, შეიძლება.

თუმცა მეორე მხრივ, "ქალაქელებს" ჩემპიონატში გოლი ჯერ საერთოდ არ გაუშვიათ და თანაც, "იუვენტუსთან" საშინაო მარცხის მერე გაბრაზებულნი არიან, "სიტიმ" ევროთავგადასავალი ისევ ცუდად დაიწყო. თუმცა, ერთია "სიტი" ჩემპიონთა ლიგაზე და მეორე საშინაო არენაზე. მანუელ პელეგრინი ყველაფერს გააკეთებს, რომ ისევ 3 ქულა აიღოს და შეგირდებს თავდაჯერება არ დააკარგვინოს. "სიტიმ" უკვე დაამყარა რეკორდი, აქამდე პრემიერლიგაში პირველი 5 მატჩი გოლგაუშვებლად არავის არ ჩაუტარებია.

ახლა მანჩესტერელები მეორე რეკორდს უმიზნებენ, ზედიზედ გამარჯვებების მხრივ, "არსენალის" შედეგამდე (მიჯრით 14 მოგება) მათ 3 შეხვედრა აშორებთ.

შაბათის სხვა მატჩები
ძალიან კარგი მატჩი უნდა გამოვიდეს "ლიბერთი სტედიუმზე", სადაც "სუონსი" "ევერტონს" დაუხვდება. სეზონი ორივე გუნდმა მშვენივრად დაიწყო, მათ კარგი საფუძველი ჩაყარეს და ახლა მასზე დაშენება სურთ.

ექვსქულიანი უნდა ვუწოდოთ "ბორნმუთისა" და "სანდერლენდის "დაპირისპირებას, "ალუბლები" პირველი საშინაო გამარჯვების მოლოდინში არიან, ხოლო "შავ კატებს" ჯერ საერთოდ არ მოუგიათ.

ექვსქულიანობის ელფერი დაჰკრავს ვესტ მიდლენდის დერბის "ასტონ ვილასა" და "ვესტ ბრომვიჩს" შორის, სატურნირო მდგომარეობა ამ დუელს უფრო დაძაბულს ხდის და მკვეთრ ფერებს აძლევს.

ჩემპიონთან და ვიცე-ჩემპიონთან მატჩებამდე "ნიუკასლისთვის" სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საკუთარ "სენტ ჯეიმს პარკზე" "უოტფორდთან" გამარჯვება, სტივ მაკლარენი სადებიუტო 3 ქულის მოლოდინშია. თუმცა უოტფორდელები არც ისე ადვილად დასამარცხებლები არიან, კიკე სანჩეს ფლორესმა ჯერჯერობით, მხოლოდ "სიტისთან" წააგო, წინა ტურში კი სეზონის პირველი მოგება გაიფორმა და მისი ბიჭები კარგ ხასიათზე არიან.

ჯერაც მოუგებელი "სტოკი", ჯერაც წაუგებელ "ლესტერს" მასპინძლობს. წინა ტურში კლაუდიო რანიერის ბიჭებმა 0:2-დან დაუტრიალეს მატჩი "ასტონ ვილას", ლესტერშირელები მეორეზე არიან, მხოლოდ "სიტის" ჩამორჩებიან და "ქალაქელების" დარად მარცხის გემო ჯერ არ გაუსინჯავთ და არც აპირებენ.

თუმცა მარკ ჰიუზს თავისი გეგმები აქვს, მისმა გუნდმა სტარტი ისედაც ჩააგდო და "ბრიტანიაზე" დიდი ზეწოლა იქნება, ფანები 3 ქულას მოითხოვენ, მათ იდეაში გაძლიერებული "სტოკის" თამაში სულ სხვაგვარად წარმოედგინათ, ახლა კი გუნდს ისტორიაში ყველაზე ცუდი სტარტი აქვს პრემიერლიგაში.

ტოტენჰემი, ლივერპული, იუნაიტედი...
არანაკლებ საინტერესო მატჩებია კვირას. "ტოტენჰემს" პირველი გამარჯვება კი ეღირსა, მაგრამ თამაში ისევ არადამაჯერებელია. "კრისტალ პალასი" კი ადვილად ჩასაყლაპი ლუკმა "სიტისთვის" არ არის და "დეზებისთვის" რატომ იქნება.

"ლივერპულმა" ზედიზედ ორჯერ წააგო და უკვე სამი ტურია, არ უმარჯვია. ბრენდან როჯერსი შეეცდება სანამ სადავეები ხელიდან ბოლომდე გაქცევია და გულშემატკივრების პროტესტსაც სოლიდური სახე მიუღია, საჭირო 3 ქულა ჩაიჯიბოს. "ენფილდზე" "ნორვიჩი" ჩადის, რომელიც ისე ჩანს, რომ ამ სეზონში ერთ-ერთი ყველაზე არაპროგნოზირებადი გუნდი იქნება. ალექს ნილის "იადონები" ჯერჯერობით, ძალიან სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებენ.

"საუთჰემპტონი" წინა სეზონების აჩრდილია, მაგრამ რონალდ კუმანი იმედოვნებს, რომ მალე "წმინდანები" ძველებურად ათამაშდებიან და ამ "მალესთვის" იდეალური დრო და ადგილი "სენტ მერიზე" გაუგებრობაში მყოფი "მანჩესტერ იუნაიტედის" დამარცხება იქნება.

ლუი ვან გაალმა მწარე წაგება იგემა პსვ-სთან, სწორედ ექსსაუთჰემპტონელი ლუკ შოუც დაკარგა დიდი ხნით და ახლა რეაბილიტაცია სჭირდება. ბევრს ველით და ელიან უეინ რუნისგან, მემფის დეპაისგან, ანტონი მარსიალისგან... თორემ ჯერჯერობით, "წითელი ეშმაკები" ნახევარმცველებისა და მცველების კარგი თამაშით გადიან ფონს.

VI ტური
19 სექტემბერი
ჩელსი-არსენალი 15:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ოსკარი, კურტუა - როსიცკი, უილშირი, უელბეკი
ურთიერთშეხვედრები
სულ 156 თამაში: +48 =47 -61 (201-220)

სუონსი-ევერტონი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: - ოვიედო, პიენაარი, გიბსონი, კლევერლი, ბეინსი
ურთიერთშეხვედრები
სულ 12 თამაში: +0 =4 -8 (8-23)

სტოკი-ლესტერი 18:00
დისკვალიფიკაცია: აფელაი, ადამი -
ტრავმა: ჯონსონი, ოდემვინგი, შოუკროსი - ჯეიმსი
ურთიერთშეხვედრები
სულ 40 თამაში: +15 =12 -13 (49-45)

ასტონ ვილა-ვესტ ბრომვიჩი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ხოსე კრესპო, გეიე, გარდნერი, ოკორე, ა. ტრაორე - ფოსტერი
ურთიერთშეხვედრები
სულ 136 თამაში: +63 =30 -43 (223-186)

ნიუკასლი-უოტფორდი 18:00
დისკვალიფიკაცია: მიტროვიჩი - ბრიტოსი, ბეჰრამი
ტრავმა: დამეტი, რივიერი, მარვო - დოილი, ეკსტრანდი
ურთიერთშეხვედრები
სულ 12 თამაში: +4 =6 -2 (19-16)

ბორნმუთი-სანდერლენდი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დენიელსი, არტერი, გრადელი, მინგსი - ფლეტჩერი, მეტიუზი, ჯონსონი
ურთიერთშეხვედრები
სულ 0 თამაში: +0 =0 -0 (0-0)

სიტი-ვესტ ჰემი 20:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კლიში, დელფი - ვალენსია, სონგი
ურთიერთშეხვედრები
სულ 86 თამაში: +41 =14 -31 (137-128)

20 სექტემბერი
ტოტენჰემი-კრ. პალასი 16:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დემბელე, ნ’ჟიე - შამახი, უარდი, აპია
ურთიერთშეხვედრები
სულ 30 თამაში: +14 =10 -6 (44-27)

საუთჰემპტონი-მანჩესტერი19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კლასი, ბერტრანი, გარდოში, ფორსტერი - რუნი, ანდრეას პერეირა, ჯონსი, შოუ
ურთიერთშეხვედრები
სულ 76 თამაში: +16 =18 -42 (88-138)

ლივერპული-ნორვიჩი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ალენი, სტარიჯი, ფლენეგანი - ჰუპერი, მულუმბუ
ურთიერთშეხვედრები
სულ 48 თამაში: +26 =12 -10 (96-45)

ბომბარდირები: 4 - ბაფეტიმბი გომისი (სუონსი), რიად მაჰრეზი (ლესტერი), კალუმ უილსონი (ბორნმუთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული