ორმაგი უგუნებობა

AutoSharing Option

 

„ლივერპულმა“ ერთბაშად ორი ცუდი ამბავი გაიგო: არც ჩარლი ადამის გადაბირების საქმე გამოდის და არც ლუის სუარესის. „ბლექპული“ ჩარლი ადამის ყოველ ხსენებაზე ცოფებს ჰყრის და ამჯერადაც ასე მოხდა - კლუბის თავმჯდომარე კარლ ოისტონმა შოტლანდიელის ტრანსფერზე კატეგორიული უარი განაცხადა. ბლექპულელებს უარის თქმაში არც „აიაქსმა“ დაუდო ტოლი - მერსისაიდელები 26 მილიონ ფუნტად შეფასებული ურუგვაელის ყიდვასთან მეტად შორს არიანო, განაცხადეს ამსტერდამელებმა.
განსაკუთრებით საკვირველი კი მაინც 25 წლის ადამის საქმეა. „ბლექპულის“ ხელმძღვანელები ამბობენ, რომ ეს ნახევარმცველი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა და ფასსაც შესაბამისს ითხოვენ, მყიდველები კი

ცდილობენ მანამდე იხეირონ სანამ სქოთს სახელი გაუვარდება და ოისტონის კლუბს ცოტას სთავაზობენ. აი, წითლებმაც მხოლოდ 4 მილიონ ფუნტად მოინდომეს „გლაზგო რეინჯერსის“ ყოფილი მოთამაშის ყიდვა.
ადამთან დაკავშირებული აჟიოტაჟი თავგზას, განსაკუთრებით, „ბლექპულის“ მწვრთნელს იან ჰოლოუეის ურევს, რომელსაც ფეხბურთელის სარფიანად გაყიდვის კონკრეტული გეგმა ჰქონდა შედგენილი. მან თქვა:
„ვგრძნობ, რომ სულ მალე შესაძლოა სადავეები ხელიდან გამექცეს. „ლივერპული“ ჩემს სიაში ერთ-ერთი შესაძლო მყიდველთაგანი იყო, მაგრამ მინდოდა მისგან ადამის ნიჭის შესაფერისი წინადადება მიმეღო. ახლა, როდესაც მერსისაიდელთა ინტერესის ამბავი გახმაურდა და ოისტონმაც პირველი უარი საკმაოდ გაღიზიანბელი ფორმით უკვე შეუთვალა, დიდი შანსია, ფეხბურთელს გული გაუტყდეს, რადგან „ლივერპულში“ თამაში ყველას უნდა. აქ, ყველაფრის თანდათანობით შემზადება იყო საჭირო, ასე კი შეიძლება მივიღოთ კლუბებს შორის ჯიუტი ურთიერთობა და ფეხბურთელი, რომელსაც ცხვირი აქვს ჩამოშვებული“.  
მყიდველისა და გამყიდველის შეხედულებები სუარესთან დაკავშირებითაც ძალიან ცდება ერთმანეთს. მერსისაიდელების საფეხბურთო საქმეთა დირექტორი დამიან კომოლი ამ დღეებში ამსტერდამს ეწვია და „აიაქსს“ 24 წლის ურუგვაელში 12,7 მილიონი ფუნტი შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო.
ამასობაში 24 წლის ჰოლანდიელ ფორვარდ რაიან ბაბელთან დაკავშირებით მოხდა ძალან საინტერესო ამბავი - „ლივერპულის“ მწვრთნელმა კენი დალგლიშმა განაცხადა, რომ ბაბელი „ენფილდიდან“ არსად მიდის, მაგრამ მისი განცხადება და დადასტურება, რომ ჰოლანდიელს გერმანული „ჰოფენჰაიმი“ ყიდულობს ერთი აღმოჩნდა. „ჰოფენჰაიმი“ ბაბელში 7 მილიონ ფუნტს იხდის, თავად ფეხბურთელს კი ინგლისიდან წასვლა არ უნდოდა. არადა, ამბობდნენ, რომ ბაბელს „ლივერპული“ სუარესის საქმეში ხურდად გამოიყენებდა და მას „აიაქსს“ შესთავაზებდა. მოთამაშესაც გაცილებით ერჩივნა ეს ვარიანტი.
დალგლიში კი ჟურნალისტებთან სტივენ ჯერარდის ქებაში გაერთო. „კოპის მეფე კენიმ“ თქვა, რომ „სტივი ჯი“ თხემით ტერფამდე ლივერპულელი და განსაკუთრებული ფეხბურთელია.
„მეტიც, ის არა მარტო განსაკუთრებული ფეხბურთელი არამედ განსაკუთრებული პიროვნებაა - განაცხადა დალგლიშმა - აღტაცება გეუფლება როდესაც იხსენებ, როგორ ემსახურა ის „ლივერპულს“ ამდენი წლის განმავლობაში და რას ნიშნავს ჩვენი კლუბი მისთვის. ჩემს ლექსიკონში სტივენის ქებისთვის საკმარისი სიტყვები არ არის. მხოლოდ ასე ვიტყოდი: „ლივერპული“ ჯერარდის გარეშე ასეთი ვერ იქნებოდა. რად უნდა ლაპარაკი, რომ როდესაც მას წითელი აცვია გაცილებით უკეთ თამაშობს, ვიდრე სხვა ფერის (ალბათ, დალგლიშმა ინგლისის ნაკრების თეთრი მაისურა იგულისხმა) მაისურში. ის „ლივერპულის“ ისტორიაში დიდ ადგილს იმსახურებს. ჩვენ ბედნიერები ვართ ასეთი ძლიერი ფეხბურთელი რომ გვყავს“.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული