გრეი სამსახურიდან გააგდეს

AutoSharing Option
ცნობილი ინგლისელი ტელეწამყვანი ენდი გრეი Sky Sports-იდან გაუშვეს. იმ მიზეზებს, რომელთა შესახებაც „ლელომ“ გუშინ მოგახსენათ, ახალი დაემატა: გაირკვა, რომ გრეის კოლეგა შარლოტ ჯეკსონისთვის უცენზურო ხუმრობა უკადრებია. ჩვენ, რასაკვირველია, ვერ გეტყვით როგორი ურთიერთობა ჰქონდათ გრეის და ჯეკსონს, შესაძლოა ისინი ზედმეტად ფამილიარულადაც ეხუმრებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ ამჯერად, ნამდვილად აჯობებდა ეს ამბავი არ გახმაურებულიყო.

სექსიზმი - ეს სიტყვა ბოლო ორი-სამი დღეა ინგლისურ მას-მედიაში აქტიურად ტრიალებს და იმის რწმენას ნიშნავს, რომ ერთი სქესი მეორეს სჯობს. თუ, მაგალითად, მიგაჩნიათ, რომ ქალები კაცებს ყველაფერში სჯობიან, სექსისტი ბრძანდებით.
ენდი გრეის დაუმტკიცდა, რომ პირიქით ჰგონია. მართლა ასე სწამს Sky Sports-ის ცნობილ წამყვანს თუ არა, ვინ იცის, მაგრამ გრეის წინააღმეგ ტალღა მაშინ აგორდა, როდესაც ეთერში შემთხვევით გაისმა მისი საუბარი კოლეგა რიჩარდ კეისთან. ამ ლაპარაკში გრეი და კეისი ამტკიცებდნენ, რომ ქალ თანამსაჯ სიან მესის თამაშგარე მდგომარეობის არსი არ ესმის და საერთოდ, ქალები ვერ ხვდებიან რა არის ოფსაიდი. ამას დიდი მღელვარება მოჰყვა, გრეის სექსისტი უწოდეს და საქმე იქამდე მივიდა, რომ Sky Sports-მა (ალბათ ჟურნალისტისგან გამიჯვნის მიზნით) თავად მოიტანა მეორე ჩანაწერი, სადაც გრეი იმავე აზრს დაჟინებით იმეორებს. მაგრამ მარტო ეს რომ ყოფილიყო საფეხბურთო მიმომხილველი იქნებ, წელიწადში 1,7 მილიონი ფუნტის მომტანი სამსახურის დაკარგვას გადარჩენილიყო კიდეც. მესამე საბუთი იმისა, რომ ენდი გრეი სექსისტია, მეტისმეტად წონიანი გამოდგა. ეს უკვე თანამსაჯ მესის თამაშგარე მდგომარეობას აღარ ეხებოდა. ეს იყო რეპეტიციის დროს ჩაწერილი უხამსი ხუმრობა მიკროფონთან დაკავშირებული ასოციაციებით. თქვენი ნებართვით, ჩვენ ამ უნიჭო იუმორის დეტალურად აღწერას მოვერიდებით, ხოლო მათ, ვისაც მისი ნახვა სურს youtube.com-ის გახსნას ვურჩევთ.

ენდი გრეის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციისთვის მოგახსენებთ, რომ ის 55 წლის ყოფილი ფეხბურთელია. 1975-1985 წლებში შოტლანდიის ნაკრებში 20 შეხვედრაში 7 გოლი აქვს გატანილი. კარიერა დაასრულა 1990 წელს. მანამდე თამაშობდა ცხრა კლუბში, რომელთა შორის იყო „ევერტონი“, „ასტონ ვილა“ და „გლაზგო რეინჯერსი“.

ინგლისელმა ტაბლოიდებმა Sky Sports-ის თანამშრომლები გამოკითხეს და გაიგეს, რომ გრეი არასდროს გამოირჩეოდა თავაზიანი ქცევით, რითაც სამსახურში ბევრს აღიზიანებდა. მავანმა ისიც კი თქვა, არხის ხელმძღვანელები მის გასაშვებად მიზეზს ეძებდნენო. არადა, ენდი გრეი უკვე 20 წელიწადია ეგრეთ წოდებული ტელესახეა და ხალხი მის რეპორტაჟებს შეეჩვია.






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული