მეთოფეებმა ჩახმახი შეაყენეს

AutoSharing Option

„არსენალმა“ ლიგის ანუ „ქარლინგის თასის“ ფინალს „იფსვიჩის“ ძლევით მიაღწია - „მეთოფეებმა“ 3:0 მოიგეს. ამრიგად, გუნდი, რომელიც მიმდინარე სეზონში ჯერ კიდევ ოთხივე ჯილდოსთვის იბრძვის, ერთთან უკვე ძალიან ახლოს არის.

 

მართალია, „ქარლინგის თასი“ ოთხი შესაძლო ტიტულიდან ყველაზე „დაბალი სინჯისაა“, მაგრამ ჩრდილოლონდონელთა ბანაკში მას დიდ ყურადღებას აქცევენ და ამიტომაც იყო ნიკლას ბენდტნერის, ლორან კოშელნისა და სესკ ფაბრეგასის გოლებმა დიდი სიხარული რომ გამოიწვია. შეგახსენებთ იმასაც, რომ „არსენალისა“ და „იფსვიჩის“ პირველი ნახევარფინალური მატჩი, 12 იანვარს, იფსვიჩის „პორტმენ როუდზე“ „ჩემპიონშიფის“ ცხრილში მე-19 ადგილზე მყოფი მასპინძლების გამარჯვებით, 1:0

რომ დასრულდა.

მატჩის შემდეგ „მეთოფეთა“ გახარებულმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა ასე ბრძანა: „ჩვენ გვინდა გავიმარჯვოთ ყველა შეჯიბრებაში, რომელშიც გამოვდივართ. თუ „ქარლინგის“ თასს მოვიპოვებთ, გუნდში ფსიქოლოგიური კლიმატი შეიცვლება და ვიგრძნობთ, რომ სხვა ჯილდოების მოხვეტაც შეგვიძლია. რასაკვირველია, კარგად გვესმის, რომ ლიგის თასი ჩვენს მიზნებს შორის ყველაზე დიდი არ არის, „არსენალი“, ამ სეზონში, უფრო დიდ ამოცანებს ისახავს, მაგრამ ვიმეორებ, ის ჩვენ სხვა ტიტულების მოგებაში დაგვეხმარება. რატომღაც ყოველ პრესკონფერენციაზე მეკითხებიან არის თუ არა ჩემი მთავარი მიზანი პრემიერლიგის ოთხეულში მოხვედრა. მინდა ერთხელაც და საბოლოოდ გამოვაცხადო, რომ ჩემი მიზანი ყველაფრის მოგებაა“.

„მეთოფეთა“ ესპანელი კაპიტანი სესკ ფაბრეგასი კი გოლის გატანამ, არც მეტი არც ნაკლები, გადარია. ვენგერმა ამაზეც თქვა ორიოდ სიტყვა: „სესკის რეაქციამ, ალბათ, მიგახვედრათ, რომ მას გოლები და გამარჯვებები სწყურია. ფაბრეგასს ტიტულების დაგროვება უნდა და ამიტომაც ნიშნავდა მისთვის ეს გოლი ამდენს“.

და რაკიღა ფაბრეგასი ვახსენეთ, ბარემ ერთი ამბავიც გავიხსენოთ: ცოტა ხნის წინ გაზეთებში დაიწერა „არსენალის“ ბრაზილიელი ფეხბურთელის, დენილსონის ნათქვამი, რომ მათი გუნდის კაპიტანი ბუნებით ლიდერი არ არის.

 

„მინდა ყველას ვუთხრა, რომ მსგავსი არაფერი მითქვამს, - განაცხადა პუბლიკაციათა პასუხად დენილსონმა. - მეტიც, მის შესახებ არავისთან მილაპრაკია. მე მას, ისევე როგორც სხვა ფეხბურთელებს, პატივს ვცემ. ერთადერთი, რაც ვთქვი, ის იყო, რომ გუნდის შედეგებზე პასუხისმგებლობა ოცდახუთივე ფეხბურთელმა უნდა აიღოს“.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული