იგი "ჟერლანის" ბინადრებში ჯერ ახალგაზრდულ გუნდს ედგა სათავეში და ბევრი ვარსკვლავიც გამოზარდა ალექსანდრ ლაკაზეტის თამადობით, მერე კი ძირითადი გუნდი მიაბარეს და 2012 წელს თასი კი მოიგო, მაგრამ ჩემპიონატში ბევრს ვერაფერს გახდა და უბერ ფურნიეთი ჩაანაცვლეს.
სხვათა შორის, 49 წლის გარდისთვის პრემიერლიგაც არ არის უცნობი. იგი 1990-იან წლებში "არსენალში" თამაშობდა და 1997/98 წლების სეზონის დუბლის მომგები გუნდის წევრიც
შერვუდს რაც შეეხება, ის განაწყენებული ჩანს, მაგრამ "ასტონ ვილას" წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ ბევრი რამ ისწავლა და ეს პერიოდი არ დაავიწყდება.
"როდესაც პოსტზე მოვედი, ვიცოდი, ეს დიდი გამოწვევა იქნებოდა, რთული და ბევრი სამუშაო გველოდა.
ამავდროულად, ვიცოდი, ძალიან ვისიამოვნებდი და დაუვიწყარი მოგონებები მართლაც დამრჩა, ბევრი რამ ვისწავლე. ჩვენი მთავარი მიზანი პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნება გახლდათ, მაგრამ არასოდეს დამავიწყდება ასოციაციის თასზე ნახევარფინალში "ლივერპულის" დამარცხება და ფინალში გასვლა, "უემბლიზე" ჩატარებული მატჩი" - თქვა 46 წლის შერვუდმა, რომელიც ახალი კლუბის ძიებაშია.
"ტოტენჰემის" ყოფილი ფეხბურთელისა და თავკაცის სავარაუდო ჩამნაცვლებლებს შორის არიან: ბრენდან როჯერსი, ნაიჯელ პირსონი და "სოსიედადის" თავკაცი დევიდ მოიესი.
როჯერსს სირთულეები და მძიმე პერიოდი ეყო და სავარაუდოდ, ბოლო ადგილზე მყოფი ბირმინგემელების გაძღოლას თავს აარიდებს. თანაც, მან ტელევიზიაში კომენტატორად დაიწყო მუშაობა და სეზონის ბოლომდე შესაძლოა, მწვრთნელობისგან დაისვენოს კიდეც, სანამ კარგი ვარიანტი არ გამოჩნდება.
მოიესს "სოსიედადში" ნელ-თბილად აქვს საქმე და შესაძლოა, შოტლანდიელს ნისლიანი ალბიონისკენ მოუწევდეს გული და წესით, უარზე არც მძიმე სიტუაციებიდან გამოსვლის ექსპერტი პირსონი უნდა იყოს. დანარჩენი უკვე "ვილას" უფროსობაზეა დამოკიდებული, მოსაფიქრებლად არც ისე დიდი დროა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"