წილი, წილი...

AutoSharing Option

თურმე ჩარლი ადამის ნებისმიერი ტრანსფერიდან იან ჰოლოუეის წილი ერგება. მიხვდით ხომ, რაზეც არის ლაპარაკი? საქმე „ბლექპულის“ შოტლანდიელ ნახევარმცველსა და მწვრთნელს ეხება. წილის ამბავი თავად ჰოლოუეიმ დაადასტურა, თუმცა არ უთქვამს ნახევარმცველის გაყიდვის შემთხვევაში კერძოდ რა ლუკმა ერგება. თითქოს, ამ ამბავში სკანდალური და წარმოუდგენელი არაფერია, მაგრამ მეორე მხრივ ის ნათელს ჰფენს თუ რატომ არ უნდა „ბლექპულის“ თავკაცს, ადამის იაფად გაყიდვა. მყიდველები, მოგეხსენებათ, მრავლად არიან, მაგრამ 12 მილიონ ფუნტს - სწორედ ამ თანხას ითხოვს ჰოლოუეი - არავინ იხდის. ჰოლოუეიმ თქვა:

„რა არის გასაკვირი?

მე წილში ვუზივარ ყველა ფეხბურთელს, რომელსაც ვწვრთნი. ჩვენი კლუბის თავმჯდომარე ხედავს, რამდენ ფეხბურთელს ვზრდი, როგორ ვეხმარები მათ გზაზე დადგომაში და როგორ ვყიდი მათ. მან ჩემი ბიზნესის შესახებ ყველაფერი იცის და ის მოსწონს, თუმცა ისე ნუ გამიგებთ, თითქოს ჩემი ძირითადი საქმიანობა ეს იყოს. მე „ბლექპულის“ პრემიერლიგაში დატოვება გაცილებით მეტ შემოსავალს მომიტანს“.

აღსანიშნავია, რომ „ბლექპულმა“ უკვე უარი თქვა თავისი კაპიტნის გაყიდვით მცირე მოგების ნახვაზე. 25 წლის ადამი, რომელიც 2009 წლის აგვისტოში 500 ათასი ფუნტი ღირდა („რეინჯერსისგან“ ჰოლოუეიმ ფეხბურთელი სწორედ ამ თანხად გადაიყვანა) არ მიჰყიდეს „ბირმინგემსა“ და „ასტონ ვილას“. შემდეგ, „დახლთან“ „ლივერპული“ მივიდა და „ბლექპულს“ 4 მილიონი ფუნტი შესთავაზა, მაგრამ მწვრთნელმა ამ თანხას შეურაცხმყოფელად მცირე უწოდა. ჰოლოუეიმ, რომელსაც გვარის მიხედვით მეტსახელად ოლის ეძახიან განაგრძო:
„ამის შემდეგ თუ გაზეთებში წავიკითხავ, რომ ადამის ტრანსფერიდან 20-30 პროცენტს ველოდები და ყველაფერს ამ თანხის მისაღებად ვაკეთებ, ძალიან მეწყინება, რადგან ეს რიცხვები სინამდვილისგან მეტისმეტად შორს არის. ეს სრული სისულელეა“.
ფიფას წეს-კანონებში კი ერთი სიტყვითაც არ წერია, რომ ფეხბურთის მწვრთნელს მოთამაშეებით ვაჭრობა და მათი გაყიდვით სარფის ნახვა ეკრძალება. როდესაც იან ჰოლუეის ამბავი გაცხადდა, ჟურნალისტებმა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციაში გადარეკეს, რათა იქ გაერკვიათ
რა არის და რა არ არის ნებადართული. ასოციაციის პრეს-მდივანმა განაცხადა:

„ასეთი საქმიანობა ჩვენს წესებს არ ეწინააღმდეგება“. 

და კიდევ, ოლი დარწმუნებულია, რომ „ბლექპულის“ თავმჯდომარე კარლ ოისტონს ამის საწინააღმდეგო არაფერი აქვს. მწვრთნელმა დასძინა:

„თავად განსაჯეთ, ჩვენ „რეინჯერსისგან“ ძალიან ნიჭიერი ბიჭი ვიყიდეთ და მისი წყალობით „ჩემპიონშიპის“ მე-16 ადგილიდან პრემიერლიგის მე-12 ადგილზე ავედით. ეს ძალიან ბრძნული ტრანსფერი იყო“.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული