პრემიერლიგა. XII ტური: ვარდი, რომელიც ბატიგოლს ჰგავს... [VIDEO]

AutoSharing Option
* ლონდონის "არსენალის" მცველმა კირან გიბსმა პრემიერლიგის 24 000-ე გოლი გაიტანა.

* მესუთ იოზილი პირველია, ვინც პრემიერლიგის ზედიზედ 6 ტურში გააკეთა საგოლე პასები.

* რემი გარდის დებიუტი "ასტონ ვილაში" "სიტისთან" ფრით დაიწყო.

"არანორმალურმა" ჯეიმი ვარდიმ თავისი გიჟური მსვლელობა გააგრძელა და სრულიად საფეხბურთო სამყარო ჭკუიდან გადაიყვანა.

დიახ, "ლესტერის" მე-9 ნომერმა მიჯრით მე-9 ტურში გაიტანა და "მელიებს" მორიგი სამი ქულის მოპოვებაში დაეხმარა. მართალია, ამჯერად მან პენალტით შეაგდო, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს?

მთავარია, ლესტერშირელებმა სიხარულისგან "იფეთქეს" და გამორიცხული არ არის, ადგილობრივმა ბენდმა
"კასაბიანმა" ვარდის ერთი გემრიელი სიმღერაც მიუძღვნას. კლაუდიო რანიერის გუნდმა ისეც მოიგო და ოთხეულში ადგილს ინარჩუნებს. ვარდიმდე თავის გამოჩენა ნგოლო კანტემ შეძლო, რომელიც ამ სეზონში მხოლოდ "ლესტერის" კი არა, მთლიანად ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.

ჯერჯერობით, იგი დიდებულად გამოიყურება, უაღრესად სასარგებლო და პროდუქტიულია. "უოტფორდმა" ერთი ბურთი ასევე პენალტით გაქვითა, ეს ტროი დინმა გააკეთა.

კიკე სანჩეს ფლორესმა კი ალესანდრო დიამანტიც შეუშვა, ეგებ, მატჩი გადავარჩინოო, მაგრამ იმ შეხვედრაში ბრილიანტიც და მარგალიტიც ვარდი იყო, გაუთლელი, მაგრამ მაინც მბზინავი და ბრწყინვალე. პრემიერლიგის რეკორდის გამეორებამდე შემდეგ ტურში გატანაღა რჩება. მატჩის მერე რანიერიმ თქვა, რომ ვარდი მას გაბრიელ ბატისტუტას აგონებს, რომელსაც "ფიორენტინაში" მუშაობისას წვრთნიდა.

ტონი პულისმა "ოლდ ტრაფორდზე" გოლის გაშვების ყველა გზა-კარი ჩარაზა, მაგრამ როცა ლინგარდი ასე ნავარდობს... დიახაც, ჯიუტმა ლუი ვან გაალმა თავისი მაინც გაიტანა. ჯესიმ მას ნდობა გაუმართლა და შეხვედრის პირველი გოლი შეაგდო, რითაც ამ მძიმე მეტოქესთან უმძიმეს შეხვედრაში "მანჩესტერ იუნაიტედს" საჭირო სამი ქულის აღებაში დაეხმარა.

ბოლოს სტუმართა კარში პენალტიც დაინიშნა, რომელიც ხუან მატამ გარდასახა. არადა, 1:0-ზე შეცვლაზე შესულ საიდო ბერაჰინოს ძალიან კარგი შანსი ჰქონდა, რომელიც გაანიავა. "წითელი ეშმაკების" მონაწილეობით, ბოლო 5 მატჩში მხოლოდ 3 გოლია გასული... ფანები თავს იმით თუ დაიმშვიდებენ, რომ სამივე მათმა საყვარელმა გუნდმა გაიტანა. ბარემ ისიც აღვნიშნოთ, რომ ამ შეხვედრაში ვან გაალმა 20 წუთით ათამაშა 18 წლის მცველი კამერონ ჯექსონი.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ხშირად ნამდვილად ვერ ნახავთ, ერთმა გუნდმა მეორე ისე სასტიკად და უმოწყალოდ დაჩაგროს, როგორც ეს "ბორნმუთმა" გააკეთა "ნიუკასლთან" შეხვედრაში, მაგრამ... სტატისტიკას ალბათ თავადაც ჩახედავთ ან უკვე დააკვირდით, მაგრამ ხაზი მაინც უნდა გავუსვათ იმას, რომ ჯორდებმა მეტოქის კარისკენ სულ 2-ჯერ დაარტყეს, აქედან ზუსტად ერთხელ და ისიც გაიტანეს. მათ არც ერთი კუთხური არ მოუწოდებიათ, "ალუბლებმა" კი ეს 16-ჯერ გააკეთეს.

დარტყმებითაც, ბურთის ფლობითაც, მომენტებითაც... "ბორნმუთმა" "კაჭკაჭები" დაჩაგრა, მაგრამ მაინც წააგო და გასავარდნ ზონაში ჩაეშვა, "ნიუკასლმა" კი, პირიქით, იქაურობას თავი დააღწია. "ბორნმუთი" კი შოკიდან დროულად თუ არ გამოვიდა და მომენტების რეალიზაციას რამე თუ არ მოუხერხა, პრემიერლიგაში დარჩენა გაუჭირდება.

ტურში საკმაოდ ბევრი თერთმეტმეტრიანი დაინიშნა და პენალტმა გადაწყვიტა ყველაფერი "ლაითზეც", სადაც დუშან ტადიჩის ზუსტმა დარტყმამ "საუთჰემპტონს" 3 ქულა ჩაუჯიბა და "წმინდანები" ნელ-ნელა ევროზონას მიუცუცქდნენ. "სანდერლენდი" კი კვლავაც გასაჭირშია და ჯერჯერობით სემ ელერდაისიც ვერ შველის.

"ბოლეინ გრაუნდზე" ამ სეზონის ერთ-ერთმა აღმოჩენამ, მანუელ ლანსინიმ "ვესტ ჰემი" წინ კი გაიყვანა, მაგრამ ჟერარდ დეულოფეუმ კვლავაც საგოლე პასი გააკეთა, ხოლო რომელუ ლუკაკუმ მორიგი გოლი შეაგდო. მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმში სლავენ ბილიჩი ისტერიკულად აძლიერებდა თავდასხმას, "ჩაქუჩებმა" მაინც ვერ მოიგეს.

"ნორვიჩი" და "სუონსი" საოცრად უსახურად აგორებდნენ ბურთს, თუმცა ცოტა უკეთ მაინც მასპინძლები გამოიყურებოდნენ. სტუმრებს კარში ზუსტად საერთოდ არ დაურტყამთ, "თეთრ გედებს" რაღაც დაემართათ. ასე რომ, ნორვიჩელებმა საბოლოოდ 3 ქულა არცთუ დაუმსახურებლად მოიპოვეს. "იადონებს" ჯონათან ჰოუსონმა მოაგებინა, მბოკანის პასით. ეს უკანასკნელი მინდორზე 2 წუთის გასული იყო.

"განსაკუთრებულად" მძიმედ არის "ჩელსის" საქმე. სიმბოლურია, რომ ჟოზე მოურინიოს დისკვალიფიკაცია ჰქონდა და "ლურჯები" ახლა მაინც უთავო და უთავბოლო გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებენ. არა, თამაშით "ჩელსის" წაგება არ ეკუთვნოდა, მაგრამ მოსაგები ჰქონდაო, ამასაც ვერ იტყვი.

"სტოკმა" კი, რასაც ჰქვია, შედეგზე ითამაშა და მარკ ჰიუზმა თავისას მიაღწია. სტოკელებმა ჯერ ლიგის თასიდან გამოაგდეს "ჩელსი", ახლა კი პრემიერლიგაშიც დაამარცხეს. შეხვედრის ერთადერთი გოლი "ღარიბების ზლატან იბრაჰიმოვიჩმა" მარკო არნაუტოვიჩმა გაიტანა, თანაც ზუსტად "ზლატანური", ნახევრად მაკრატელათი.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ჩელსის" წარუმატებლობები სენსაცია აღარ არის, ნამდვილი სენსაცია "ვილა პარკზე" დაფიქსირდა, სადაც "სიტიმ" ვერაფერი მოუხერხა ბოლოადგილოსან "ასტონ ვილას". მანჩესტერელები ვერ ბრწყინავდნენ, მაგრამ მომენტები მაინც ჰქონდათ, რომლებიც ვერ გამოიყენეს.

მანუელ პელეგრინის იღბალმაც აქცია ზურგი, დავიდ სილვასა და სერხიო აგუეროს არყოფნაში უილფრიდ ბონიც მალევე შეიქნა შესაცვლელი. ისე, "ვილას" წინააღმდეგ ბირმინგემელთა ყოფილმა კაპიტანმა ფაბიან დელფმაც ითამაშა. ასე რომ, რემი გარდს მშვენიერი დებიუტი გამოუვიდა. მართალია, მისმა გუნდმა მეტოქის კარში ზუსტად ვერც ერთხელ ვერ დაარტყა, მაგრამ მან ქულა აიღო.

ბირმინგემელთათვის ქულა დიდი ვერაფერი შვებაა, მაგრამ მეტოქესაც ხომ გააჩნია.
"კრისტალ პალასმა" ბოლო-ბოლო გაიხსენა გამარჯვების გემო და თანაც, ეს "ენფილდზე" მოახერხა.

"ლივერპულის" მცველების უყურადღებობას იანიკ ბოლაზის ძლიერი და ზუსტი დარტყმა მოჰყვა, რითაც ალან პარდიუს გუნდი დაწინაურდა. შესანიშნავი კომბინაციის მერე ფილიპე კოუტინიომ კი გაათანაბრა, მაგრამ მატჩის მიწურულს სტუმრებმა თავისას მაინც მიაღწიეს - კუთხურის შემდეგ სიმონ მინოლემ პირველი დარტყმა კი მოიგერია, მაგრამ მეორეს ვეღარაფერი მოუხერხა, სკოტ დანმა ბურთს მძლავრად "ურქინა" და თავისიანებს ხმაურიანი გამარჯვება მოუტანა.

მერსისაიდელების ჩამორჩენა ჩემპიონთა ლიგის ზონასთან 7 ქულამდე გაიზარდა.

ლონდონურ დერბის რაც შეეხება, ტრავმების ეპიდემიის გამო "არსენალი" სიცხიანი თამაშობდა და ჩვეულად ეფექტური ვერ იყო. "ტოტენჰემი" კი ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე დაბალანსებული და ორგანიზებული გუნდია ჩემპიონატში. "დეზებმა" პირველი ტაიმი მოიგეს კიდეც, თანაც ჰარი კეინის გოლით.

"მოქალაქე კეინი" "მეთოფეთა" უკანაფრონტელებს გაექცა და დენი როუზის უზადო პასი ასევე უნაკლო შესრულებით დააგვირგვინა.

თუმცა მეორე ნახევარში არსენ ვენგერის ბიჭებმა გათანაბრება მაინც მოახერხეს - მესუთ იოზილმა ბურთი შორეულ ძელთან ჩააგდო, სადაც კირან გიბსი შეიპარა და - 1:1. მეტი "არსენალმა" ვეღარ შეძლო და "სიტის" ვერ გადაასწრო, ისინი ისევ თანალიდერები არიან, მანჩესტერელებს უკეთესი ბურთების სხვაობა აქვთ.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

XII ტური
7 ნოემბერი
ბორნმუთი-ნიუკასლი 0:1
გოლი: 0:1 პერესი (27)
ბორნმუთი (4-4-1-1): ფედერიჩი - სმიტი, ფრანსისი, დისტენი, დენიელსი - სტანისლასი (73. ტომლინი), გოსლინგი, სურმანი, რიტჩი - არტერი (79. რენტი) - კინგი (73. კერმორგანტი)
ნიუკასლი (4-4-2): ელიოტი - იანმაატი, მბემბა, კოლოჩინი, დამეტი - ტიოტე, ანიტა (90+3. მბაბუ), სისოკო, ვეინალდუმი - პერესი (77. ტოვენი), მიტროვიჩი (63. სისე)
გაფრთხილება: არტერი, სმიტი - იანმაატი, ტიოტე
კუთხური: 16-0 ჯარიმა: 9-11 თამაშგარე: 4-3 კარში დარტყმა: 20(5)-2(1) ბურთის ფლობა: 68%-22%
მაყურებელი: 11 155

ვესტ ჰემი-ევერტონი 1:1
გოლები: 1:0 ლანსინი (30), 1:1 ლუკაკუ (43)
ვესტ ჰემი (4-2-3-1): ადრიანი - ჯენკინსონი, ტომკინსი, რიდი, კრისუელი - კუიატე, ნოუბლი - მოზესი, ლანსინი, პაიე (50. ვალენსია; 69. სარატე) - კეროლი (87. იელავიჩი)
ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი - კოულმენი, სტოუნსი, ფუნეს მორი, გოლოუეი - ბერი, მაკარტი - კონე (65. მირალასი), დეულოფეუ (83. ლენონი), ბარკლი - ლუკაკუ
გაფრთხილება: სარატე - მაკარტი, ფუნეს მორი
კუთხური: 3-5 ჯარიმა: 11-12 თამაშგარე: 2-1კარში დარტყმა: 16(5)-13(3) ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 34 977

სანდერლენდი-საუთჰემპტონი 0:1
გოლი: 0:1 ტადიჩი (69-პენ.)
სანდერლენდი (4-2-3-1): პანტილიმონი - იედლინი, კოატესი, ქაბული, ჯოუნსი - მ’ვილა, გომესი (74. დეფო) - ჯონსონი, ტოივონენი (46. ბორინი), უოტმორი - ფლეტჩერი (70. როდუელი)
საუთჰემპტონი (4-2-3-1): სტეკელენბურგი - იოშიდა, ფონტე, ვან დეიკი, ბერტრანი - კლასი (78. რომეუ), დევისი - მანე (83. ხუანმი), ტადიჩი (90+1. კოლკერი), უორდ-პრაუსი - პელე
გაფრთხილება: ჯონსონი - მანე, ბერტრანი, პელე
კუთხური: 3-7 ჯარიმა: 10-11 თამაშგარე: 2-5 კარში დარტყმა: 9(3)-11(4) ბურთის ფლობა: 33%-65%
მაყურებელი: 41 781

ნორვიჩი-სუონსი 1:0
გოლი: 1:0 ჰოუსონი (70)
ნორვიჩი (4-4-1-1): რადი - უისდომი, ბენეტი, ბასონგი, ოლსონი - ჰოუსონი, ტეტი, ო’ნილი, ბრედი - ჰულაჰანი (90. მულუმბუ) - ჯერომი (68. მბოკანი)
სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი - ნოტონი, ფერნანდესი, უილიამსი, ტეილორი - კი, შელვი (87. ედერი) - ა. აიუ, სიგურდონი (79. ბრიტონი), მონტერო (64. რუტლეჯი) - გომისი
გაფრთხილება: ო'ნილი - ჯერომი, ტეტი
კუთხური: 5-2 ჯარიმა: 12-7 თამაშგარე: 3-2 კარში დარტყმა: 9(5)-8(0) ბურთის ფლობა: 32%-68%
მაყურებელი: 27 029

ლესტერი-უოტფორდი 2:1
გოლები: 1:0 კანტე (52), 2:0 ვარდი (65-პენ.), 2:1 დინი (75-პენ.)
ლესტერი (4-4-1-1): შმეიხელი - სიმპსონი, მორგანი, ჰუტი, ფუხსი - კანტე, ოლბრაიტონი, დრინკვოტერი (90. კინგი), შლუპი (46. ოკაზაკი) - მაჰრეზი (84. დაიერი) - ვარდი
უოტფორდი (4-4-2): გომესი - ნიომი (76. დიამანტი), ბრიტოსი, კატკარტი, აკე - კაპუ (70. პარედესი), უოტსონი, აბდი, ანია - დინი, იგალო
გაფრთხილება: - გომესი
კუთხური: 4-2 ჯარიმა: 10-10 თამაშგარე: 4-1 კარში დარტყმა: 12(6)-8(4) ბურთის ფლობა: 40%-60%
მაყურებელი: 32 029

მანჩესტერი-ვესტ ბრომვიჩი 2:0
გოლები: 1:0 ლინგარდი (52), 2:0 მატა (90+1)
მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - იანგი (62. ჯონსი), სმოლინგი, ბლინდი, როხო (76. ბორტვიკ-ჯექსონი) - შვაინშტაიგერი, კერიკი - მატა, ლინგარდი, რუნი (82. ერერა) - მარსიალი
ვესტ ბრომვიჩი (4-5-1): მაიჰილი - დოუსონი, მაკკოლი, ევანსი, ბრანტი (85. მაკმანამანი) - სესენიონი, დ. ფლეტჩერი, იაკობი, მორისონი (72. ბერაჰინო), მაკლინი - რონდონი (72. ლამბერტი)
გაფრთხილება: როხო - დოუსონი, რონდონი, ბრანტი
გაძევება: მაკკოლი (90+1)
კუთხური: 5-1 ჯარიმა: 11-10 თამაშგარე: 1-0 კარში დარტყმა: 13(3)-4(0) ბურთის ფლობა: 69%-31%
მაყურებელი: 75 410

სტოკი-ჩელსი 1:0
გოლი: 1:0 არნაუტოვიჩი (53)
სტოკი (4-2-3-1): ბატლენდი - ჯონსონი, შოუკროსი, ვოლშაიდი, პიტერსი - ადამი (79. აფელაი), უელანი - შაქირი (82. დიუფი), ბოიანი (71. კამერონი), არნაუტოვიჩი - უოლტერსი
ჩელსი (4-2-3-1): ბეგოვიჩი - ასპილიკუეტა ზუმა ტერი, ბაბა (70. ოსკარი) - რამირესი (77. რემი), მატიჩი - პედრო (70. ფაბრეგასი), ვილიანი, აზარი - დიეგო კოსტა
გაფრთხილება: უელანი, შოუკროსი, ჯონსონი - ბაბა
კუთხური: 1-9 ჯარიმა: 13-10 თამაშგარე: 3-1 კარში დარტყმა: 8(2)-19(4) ბურთის ფლობა: 36%-64%
მაყურებელი: 27 550

8 ნოემბერი
ასტონ ვილა-სიტი 0:0
ასტონ ვილა (4-3-3): გუზანი - ჰატონი, რიჩარდსი, კლარკი, ამავი - ვერეტო, სანჩესი, გეიე - ხილი (65. ნზოგბია), ჯ. აიუ (84. ჟესტედი), სინკლერი (72. ბაკუნა)
სიტი (4-2-3-1): ჰარტი - სანია, კომპანი, ოტამენდი, კოლაროვი - ფერნანდინიო, ფერნანდო - იაია ტურე (78. დელფი), დე ბრუინი, სტერლინგი (84. იჰეანაჩო) - ბონი (25. ნავასი)
გაფრთხილება: გუზანი - ოტამენდი
კუთხური: 3-8 ჯარიმა: 7-7 თამაშგარე: 1-1 კარში დარტყმა: 3(0)-13(3) ბურთის ფლობა: 40%-60%
მაყურებელი: 36 757

ლივერპული-კრ. პალასი 1:2
გოლები: 0:1 ბოლაზი (21), 1:1 კოუტინიო (42), 1:2 დანი (82)
ლივერპული (4-2-3-1): მინოლე - კლაინი, შკრტელი, სახო (40. ლოვრენი), მორენო - ლუკასი, ჯანი (65. ფირმინო) - ლალანა, აიბი (87. ორიჯი), კოუტინიო - ბენტეკე
კრ. პალასი (4-2-3-1): ჰენესი - კელი, დანი, დელანი, სუარე - კაბაი (87. მატჩი), მაკარტური - ბოლაზი, პანჩონი (79. ლედლი), ზაჰა - საკო (65. ვიქჰემი)
გაფრთხილება: კლაინი - პანჩონი
კუთხური: 14-6 ჯარიმა: 7-6 თამაშგარე: 1-2 კარში დარტყმა: 22(4)-9(4) ბურთის ფლობა: 64%-36%
მაყურებელი: 44 115

არსენალი-ტოტენჰემი 1:1
გოლები: 0:1 კეინი (32), 1:1 გიბსი (77)
არსენალი (4-2-3-1): ჩეხი - დებიუში (77. არტეტა), მერტეზაკერი, კოშელნი, ნაჩო მონრეალი - კოკლენი, კასორლა (46. ფლამინი) - კემპბელი (74. გიბსი), იოზილი, სანჩესი - ჟირუ
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - უოკერი, ალდერვერელდი, ვერტონგენი, როუზი - დაიერი, ალი (82. მეისონი) - ლამელა (75. სონი), დემბელე, ერიკსენი (90+1. ონომა) - კეინი
გაფრთხილება: - ლამელა
კუთხური: 7-6 ჯარიმა: 12-17 თამაშგარე: 1-3 კარში დარტყმა: 10(4)-13(4) ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 60 060

ბომბარდირები: 12 - ჯეიმი ვარდი (ლესტერი); 7 - ოდიონ იგალო (უოტფორდი), რიად მაჰრეზი (ლესტერი), რომელუ ლუკაკუ (ევერტონი); 6 - სერხიო აგუერო (სიტი), ალექსის სანჩესი (არსენალი), ჯორჯინიო ვეინალდუმი (ნიუკასლი), გრაციანო პელე (საუთჰემპტონი), ჰარი კეინი (ტოტენჰემი), ოლივიე ჟირუ (არსენალი)

მომდევნო ტური
21 ნოემბერი:
უოტფორდი-მანჩესტერი, ვესტ ბრომვიჩი-არსენალი, ევერტონი-ასტონ ვილა, სუონსი-ბორნმუთი, ნიუკასლი-ლესტერი, ჩელსი-ნორვიჩი, საუთჰემპტონი-სტოკი, სიტი-ლივერპული

22 ნოემბერი:
ტოტენჰემი-ვესტ ჰემი

23 ნოემბერი:
კრ. პალასი-სანდერლენდი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული