ვინ ოხერია პრემიერლიგა?

AutoSharing Option

გუშინ მოგახსენებდით, რომ თუკი „ბლექპული“ შოტლანდიელ ვარსკვლავს ჩარლი ადამს გაყიდის, შემოსული თანხის ნაწილი მწვრთნელის იან ჰოლოუეის ჯიბეში წავა - ასე ყოფილა კონტრაქტი შედგენილი. ამ ცნობამ ინგლისში ხმაური გამოიწვია. მართალია ჰოლოუეი უკანონოს არაფერს აკეთებს, მაგრამ კითხვა, უნდა ერეოდნენ თუ არა მწვრთნელები ფეხბურთელებით ვაჭრობაში, სრული სერიოზულობით წამოიჭრა. წეს-კანონებში ცვლილება ლიგის მწვრთნელთა ასოციაციის აღმასრულებელმა შეფმა რიჩარდ ბივენმა მოითხოვა. მან თქვა:
„ჩვენ სტანდარტული კონტრაქტები უნდა შევიმუშაოთ. ყველაფერი მკაფიო უნდა იყოს. დღეს, კლუბებს თავიანთ მწვრთნელებთან ერთმანეთისგან განსხვავებული კონტრაქტები აქვთ გაფორმებული. ყველას აქვს უფლება კლუბის ხელმძღვანელებთან

დაჯდეს და ხელშეკრულებაში რაც მოეპრიანება ის ჩააწერინოს. ეს პრობლემაა. უნდა არსებობდეს კონტრაქტის სტანდარტული ფორმა“.
მაგრამ, იმის ხაზგასასმელად, რომ პირადად ჰოლოუეის არაფერს ერჩის, ბივენმა „ბლექპულის“ თავკაცი შეაქო: „ფაქტია, რომ ის ჩინებულად მუშაობს. ამ გუნდში ასეთი წარმატებისთვის რა ხანია არავის მიუღწევია“.

„ბლექპულის“ მწვრთნელის მხარდასაჭერად ხმა მეზობელი „ბოლტონის“ თავკაცმა ოუენ კოილმა ამოიღო:
„მე ფეხბურთელის გაყიდვიდან არაფერი მრჩება, კონტრაქტში ასეთი მუხლი არ მაქვს, მაგრამ ეს არაფერ შუაშია. ნებისმიერი სპეციალისტი გააფორმებს ისეთ ხელშეკრულებას როგორზეც გაურიგდება თავისი კლუბის ხელმძღვანელობას“.

შეფს მხარი „ბლექპულის“ ფეხბურთელებმაც დაუჭირეს. ზღვისპირელთა თავდამსხმელმა გერი ტეილორ ფლეტჩერმა განაცხადა:
„ჩვენს გუნდში არავის აქვს საწინააღმდეგო მწვრთნელმა ჩარლის გაყიდვის შემთხვევაში ორი კაპიკი რომ იშოვნოს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ჩვენ თავად ჩარლის გაყიდვა არ გვინდა. სხვათაშორის, ეს ყველაზე მეტად იანს არ უნდა და მაშ რაღა ფულის კეთებაზეა ლაპარაკი? როდესაც მწვრთნელი მოიყვანს ფეხბურთელს, გუნდს მოარგებს, კარგად აათამაშებს და შედეგებს მიაღწევს, ყველაზე დიდ შემოსავალს სწორედ მაშინ მიიღებს. და, მეორე მხრივ, როდესაც კაცი ამდენ რამეს აკეთებს, ფული რატომ არ უნდა დარჩეს?“

ბოლო დღეებში „ბლექპული“ კიდევ ერთ შარში გაეხვა - 25 ათასი ფუნტით დააჯარიმეს. პრემიერლიგის კლუბისთვის 25 ათასი ფუნტი შესაძლოა დიდი თანხა არ არის, მაგრამ აქ, პრინციპია მნიშვნელოვანი: რატომ დააკისრეს იან ჰოლოუეის გუნდს ჯარიმა? იმიტომ, რომ 10 ნოემბერს, „ასტონ ვილას“ წინააღმდეგ შესუსტებული შემადგენლობა ათამაშა. უფრო ზუსტად ასე იყო: წინა შეხვედრაში „ბლექპულმა“ „ევერტონთან“ 2:2 ითამაშა, „ასტონ ვილასთან“ კი 10 კაცი შეცვალა და... ბოლოწამს გაშვებული გოლის გამო 3:2 წააგო.

ჰოლოუეი ამტკიცებს, რომ რაკიღა პრემიერლიგამ შემოიღო წესი, რომლის თანახმადაც ყველა კლუბს განაცხადში უნდა ჰყავდეს მხოლოდ 25 ფეხბურთელი, მაშინ ნუღარ ჩაერევიან, ამ 25 კაციდან რომელ 11-ს ათამაშებს მწვრთნელი ამა თუ იმ შეხვედრაში.
„თუ მე დამსჯიან იმიტომ, რომ შესუსტებული შემადგენლობა ვათამაშე, სულ დავანებებ მუშაობას თავს. არ მაინტერესებს რას იტყვიან სხვები. ჩემი საქმისა მე ვიცი. საკითხს ასე დავაყენებდი: ვინ ოხერია პრემიერლიგა მუშაობა რომ მასწავლოს და შემადგენლობის ცვლილება მიკონტროლოს?“

მაგრამ, როგორც მოგახსენეთ, ჰოლოუეის ემოციური გამოსვლის მიუხედავად პრემიერლიგას ხელი არ აუკანკალდა და „ბლექპული“ 25 ათასით დააჯარიმა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული