სინდისი სინდისია?

AutoSharing Option

გასულ კვირაში, ინგლისში აგორებული სექსიზმის ამბავი მთელს მსოფლიოს მოედო. შეგახსენებთ, რომ მან Sky Sport-ის ორი ცნობილი წამყვანის, ენდი გრეისა და რიჩარდ კეისის სამსახური შეიწირა, შემდეგ კი ათასი კუდი და გაგრძელება ჰპოვა. სკანდალი ასე დაიწყო: ტელეჟურნალისტთა წყვილს ეგონა, რომ მიკროფონები გამორთული იყო და ქალ თანამსაჯზე სიან მესიზე ლაპარაკისას წამოროშა, ოფსაიდის წესი ისევე როგორც ზოგადად ქალებს კარგად მასაც არ ესმისო. ეს სიტყვები გრეისა და კეისს ქალების უფლებების შელახვად ჩაუთვალეს, რასაც საკუთრივ ტელეკომპანიის მხრიდან საკმაოდ თავისებური ქცევა მოჰყვა - თუკი ამ ორ კაცს

ეთერს მიღმა (თუმცა, ჩართული კამერების წინ) რაიმე უთქვამს ან უღლაბუცია, ყველაფერი საჯარო გახადა. ამიტომაც იყო, მთელი ოთხი დღე რომ ელოდნენ დაზაფრულ გრეის ყვითელი გაზეთების ჟურნალისტები მისი სახლის გარეთ.

 

ყოფილი ტელევარსკვლავი, რომელსაც წელიწადში 1,7 მილიონ ფუნტს უხდიდენ, მხოლოდ მეხუთე დღეს გამოვიდა შინიდან, მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად თავის „აუდი Q7“-ში ჩაჯდა და ისე, რომ ხმა არავის გასცა, სადღაც გაემგზავრა.

„სანი“ წერს, რომ გრეი გაუპარსავი იყო და დაღლილი ჩანდა. „სულ რაღაც ერთი კვირის წინ ის დიდი შემოსავლის მქონე ვარსკვლავი იყო, ახლა კი უმუშევარია, რომელიც არავის უყვარს“, - თქვა მავანმა მეზობელმა თუ გამვლელმა, რომელმაც შინიდან გამოსულ ჟურნალისტს თვალი მოჰკრა. 55 წლის ყოფილი ფეხბურთელის ახლო მეგობარმა ასე მოყვა:

„ამ დღეებში ენდი საწოლიდან არ დგებოდა და საჭმელიც, თითქმის, არ უჭამია. მას კიდევ არ სჯერა, რომ დაკარგა საქმე, რომელსაც მთელი 20 წლის განმავლობაში დიდი სიყვარულით ემსახურა.“

გრეის მდგომარეობა ოჯახის სხვა ახლობელმაც აღწერა: „ის საშინლად დათრგუნა მოპყრობამ, რომელსაც ბოლო დღეებში წააწყდა. მას მომავალზე არასდროს უფიქრია, ყველაფერი საათივით ჰქონდა აწყობილი.“

 

ამბობენ, რომ ენდი გრეი Sky Sport-ის წინააღმდეგ ჩივილს აპირებს. მას მიაჩნია, რომ სამსახურიდან უსამართლოდ გააგდეს და კომპენსაციის სახით 3 მილიონი ფუნტის მოთხოვნას აპირებს. საამისოდ „ევერტონისა“ და შოტლანდიის ნაკრების ყოფილი მოთამაშე ადვოკატებს ხვდება.

სად გადის სამართლიანობის ზღვარი? - ამ საინტერესო კითხვაზე საპასუხოდ შეგვიძლია კიდევ ერთი მაგალითი მოვიტანოთ. ამჯერად რიჩარდ კეისის შემთხვევა განვიხილოთ, უფრო სწორად კი მოვყვეთ, ხოლო განხილვა „ლელოს“ მკითხველისთვის მიგვინდია. საქმე „ლივერპულის“ ყოფილი ფეხბურთელის, ჯეიმი რედნაპის ოდინდელ მეგობარ გოგონას, ლუის გლესს ეხება. დღეს, რედნაპი, მოგეხსენებათ, ჟურნალისტია და Sky Sport-ში გამოდის. ეს ამბავიც, გადაცემის დაწყების წინ, ამ ტელეკომპანიის სტუდიაში მოხდა, სადაც ოთხი კაცი იჯდა, მათ შორის კეისი და რედნაპი. ლაზღანდარობისას სიტყვამ ლუის გლესი მოიტანა და კეისმა რედნაპს ჟარგონზე ჰკითხა მასთან სექსი ხომ გქონდაო. ვიმეორებთ, ჟურნალისტები გადაცემის დაწყებამდე დროს კლავდნენ. კეისმა მაგიდაზე ფეხებიც კი შემოაწყო. ეს კადრი (კამერა ჩართული იყო) საჯაროდ რომ არ ეჩვენებინათ, პრობლემა არ შეიქმნებოდა, მაგრამ კეისის  ცუდი ბიჭობის დასამტკიცებლად აჩვენეს და... რასაკვირველია, ქალი შეურაცხჰყვეს. დღეს ის „კერლისლ იუნაიტედის“ ოდინდელი მეკარის ჯიმი გლესის მეუღლე და ორი შვილის დედაა, სოფელ დორსეტში ცხოვრობს. რედნაპს „ბურნმუთში“ თამაშის წლებში (1989-1991) ხვდებოდა. 38 წლის ქალბატონი, ვექილებს დაეძებს, რათა რიჩარდ კეისს უჩივლოს.

როგორც ჩანს, ერთადერთი ადამიანი, რომელმაც კეისს გაუგო მისი მეუღლე ჯულია კეისია, რომელიც მასთან სტუმრად მისულ „ყვითელ ჟურნალისტებს“ ჩაით გაუმასპინძლდა და უთხრა, რომ მის ქმარს Sky Sport-ის ხელმძღვანელობა უსინდისოდ მოექცა.

„იმისათვის, რომ ეს ტელეკომპანია მსოფლიო რუკას კარგად დამჩნეოდა ჩემმა ქმარმა და ენდი გრეიმ ბევრი იშრომეს. შესაძლოა ვინმეს ისინი პიროვნულად არ მოსწონდეს, მაგრამ პროფესიონალიზმს ნამდვილად ვერავინ დაუწუნებს. ის რაც ეთერში აჩვენეს ბიჭების ლაზღანდარობა იყო და მეტი არაფერი.“

 

 

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული